სიახლეები

მერაბ ხალვაში: „უნივერსიტეტის დაარსებას ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა“

21.10.2015 • 3033
მერაბ ხალვაში: „უნივერსიტეტის დაარსებას ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა“

მერაბ ხალვაში

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის აზრით, ბათუმში უნივერსიტეტის დაარსებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, – „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-ისტორიული განვითარების საქმეში უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.“

1935 წლიდან დღემდე ბათუმის უნივერსიტეტს 17 რექტორი მართავდა.  „ფიქრობ, ყველა თავისებურად გამორჩეული იყო, მაგრამ მე მაინც პირველ რექტორს –  ხუსეინ ნაკაიძეს გამოვყოფ, რომლის მხრებზეც გადავიდა ამ სასწავლებლის დაფუძნება, სასწავლო გეგმები, ინფრასტრუქტურა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო კვლევები… ყველაფრის ფორმირება სწორედ მის პერიოდში მოხდა და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი 1937 წლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1938 წლის პირველ იანვარს ის სალექციო აუდიტორიიდან გაიყვანეს და დახვრიტეს,“ –  ამბობს მერაბ ხალვაში.

საარქივო მასალების მიხედვით, ხუსეინ ნაკაიძეს ასეთი ბრალდება ჰქონდა წაყენებული. „იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, იყო მენშევიკური ორგანიზაციის წევრი“, – ვკითხულობთ საარქივო მასალებში, რომელიც საიუბილეოდ გამოცემულ წიგნშიც შევიდა.

„პირადად ჩემი შემწეობით და გასინჯვით გამოირკვა, რომ საერთო საცხოვრებელში სტუდენტებს აკლიათ ლოგინის გადასაფარებელი, დაუძველდათ ბალიშის გადასაკრავები, დაბეჯითებით, გადაუდებლივ მოვითხოვ მდგომარეობის გამოკეთებას“, – აი, ასეთი ხუსეინ ნაკაიძე დახვრიტეს. ის დიდი რუდუნებით ეკიდებოდა სტუდენტების მდგომარეობას“, –  ამბობს მერაბ ხალვაში.

პირველი რექტორის ბედი გაიზიარა უნივერსიტეტის ორმა დეკანმა –  გრიგოლ გიორგაძემ და ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ. საბჭოთა რეჟიმმა ისინიც დახვრიტა. „ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ორი წლის წინ შექმნილი სასწავლებლისთვის“, –  ამბობს მერაბ ხალვაში.

უნივერსიტეტმა საიუბილეო წიგნი გამოსცა ორ ენაზე. მერაბ ხალვაშის თქმით, გამოცემაში ბევრი უნიკალური საარქივო მასალაა შესული, რომელიც მანამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა:

„უნიკალური მასალაა მოცემული პირველი რექტორის შესახებ, მათ შორის შემორჩენილია მისი დახვრეტის ფოტომასალაც. ასევე, პირველი კორპუსის არქიტექტურული გეგმები, დეტალები თუ როგორ შენდებოდა, წიგნში შესულია უნივერსიტეტის ძველი თანამშრომლების ფოტოები და პირველ კურსადმთავრებულთა ალბომი“.

უნივერსიტეტის დაარსებამდე იყო ორწლიანი სამასწავლებლო სასწავლებელი, რომელიც მოგვიანებით ოთხწლიან პედაგოგიურ სასწავლებლად გადაკეთდა. 1956 წელს კი ხუთწლიანი პედაგოგიური ინსტიტუტი გაიხსნა.

საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეზე

უნივერსიტეტის შექმნის პროცესს ცნობილი პიროვნებები ედგნენ სათავეში. უნივერსიტეტს დიდი დახმარება გაუწიეს თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა. გიორგი ახვლედიანი, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი წერეთელი, პანტელეიმონ ბერაძე, სარგის კაკაბაძე, კოტე ბაქრაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ბევრი სხვა აკადემიკოსი კითხულობდა აქ ლექციებს. ისინი ამზადებდნენ პედაგოგებს, რომლებიც დეფიციტური იყო იმ პერიოდში ჩვენს რეგიონში“, – ამბობს დღევანდელი რექტორი.

მერაბ ხალვაშის შეხედულებით, ბათუმის უნივერსიტეტი ცდილობს ყველა დროის გამოწვევებს უპასუხოს. „განათლების სისტემა სრულიად ახალ ფაზაში გადავიდა, ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა გავხდით, დაიწყო ახალი პროგრამების შედგენა, ბევრი რეფორმა, შეფასების ახალი სისტემა შემოვიღეთ. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი ძირითადად ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული. რეგიონების სკოლების 90 პროცენტი დაკომპლექტებულია პედაგოგებით, რომლებმაც ჩვენი უნივერსიტეტი დაამთავრეს. ბუნებრივია, უნივერსიტეტმა ეს ნიშა რომ შეინარჩუნოს, ისევე უნდა უპასუხოს ყველა გამოწვევას, როგორც წინა ეპოქებში პასუხობდა“, – ამბობს რექტორი.

უნივერსიტეტმა, როგორც უმაღლესმა სასწავლებელმა ათვლა 1935 წლიდან დაიწყო, თუმცა ეს შენობა ბევრად ადრე აშენდა, რომელშიც ჯერ კიდევ 1903 წლიდან ვაჟთა პირველი გიმნაზია გაისხნა. „აქ იყო ეკლექტური ტიპის ნაგებობა, რომლის ავთენტური სახე, სამწუხაროდ, შემორჩენილი აღარ არის“, –  ამბობს მერაბ ხალვაში.

რექტორის მოსაზრებით, დღეს ბათუმის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში. „გაცვლითი პროგრამების მხრივ მესამე ადგილზეა. ბოლო წლებში კი უნივერსიტეტი საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესებისა და სემინარების ჩატარების ადგილი ხდება“.

ბათუმის უნივერსიტეტმა 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღირსების ორდენით ორი პროფესორი დააჯილდოვა: 85 წლის ნოდარ კახიძე, რომელიც ეთნოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია და კახაბერ ქაშიბაძე, რომელმაც ბათუმში პირველმა ჩაატარა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ღირსების ორდენით უნივერსიტეტმა ორი უცხოელი სტუმარიც დააჯილდოვა.

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: