მთავარი,სიახლეები

 მოტეხილობა და ქობულეთელი ხაბაზების მკურნალობის მეთოდი

22.02.2020 • 12932
 მოტეხილობა და ქობულეთელი ხაბაზების მკურნალობის მეთოდი

„თავიდან ბაბუაჩემს ძაღლი მიუყვანეს თურმე, ფეხმოტეხილი. ბაბუას უთქვამს, მაგას აგერ, ხასანი მიხედავსო… ბაბუას ახმედი ერქვა და მასთანაც ხალხი დადიოდა მოტეხილობით. მამაჩემს ის ძაღლი მოურჩენია და მერე მამასაც გაუთქვამს სახელი, მოტეხილობას ხასანი კურნავსო…“ – გვიყვება მაია ხაბაზი. იგი ქობულეთში და არა მხოლოდ აქ, მოტეხილობების ცნობილი მკურნალის – ხასან ხაბაზის შვილია. ხასან ხაბაზს სამედიცინო განათლება არ ჰქონდა, თუმცა რთული არ არის იპოვო პაციენტი, რომელსაც კიდურის მოტეხილობა ჰქონდა და გეტყვით, რომ ექიმის ჩარევის გარეშე მოარჩინა ხასანმა, ან მას შემდეგ, როცა ექიმები ვერაფერს გახდნენ.

სამი ძმისგან განსხვავებით, მაია ხაბაზს ექიმის პროფესია აურჩევია. „მამას თავიდან არ მოეწონა, ქალისთვის რთული საქმეაო, მაგრამ მერე კმაყოფილი იყო,“ – იხსენებს მაია ხაბაზი. იგი დღეს ქობულეთში ერთ-ერთ კლინიკაში ტრავმატოლოგად მუშაობს და ამბობს, რომ მედიცინის აპრობირებული მეთოდების პარალელურად ხშირად იყენებს ცოდნას, რაც მამისგან მიიღო. მაია ხაბაზს ამ მკურნალობის მეთოდზე ვესაუბრეთ, რომლის სხვადასხვა ვერსია ალბათ თქვენც მოგისმენიათ.

„სინამდვილეში განსაკუთრებული საიდუმლო არაფერი ჰქონდა,“ – ამბობს მაია ხაბაზი, – „ნიჭი ჰქონდა ისეთი, დღესაც ვერ ამომიხსნია… რომ შეხედავდა რენტგენს, ზუსტად იცოდა, რა უნდა ექნა და პაციენტსაც რომ ეტყოდა, ამდენ დღეში გაივლი ფეხზეო, ისე ხდებოდა. მამა თაბაშირსაც არ იყენებდა, ამზადებდა არტაშანს და იმას ადებდა.

მამას საიდუმლო მხოლოდ მალამო იყო, რომელსაც დღეს მისი შვილები ვამზადებთ და მკურნალობის დროს ვიყენებთ, შეხორცებისთვის არის კარგი. ამ საიდუმლოს დღემდე ვინახავთ. მამამ სიკვდილის წინ დაგვიბარა, ამ მალამოს თუ გაყიდით, ფასი დაეკარგებაო. არც გაგვიყიდია,“ – იხსენებს მაია ხაბაზი.

მამის კვალს გაჰყვა ხასან ხაბაზის კიდევ ორი შვილი, თუმცა მათ სამედიცინო განათლება არ აქვთ. მაიას დაკვირვებით, ხასან ხაბაზის ნიჭს ხალხი ახლაც ენდობა და პაციენტებს ზოგჯერ ისიც იღებს სახლში.

„…ყველამ იცის, რომ ხასანის შვილი ვარ. უფრო ამის გამო მოდიან ჩემთან. ბავშვობიდან ვუყურებდი რენტგენის სურათებს და ძალიან მაინტერესებდა… მამასთან ცოცხალი რიგი იდგა, ხალხი პატივს სცემდა და მეც ეს მომწონდა. ბავშვობიდან ვეხმარებოდი. როცა ფეხს შეუკრავდა ვინმეს, ბინტს მომცემდა ხელში და რაღაცას დამავალებდა. მთავარია, არ შეგეზაროს პაციენტთან ურთიერთობაო, მეტყოდა.

ვის არ ნახავდი ჩვენთან. მახსოვს, ერთხელ ქალი მოიყვანეს, ხერხემალი ეშლებოდა და მამამ მკურნალობა დაიწყო. ერთ დღესაც იმ ქალს ვიღაც მოჰყვა, ძმა თუ ქმარი არ მახსოვს და მამას იარაღი დაადო შუბლზე, ვერც ერთმა ექიმმა ხელი ვერ მოჰკიდა და შენ რას აკეთებო. მამამ უთხრა, თუ მაცლით, მინდა, ფეხზე დავაყენოო… მერე ის ქალი თავისი ფეხით მოვიდა, ცისანა კორკოტაძე ერქვა და ტომრით მოიტანა ფული. მამამ ტომრიდან მხოლოდ ორი კუპიურა ამოიღო, მეტი მე არ მეკუთვნისო და იმ ქალს უკან გაატანა,“ – გვიყვება მაია ხაბაზი.

როგორია ხასან ხაბაზის მეთოდებით მუშაობა დღეს, როცა სხვადასხვა ახალი ტექნოლოგია შემოვიდა, მათ შორის, ტრავმატოლოგიაში?

„ვთანამშრომლობთ სხვა ექიმებთანაც… მთავარია, რაც შენი საქმე არაა, არ მოჰკიდო ხელი, შეგნებულად არ დააშავო… მამა ამბობდა და ასეცაა, დღეს ექიმებს არ აქვთ სათანადო პრაქტიკა. მეც, როცა ინსტიტუტი დავამთავრე და პოლიკლინიკაში პირველ პაციენტს ვუმკურნალე, მოვიდა რამდენიმე დღეში იგივე პაციენტი და წყლულები ჰქონდა, გავიქეცი მამასთან. მითხრა, რამ შეგაშინა, ეს ალერგიაა, „სუპრასტინი“ დაალევინეო…“ – იხსენებს მაია ხაბაზი.

ექიმობას და იმავდროულად ხასან ხაბაზის ტრადიციის გაგრძელებას ოჯახის ახალი თაობის წარმომადგენლებიც აპირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: