განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებელი: დამრჩა განცდა, რომ სკოლის კონკურსები ფორმალურია

09.09.2019 • 4201
მასწავლებელი: დამრჩა განცდა, რომ სკოლის კონკურსები ფორმალურია

გიორგი არობელიძეს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია აქვს. მან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი  პროგრამა გაიარა, რის შემდეგაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. როგორც გიორგი არობელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ჩაბარებული აქვს პედაგოგის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდაც.

პენსიონერი მასწავლებლების ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლის შემდეგ საჯარო სკოლებში ვაკანსიები გაჩნდა. ვაკანსიები ჰქონდათ გამოცხადებული ბათუმის საჯარო სკოლებსაც.

როგორც გიორგი არობელიძემ გვითხრა, ვაკანსიის დასაკავებლად მან ბათუმის სამ საჯარო: მე-2, მე-8 და 28-ე სკოლაში შეიტანა განაცხადი.

„განაცხადი შევავსე სპეციალურ პორტალზე და ველოდი შეტყობინებას გასაუბრებაზე, თუმცა 28-ე სკოლა საერთოდ არ გამოვიდა კონტაქტზე. მე-8 სკოლაში როცა მივედი გასაუბრებაზე და თავი წარვუდგინე, ამის შემდეგ ველოდებოდი, როდის დამისვამდნენ კითხვებს კომისიის წევრები, თუმცა კითხვები არ დამისვეს. საკმაოდ დიდი ხანი იყო უხერხული სიჩუმე და შემდეგ ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა კითხვები. გამიჩნდა განცდა, რომ მაინც და მაინც არც აინტერესებდათ რას ვიტყოდი და კანდიდატიც უკვე შერჩეული ჰყავდათ,“ – გვითხრა გიორგი არობელიძემ.

გიორგი ამბობს, რომ მერვე სკოლიდან უარყოფითი პასუხი მიიღო. ასეთივე პასუხი მიიღო ბათუმის მეორე საჯარო სკოლიდან, საიდაც მისი თქმით, უკეთესი მოლოდინი ჰქონდა.

„მე-2 სკოლის გასაუბრების შედეგები გავასაჩივრე. საპრეტენზიო კომისიას მივწერე აეხსნათ უარის საფუძველი. ასევე მაინტერესებდა იმ ადამიანის კვალიფიკაცია, ვინც გასაუბრების შედეგად აარჩიეს, თუმცა არ მომწერეს. მომწერეს, რომ კომისია ხუთპუნქტიანი გეგმით ხელმძღვანელობდა, მე-4 პუნქტი იყო გაკვეთილის გეგმის წარდგენა და მე-5 საკანონმდებლო ბაზის ცოდნა. ამ ორ პუნქტში მქონდა უარყოფითი შეფასება“.

გიორგი არობელიძე ამბობს, რომ ხუთი გაკვეთილის გეგმა ჰქონდა მომზადებული, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ არ მიიჩნია საჭიროდ სამოდელო გაკვეთილის ჩვენება.

„საკანონმდებლო ბაზას რაც შეეხება, მივწერე, რა მკითხეთ და ვერ გიპასუხეთ-მეთქი. ვნახოთ, რას მომწერენ. მე მაინც მაქვს განცდა, რომ წინასწარ ჰყავთ შერჩეული კანდიდატები და გასაუბრებას აქვს ფორმალური სახე,“ – მიიჩნევს გიორგი.

„ბათუმელები“ იმ სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რომლებშიც გიორგი არობელიძე იღებდა გასაუბრებაში მონაწილეობას.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ თქვა, რომ კონკურსანტს უარის მიზეზი ოფიციალურად მისწერეს: „კვალიფიკაციას აკმაყოფილებდა, თუმცა გასაუბრების კრიტერიუმებს რაღაც თვალსაზრისით ვერ აკმაყოფილებდა.“

დირექტორის თქმით, ყველა ვაკანსიაზე უკვე შეარჩიეს ახალი კადრები, „ძირითადად უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, ისინი, ვისაც ჰქონდათ მუშაობის გამოცდილება,“ – ამბობს მარიზა აბაშიძე.

მისი თქმით, კონკურსში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგალითად, ისტორიის ვაკანსიაზე 53 მსურველი იყო, სამოქალაქოში განათლებაში – 27 . „ავიყვანეთ უფროსი მასწავლებელი მთვარისა კვირკველია, რომელსაც აქვს სამუშაო გამოცდილება,“ – ამბობს სკოლის დირექტორი. ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სულ 15 ვაკანსია იყო გამოცხადებული.

28-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩხეიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისია იმ კანდიდატებს დაუკავშირდა გასაუბრებისთვის, ვინც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. სკოლაში ორი ვაკანსია იყო და როგორც დირექტორი ამბობს, ორივეზე გამოცდილი კადრი დაასაქმეს.

მე-8 სკოლაში 12 ვაკანსია იყო გამოცხადებული, აქედან ათი  – მასწავლებლის. სკოლის დირექტორი, გივი ხალვაში ამბობს, რომ გასაუბრებაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა „როგორც  ვიცი, პრეტენზიები გასაუბრებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ახლებიც ავიყვანეთ და გამოცდილებიც. მაკა ხინთიბიძე ავიყვანეთ სამოქალაქო განათლებაში“.

გიორგი არობელიძე კი ამბობს, რომ ელოდება პროგრამის დაწყებას „ასწავლე მომავალი საქართველოსთვის“ და იმედოვნებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მაინც შეძლებს სკოლაში მუშაობის დაწყებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: