განათლება,მთავარი,სიახლეები

რატიანი: დიპლომირებული პედაგოგი გამოცდაზე 1 და 2 ქულას არ უნდა იღებდეს

10.09.2019 • 10285
რატიანი: დიპლომირებული პედაგოგი გამოცდაზე 1 და 2 ქულას არ უნდა იღებდეს

მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციისა და პროფესიული უნარების გამოცდაში მეორე ეტაპი გამოცხადდა. პედაგოგებსა და მაძიებლებს, ვინც ზაფხულის გამოცდაზე ვერ შეძლო კომპეტენციის დადასტურება, შესაძლებლობა აქვთ, გამოცდაზე მეორედ  გავიდნენ. რამდენმა პენსიონერმა პრაქტიკოსმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება, რამდენმა ვერ გადალახა ზღვარი და რატომ დარჩა საჯარო სკოლებში ვაკანსიები – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი საუბრობს.

  • ქალბატონო მანანა, ზაფხულის საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდაზე ბევრი პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი გავიდა. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამდენმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება და რამდენმა ვერა?

გამოცდების შედეგები ასაკის მიხედვით ჩაშლილი არ გვაქვს, თუმცა ამას მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ გავაანალიზებთ. ამ ეტაპზე პენსიონერ მასწავლებლებს საშუალება აქვთ გააგრძელონ მუშაობა. 31 იანვრამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ სკოლაში დარჩენა. იქნება ჯილდოზე გასვლის მეორე ეტაპიც. ვნახოთ, რამდენი დაწერს იანვარში ჯილდოზე განცხადებას, ამით გავიგებთ, დაძლიეს თუ არა მათ გამოცდის ბარიერი.

  • ზაფხულის გამოცდის შედეგები აჩვენებს, რომ 70-მა პროცენტმა ვერ გადალახა კომპეტენციის ზღვარი. იყო კატეგორია, ვინც მიიღო 0,1,2,3 და ათზე ნაკლები ქულა. როგორც ფიქრობთ, რაშია პრობლემა, შეიძლება პედაგოგმა ან მაძიებელმა, რომელსაც გავლილი აქვს 60-კრედიტიანი პროგრამა, გამოცდაზე ათზე ნაკლები ქულა მიიღოს?

ეს აჩვენებს იმას, რომ პროფესიაში შესვლისთვის სწორი ფორმა გვაქვს შერჩეული. სხვა შემთხვევაში, სკოლებს ვერ დავაზღვევთ ნაკლებკვალიფიციური კადრების შესვლისგან.

60-კრედიტიანებთან იმ ადამიანებს, ვინც კვალიფიკაცია ვერ დაადასტურა, ვერ დავაკავშირებ, რადგან ამ პროგრამის გავლა წინაპირობაა, რომ მათ 10 კრედიტზე უნდა ჰქონდეთ გამოცდა ჩაბარებული. ის, რომ 1 და 2 ქულა მიიღეს გამოცდაზე, ვფიქრობ, დიპლომირებული ადამიანი არ უნდა იღებდეს ასეთ დაბალ შეფასებას. აქ უნივერსიტეტის პრობლემაცაა. შეიძლება იყო კომპიუტერის ფაქტორი, სტრესი და ალბათ, არაკომპეტენტურობისაც.

  • რომელი კატეგორიაა ის, ვინც ათზე ნაკლები ქულა დააგროვა?

ალბათ, ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში მუშაობენ. ამავდროულად, ჩვენ გვყავს უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, რომლებიც ასევე აბარებდნენ გამოცდას იმიტომ, რომ მათ სხვა საგნის სწავლებაც უნდათ სკოლაში და ამ შემთხვევაში, ცოტა განსხვავებული სურათი იყო. უფროს მასწავლებლებს უფრო მაღალი შედეგები ჰქონდათ. გარდა ამისა, მოქმედ მასწავლებლებს ამ გამოცდაზე ჰქონდათ  ნაწილობრივი კრედიტქულების დაგროვების საშუალება, შემსვლელ მასწავლებლებს კი – არა. მათ 60 პროცენტზე მეტი  ქულა უნდა დაეგროვებინათ. აქედან გამომდინარე, შედარებით დაბალი პროცენტი ალბათ ამის მაჩვენებელია.

ის ადამიანები, ვინც მიზნად ისახავენ სკოლაში შესვლას, იანვარში მეორედ შეძლებენ გამოცდაზე გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, მანამდე კი ალბათ სწორად გაანალიზებენ, რაში სჭირდებათ დახმარება.

  • პენსიონერი პედაგოგების პროფესიიდან გასვლის კამპანიის დროს ითქვა, რომ ეს იქნებოდა შესაძლებლობა სკოლაში ახალგაზრდა კადრები მიეზიდათ. ამ გამოცდების შემდეგ რეალურად ვიღებთ იმ სურათს, რასაც სამინისტრო გაზაფხულზე აანონსებდა?

მე მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა სკოლაში მაძიებლად დაიწყებენ მუშაობას და იმუშავებენ მიზანმიმართულად, შეძლებენ  საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას ორი წლის მანძილზე და ამაში ჩვენც დავეხმარებით. სხვა შემთხვევაში, ისინი სკოლაში ვერ დარჩებიან. ხელფასებისა და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდამ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ბევრად უფრო მაღალკვალიფიციური მოსწრების ახალგაზრდები დაინტერესდნენ სკოლით.

პირველი ეტაპისთვის ცუდი შედეგი არ არის, რადგან გამოცდაზე გასული 9 ათასამდე ადამიანიდან 26 პროცენტს სკოლაში შესვლის საშუალება აქვს.

  • არიან ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გასაუბრება ფორმალურ სახეს ატარებს. რამდენად გამჭვირვალეა პროცესები და თუ არსებობს ნეპოტიზმის, ახლობლობის ნიშნით კადრების შერჩევის რისკი?

ძალიან რთულია 2 650 ადამიანზე თქვა, რომ ყველა რაღაც არასწორი გზით შემოვიდა. ვფიქრობ, სკოლა დაინტერესებული იყო, რომ კვალიფიციური კადრები მიეღო და, პირველ რიგში, აქცენტი გააკეთა სწორედ ამ პირების კვალიფიციურობაზე. როცა ერთ განაცხადზე 70 კაცი მოდის, 69 უკმაყოფილო დარჩება. მე, პირადად, ვნახე არაერთი სკოლა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა პირობების შექმნას, როცა კვალიფიციურ ადამიანს ხედავდა.

  • როცა თანაბარი შანსები აქვთ კანდიდატებს, ვის სასარგებლოდ კეთდება არჩევანი?

ცოტა ხანში ჩვენ გვექნება სრული სურათი, რამდენი მაძიებელი მიიღეს კონკურსით და მერე უკვე გიპასუხებთ ამ კითხვაზე. ფაქტია, რომ ქალაქებში უფრო მეტად გააკეთეს აქცენტი კვალიფიციურ კადრებზე იმიტომ, რომ კონკურენცია მაღალი იყო, მაგრამ რაიონებში შესაძლებელია არჩევანი უფრო ახალგაზრდა კადრებზე გაკეთდა.

ჩვენ უფრო მეტი მაძიებელი გვყავს რეგიონის სკოლებში, სოფლის სკოლებში და ნაკლები – ქალაქში.

  • პედაგოგს შესაძლებლობა აქვს ორ საგანში დაადასტუროს კომპეტენცია. როცა გამოცდილი პედაგოგი და მაძიებელი დგას კონკურენციაში, ეს ხომ ამცირებს ახალი კადრების შესვლის შანსს?

საათებზე სამინისტროს მხრიდან არის შეზღუდვა დაწესებული, 25 საათზე მეტი მასწავლებელს არ უნაზღაურდება. თუმცა აქ შეზღუდვას ვერ დავაწესებდით, რადგან არის საგნები, რომელთა დატვირთვა არის 10 ან 12 საათი და, შესაბამისად, მასწავლებელმა სრულად რომ აიღოს დანამატი, შესაძლებლობა აქვს გავიდეს სხვა საგანზე და ამით მოიპოვოს დამატებითი საათი.

ჩვენი მიზანია ადამიანი იყოს კომპეტენტური იმ საგანში, რასაც ასწავლის, ეს იქნება არსებული კადრი თუ ახალი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

  • დაახლოებით მაინც თუ ვიცით, რამდენი ახალი კადრი შევიდა სკოლაში კონკურსის გზით?

2 650  კადრი შევიდა ამ ეტაპზე სკოლაში, თუმცა აქ არიან ის პირებიც, ვინც სკოლა შეიცვალა. კიდევ დარჩენილია 1500 ვაკანსია, სადაც 14-15 სექტემბერს ჩატარდება გასაუბრება.

  • რატომ დარჩა ამდენი ვაკანსია, მოთხოვნა ხომ არსებობს?

ის ვაკანსიები დარჩა, სადაც არ მივიდნენ კადრები ან ვერ შეარჩიეს კვალიფიციური კადრები. ზოგიერთ სკოლაში ადგილობრივმა კადრებმა დატოვეს სკოლა და გაიუმჯობესეს პირობები.

  • ვინც კრედიტების დასაგროვებლად გავიდა საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე, იქ რა ვითარება გვაქვს?

სექტემბრის ბოლოს გვექნება სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი იცვლის სტატუსს. ნაწილზე, ვისაც გამოცდის გარეშე ჰქონდა სტატუსზე წარდგენილი განაცხადი, ბრძანება მზადდება. სულ 4 ათასზე მეტია ის პედაგოგი, ვინც უფროსს ზემოთ იცვლის სტატუსს და არ სჭირდება გამოცდის შედეგი. გამოცდის შედეგი ვისაც სჭირდება სტატუსის შესაცვლელად, მათი რაოდენობა აპელაციების შემდგომ გვეცოდინება.

  • როდის იქნება საბოლოო ანალიზი იმ პროცესების, თუ რა შედეგი გამოიღო პენსიონერი პედაგოგების პროფესიიდან გასვლამ, საგნობრივი გამოცდების და ახალი კადრების  სკოლაში შესვლამ?

 როდესაც პედაგოგებს ახალ სტატუსებს მივანიჭებთ და ვაკანსიებიც შეივსება, გამოჩნდება, სად დაგვრჩა დეფიციტი. ალბათ, ოქტომბერში გვექნება საბოლოო სურათი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: