Batumelebi | „შენი იდეა ბათუმს“ – 71 იდეას საბჭო განიხილავს „შენი იდეა ბათუმს“ – 71 იდეას საბჭო განიხილავს – Batumelebi
RU | GE  

„შენი იდეა ბათუმს“ – 71 იდეას საბჭო განიხილავს

იდეების რეგისტრაცია პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“ 30 სექტემბერს დასრულდა. მოქალაქეებმა ვებგვერდზე: www.idea.batumi.ge 71 იდეა დაარეგისტრირეს.

ბათუმში ცვლილებების მსურველმა მოქალაქეებმა წინა წლებთან შედარებით წელს პროექტში ბევრად მრავალფეროვანი იდეები წარადგინეს.

ამ დროისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო იდეების ანალიზზე მუშაობს.

პროექტის ფარგლებში შემოსულ იდეებს სპეციალური საბჭო განიხილავს.

პროექტის ფარგლებში შემოსულ იდეებს სპეციალური საბჭო განიხილავს.

საბჭო შედგება მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელების, საკრებულოდან მოწვეული წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

საბჭო ანალიზისას მსჯელობს იდეების სამართლებრივ შესაბამისობაზე.

საბჭო განიხილავს, რამდენად შეესაბამება რეგისტრირებული იდეები წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის:

  • იდეით გათვალისწინებული ღონისძიებები არის თუ არა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში
  • ინფრასტრუქტურული იდეების შემთხვევაში არის თუ არა ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
  • წარმოდგენილი პროექტის განხორციელება დაგეგმილია თუ არა ბათუმის მუნიციპალურ ტერიტორიაზე
  • ხომ არ ატარებს პროექტი კომერციულ ხასიათს და ა.შ.

„შენი იდეა ბათუმს“ – 71 იდეას საბჭო განიხილავს

„შენი იდეა ბათუმს“ – 71 იდეას საბჭო განიხილავს

„საბჭომ იდეების ანალიზისთვის პირველად შეკრებისას წარმოდგენილი იდეები დაყო იმის მიხედვით, თუ რომელი იდეა მერიის რომელმა სამსახურმა უნდა განახორციელოს.

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით საბჭო განიხილავს, რომელი იდეა გადავა კონკურსის შემდგომ ეტაპზე.

შერჩეულ იდეებს განიხილავენ შესაბამისი სამსახურები და დაეხმარებიან პროექტის ავტორს მის დახვეწასა და ფინანსურ დასაბუთებაში.

ასევე, შედგება პროექტების ხარჯთაღრიცხვა და დაზუსტდება იდეის განხორციელების ზუსტი ადგილმდებარეობა, პროცედურული შეფერხება რომ არ წარმოიქმნას.

იდეების ანალიზი 14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე გადასული პროექტები კი 15 ნოემბერს აიტვირთება ვებპლატფორმაზე idea.batumi.ge“- ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ედნარ ნატარიძე.

საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული იდეები ვებპლატფორმაზე განთავსებისთანავე ხმის მიცემის ეტაპზე გადავა. ხმის მიცემის პროცესში მოქალაქეები ჩაერთვებიან და გამარჯვებულ იდეებს გამოავლენენ.

გამარჯვებული პროექტები ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდება.

გაიმარჯვებს ის პროექტები, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ, რიგითობის მიხედვით, ფინანსური რესურსის ამოწურვამდე. დათქმულია მინიმალური კომპეტენცია – ხმის მიცემის პროცესში ჩართული მოქალაქეების არანაკლებ 20%-მა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი იდეას, რომ გამარჯვებულად ჩაითვალოს.

იდეებისთვის ხმის მიცემა მოქალაქეებს 15 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

გამარჯვებული იდეები გათვალისწინებული იქნება შემდეგი წლის ბიუჯეტში, შესაბამისად, 2021 წლის გამარჯვებული იდეები 2022 წელს განხორციელდება. შემდეგ კი, როგორც ყველა საბიუჯეტო პროექტის შემთხვევაში ხდება, იდეების განსახორციელებლად შესყიდვების პროცედურები დაიწყება.

„შენი იდეა ბათუმს“ – იდეების განხილვა ბათუმის მერიაში

„შენი იდეა ბათუმს“ – იდეების განხილვა ბათუმის მერიაში

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის „შენი იდეა ბათუმის“ საბჭოს წევრი თეონა დიასამიძე ამბობს, რომ წელს დარეგისტრირებული იდეები მრავალფეროვანი და შინაარსიანია.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი ყოველწლიურად ხორციელდებოდეს, ეს უწყობს ხელს მონაწილეობის კულტურის გაზრდას და მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

„პროექტს არჩევნების პროცესსაც შევადარებდი, რადგან გამარჯვებულმა იდეამ უნდა მოიპოვოს ხმების რაოდენობა, დაარწმუნოს მოქალაქეები, უბნის მცხოვრებლები იდეის უნიკალობასა და მისი მხარდაჭერის აუცილებლობაში,“ – ამბობს თეონა დიასამიძე.

წელს კონკურსზე წარმოდგენილი იდეების დიდი ნაწილი ეხება კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ საკითხებს, კეთილმოწყობას, შშმ პირთა ინკლუზიასა და გარემოს ადაპტაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ნარჩენების მართვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სკოლამდელ, არაფორმალურ და პროფესიულ განათლებას, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, გამწვანებას, კოვიდ19-ით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებას.


„შენი იდეა ბათუმს“ – ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ, რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. პროექტს ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI Georgia) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

გამოგვყევით: Facebook: www.facebook.com/idea.batumi.ge

Instagram: www.instagram.com/idea.batumi.ge

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი