სიახლეები

ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მომავალი ბათუმში

09.10.2015 • 4803
ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მომავალი ბათუმში

კლასები 30-30 მოსწავლითაა დაკომპლექტებული. ამდენივე ბავშვი ზის მე-7 კლასშიც, სადაც მათემატიკის გაძლიერებული გაკვეთილი ტარდება. „გაძლიერებული სწავლება“, როგორც პედაგოგი ამბობს, პირველ რიგში, საათების რაოდენობაში გამოიხატება. თუ სხვა სკოლაში მათემატიკას კვირაში ორი საათი ეთმობა, აქ ხუთი საათია დათმობილი. გარდა ამისა, პედაგოგი ამბობს, რომ ისინი გრიფირებული სახელმძღვანელოს გარდა, დამატებით სხვა ავტორებს, მაგალითად, ნურკის სახელმძღვანელოსაც იყენებენ. „გვაქვს პროექტორი პრეზენტაციისთვის, ვაწყობთ ჭიდილებს, ბავშვებს მოაქვთ მოძიებული მასალები“ და ა.შ. 

მათემატიკოსობას რამდენი აპირებთ? – ვეკითხებით მოსწავლეებს. ხელს ექვსი ბავშვი წევს. 11 წლის დავით ხარაზი, რომელიც მათემატიკურ სკოლაში ბათუმში ქობულეთიდან დადის, გვეუბნება, რომ მეცნიერება მოსწონს და მომავალში ამ გზით უნდა წავიდეს: „ხალხს მინდა დავეხმარო, ამიტომ მინდა მეცნიერი გამოვიდე. ჩვენ განათლებული თაობა გვჭირდება, რომ გამოგონებები, აღმოჩენები გავაკეთოთ.“ დათოს აზრით, „გამოთვლების გარეშე კი ვერაფერს გააკეთებ“.  „დედამ მითხრა, რომ აქ ლექტორები ასწავლიან, თუმცა ნათქვამს ნანახი ჯობია“, – ამბობს ის.

ლუკა წითელაძეც მეშვიდეკლასელია. მათემატიკა მასაც ძალიან უყვარს, უფრო მეტი სიყვარულით კი ფიზიკაზე გვესაუბრება. „ბებია მყავს ფიზიკოსი და ცდების გაკეთებაში მეხმარება ხოლმე. სათამაშო რობოტი მაქვს სახლში გაკეთებული. ძრავისგან კი პატარა მოტოციკლი შევქმენი. სკოლაში არ მომაქვს, რომ არ გამიფუჭდეს“, – ამბობს ლუკა.

მათემატიკის გაკვეთილიდან ფიზიკის გაკვეთილზე გადავინაცვლეთ. მასწავლებლის მაგიდაზე კოლბები და სხვა ხელსაწყოები აწყვია. დაფაზე კი მოსწავლე ფორმულებს ადგენს. თემა ერთ-ერთ ფიზიკურ მოვლენას – დიფუზიას ეხება.

მოსწავლეები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მიიღონ მოლეკულების შერევით თავისუფალი ან იძულებითი დიფუზია. ერთი მოსწავლე ამბობს, რომ ცდა სახლში წყლისა და შაქრის შერევით ჩაატარა, საკლასო ოთახში კი ამ მოვლენის შესასწავლად წყალსა და შაბიამანს იყენებენ. თავისუფალი დიფუზიის მიღებას დაახლოებით 22 საათი სჭირდება, რადგან მოსწავლეებს ამდენი დრო არ აქვთ, იძულებით დიფუზიას მიმართავენ.

კლასში ფიზიკის პედაგოგი თამაზ ბერიძე მუშაობს. გაძლიერებული პროგრამებისა და დამოუკიდებელი ცენტრის არსებობის მიუხედავად, პედაგოგი მიიჩნევს, რომ ფიზიკა-მათემატიკის, განსაკუთრებით კი ფიზიკის მიმართულებით, მაინც რთული ვითარებაა.

პედაგოგის აზრით, საჯარო სკოლებში იმდენად ცოტა დრო ეთმობა ამ საგნების სწავლებას, რომ მისგან რეალურ შედეგებს ნაკლებად უნდა ველოდეთ. პედაგოგი სასწავლო სახელმძღვანელოებში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს, რომელიც კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას იწვევს ამ საგნის.

„ფიზიკის სწავლების მხრივ რთულია ვითარებაა. ერთ მაგალითს მოვიყვან. თბილისში კონფერენციაზე ვიყავით, რომელსაც პროფესორი ესწრებოდა. გამოდის ერთი ბავშვი და წერს, ვთქვთ q მუხტი შეფარდებული რაღაცასთან და ა.შ. მეორე მოსწავლე გამოდის და მუხტს აღნიშნავს Q დიდით, მესამე – ორთქლად ქცევის კუთრი სითბოს აღნიშნავს დიდი L-ით, მეოთხე მოსწავლე იმავე სიდედეს – r პატარათი. გაგიჟდა პროფესორი. ერთ ქვეყანაში, ერთი და იმავე სისტემის სკოლებში ასე განსხვავებულად რატომ ისწავლება ფიზიკაო. ეს იმის ბრალია, რომ სკოლები სხვადასხვა ავტორით გადიან პროგრამას.

ასეთ სახელმძღვანელოებს გრიფი არ უნდა მიენიჭოს. მთელ მსოფლიოში მუხტს m პატარათი აღნიშნავენ, ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც ასეთი გაუგებრობებითაა სავსე სახელმძღვანელოები”, – ამბობს პედაგოგი.

თამაზ ბერიძე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ სხვა ხარვეზებზეც საუბრობს: „მე-11 კლასის პროგრამის 90 პროცენტი სააბიტურიენტო მასალებს არ შეიცავს. ჩვენ ბევრჯერ დავსვით განათლების სამინისტროში კითხვები, მაგრამ, ჯერჯერობით, მათ პასუხი არ აქვთ“.

პედაგოგის აზრით, ფიზიკა-მათემატიკით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა ბათუმში ბევრია და თუ სახელმწიფო ამ სფეროების განვითარებაზე მეტ რესურსს ჩადებს, წლების შემდეგ, ამ სფეროებში კვალიფიციური კადრების დეფიციტი აღარ იქნება.

„ბავშვებიც სწორედ უნდა შეირჩეს. ნიჭიერი მოსწავლეები უნდა ავარჩიოთ, ბავშვს უნდა უნდოდეს სწავლა და არა – მშობელს. ლაბორატორიებიც არ არის საკმარისი, გაუმჯობესება აუცილებელია. ცდის გარეშე მოსწავლეს ფიზიკას ვერ ასწავლი. ეს აუცილებლად ზერელე იქნება და ფორმულების გაუაზრებელი დაზეპირება გამოგვივა“.

პედაგოგი ამბობს, რომ არათანმიმდევრული სწავლების გამო მოსწავლეებს მასა და ნივთიერება ერთმანეთში ერევათ. „ალუმინი ჰგონიათ მასა, მაშინ როცა ალუმინი არის ნივთიერება, მასა კი განყენებული სიდიდეა. მოსწავლეს არ უსწავლია ძალა, განვლილი მანძილი და სწავლობს მუშაობას, ასეთი მეთოდით ვერასოდეს ვისწავლით ფიზიკას“.

სამი წლის განმავლობაში გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკის კურსის გავლის შემდეგ ფიზიკის სპეციალობაზე მხოლოდ ერთმა მოსწავლემ გააგრძელა სწავლა. „თავიდან ბევრს უნდა, მაგრამ მე-12 კლასში თითქმის ყველა იცვლის არჩევანს. მათემატიკოსებს საზღვაოზე სწავლა ურჩევნიათ ან ბანკში მიდის ყველა, ფიზიკოსობასაც იშვიათად ირჩევენ. ვერ ხედავენ პერსპექტივას“, – ამბობს პედაგოგი. თუმცა, მისი აზრით, თუ სახელმწიფო არ შეასუსტებს პოლიტიკას და ამ სფეროების განვითარებას გააძლიერებს, რეალობა შეიცვლება.

სამწლიანი სწავლების შედეგებს დირექტორის მოადგილე თამარ ჩაგანავა დადებითადაც აფასებს: „გასულ წელს სამინისტროს კვლევების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით მე-9 კლასელებმა 73-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს მათემატიკაში. ერთმა მოსწავლემ, ბაქარ დუაძემ, რომელმაც ფიზიკის მიმართულებაზე ჩააბარა, ასპროცენტიანი გრანტი აიღო, საერთო შედეგით, ფიზიკაში 40-პროცენტიანი ზრდა გვაქვს“.

ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულ სკოლაში წელს სტანდარტებიც შეცვალეს. თამარ ჩაგანავას თქმით, ის მოსწავლე, რომელიც 7-ქულიან ბარიერს ვერ გადალახავს, ამ სკოლაში სწავლას ვეღარ გააგრძელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: