მთავარი,სიახლეები

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტს ისევ დააგებენ, შემდეგ დახაზავენ ზებრა გადასასვლელებს

28.04.2026
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტს ისევ დააგებენ, შემდეგ დახაზავენ ზებრა გადასასვლელებს

„წვიმიანმა ამინდებმა არ მოგვცა აქამდე ასფალტის დაგების საშუალება, მაისის თვეში მოწესრიგდება ასფალტის საფარი და შემდეგ დაიხაზება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ არ მოეწყო ზებრა გადასასვლელები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, იგივე ხელვაჩაურის გზაზე?

ამ გზაზე რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს, დაახლოებით 70 კაცი დაიღუპა – კაცი სახლიდან დღისით გადადიოდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს დაეჯახა მას მსუბუქი ავტომანქანა…

„ზებრა გადასასვლელი რომ ყოფილიყო, იქნებ ეს კაცი გადარჩენილიყო. ზებრა გადასასვლელის დახაზვა რა გახდა? ძლივს გააკეთეს ეს ქუჩა, ყველამ იცის ეს ამბავი. რა გააკეთეს „გუთენთრაკენის“ მეთოდით, მაგასაც ყველა ვხედავთ: დაზიანებული ქუჩა, ტროტუარები ფაქტობრივად აღარ გვაქვს.

გარდა ამისა, მთელ ქუჩას ისე ჩაივლი, ზებრა არ შეგვხდება… სად უნდა გადახვიდე? ყველგან დასახლებული პუნქტია და მუდმივად ინტენსიურად მოძრაობენ ავტომანქანები,“ – გვითხრეს დაბა ხელვაჩაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სულ 4 ზებრა გასასვლელია. ეს ქუჩა აჭარის მაღალმთიანეთში მიმავალი ცენტრალური გზის მონაკვეთია და დაახლოებით 7 კილომეტრი სიგრძისაა. ზებრა-გადასასვლელები რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არასაკმარისია, ეს გზების დეპარტამენტში, ანუ მთავრობაშიც წლებია იციან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ასფალტის დაგებას კიდევ ერთხელ აპირებენ.

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდა. 2 წელიც კი არაა გასული სამუშაოების დასრულებიდან.

„ასფალტი ხელახლა დაიგება?“ – მივწერეთ გზების დეპარტამენტის პრესცენტრს და მეტი დეტალის გარკვევა ვცადეთ.

„კი, განახლდება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან და განმარტეს, რომ ცალკე ტენდერი არ ჩატარდება და მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში განახლდება ხელვაჩაურის გზა.

„სეზონურად საჭიროებისამებრ მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება ასფალტის საფარის მოწესრიგება. სამუშაოების ფასი დადგინდება მათი დასრულების შემდეგ,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

2024 წელს დასრულდა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია. აქვს დეპარტამენტს შეფასება შესრულებული სამუშაოების ხარისხზე? რატომ დარჩა წელს საჭირო ისევ განახლება და ახალი საფარის დაგება? – ამჯერად გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ბათუმი

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ახალციხის გზის ნაწილია. „ბათუმელები“ 2023 წლის დეკემბერში წერდა, რომ ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე იყო გაფორმებული.

ამავე თემაზე: ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში

შპს „ერ ტე დე“ ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ამ კომპანიამ, კონკრეტულად კი, ჟურნალისტ ბექა ყორშიას ჟურნალისტური ნამუშევრით „გუთენთრაქენის მეთოდზე“.

კომპანიამ „ერ ტე დე“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც ახალდაგებული ასფალტის ნაწილი იმავე 2023 წელს აყარა და ხელახლა დააგო. გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 16-ჯერ შევიდა. 2023 წლის 15 დეკემბრის ცვლილებით კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [ვიდეო]

„ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ის „ოცნების“ შემწირველიცაა.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ 2025 წლის არქივიდან. 

__

ამავე თემაზე:

ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია – როდის დასრულდება სამუშაოები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: