მთავარი,სიახლეები

„კაკუნი სამოთხის კარზე“ და სხვა ქანდაკებები ძველი საფლავებიდან

19.07.2019 • 7552
„კაკუნი სამოთხის კარზე“ და სხვა ქანდაკებები ძველი საფლავებიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა, გურანდა ბენიძემ და ეკა გიგაურმა თბილისსა და მის შემოგარენში უძველესი საფლავები შეისწავლეს ფინალური გამოცდისთვის. ძიების პროცესში მათ აღმოაჩინეს „კაკუნი სამოთხის კარზე“ თუ ედუარდ მუნკის მუზის – დაგნი იუელის საფლავის ქვა. როგორ და რატომ დაინტერესდნენ ამ თემით სტუდენტები? – „ბათუმელები“ ამის შესახებ  სტუდენტებს ესაუბრა. 

„ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ ჩვენს ქვეყანას ამხელა კულტურული მემკვიდრეობა ჰქონდა“, – გვითხრა გურანდამ, რომელიც მეგობართან ერთად მუშაობდა უძველესი, წარმართული და ქრისტიანული საფლავების შესწავლაზე. სტუდენტებმა 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. გურანდა ამბობს, რომ ამ საფლავების შესწავლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

მათ მიერ გადაღებული ფოტოებიდან ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა უცნობი ადამიანის საფლავზე განთავსებული ქანდაკების ფოტო. „კაკუნი სამოთხის კარზე“ – ასე ეძახიან მესაფლავეები ამ ქანდაკებას, რომელიც კუკიის სასაფლაოზე, ბარდებსა და მცენარეებში შენიშნეს სტუდენტებმა.

„კაკუნი სამოთხის კარზე“ – ქანდაკება გვხვდება უცნობი ადამიანის საფლავზე. გურანდას თქმით, მესაფლავეები ამ სახელით მოიხსენიებენ ქანდაკებას.

„ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს ძეგლი იქნებოდა მუზეუმში. იმდენად შთამბეჭდავია, მიქელანჯელოს ნამუშევარს ჰგავს. გასაოცარი ოსტატობით არის შექმნილი, სხეულის კუნთებიც კი გამოყვანილია“, – ამბობს გურანდა.

მისი თქმით, საფლავი დახლოებით 1900 წლებშია გაკეთებული და უცნობია, თუ ვინ არის დაკრძალული. საფლავს წლებია არავინ აკითხავს: „მესაფლავეებს მოსწონთ ქანდაკება და ამიტომ უვლიან. ხშირად წმენდენ ბალახისგან, თუმცა ძლივს შევნიშნეთ, ისე იყო ეკალ-ბარდებში მიმალული“.

მისი აზრით, ეს ქანდაკება ნამდვილად წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას და მის შენარჩუნებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. „ან მუზეუმში უნდა გადაიტანონ, რომ დროთა განმავლობაში არ დაზიანდეს“, – მიიჩნევს ის.

დღეს საფლავი და ეს ქანდაკება ბედის ანაბარადაა მიტოვებული. მის სანახავად მხოლოდ ფოტოგრაფები თუ შემოივლიანო, – უთხრეს გურანდას მესაფლავეებმა.

თემაზე მუშაობის იდეა ეკა გიგაურს გაუჩნდა. გვიყვება, რომ ამ თემით ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაინტერესდა, რადგან პატარობისას ნახა სამაროვნები, რომელმაც მასზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა.

„აქ არის სამაროვნების კულტურა, საფლავზე იცოდნენ ისეთი ქვის დადება, სადაც მთლიანად არის ამოტვიფრული ადამიანი. ეს რომ პირველად ვნახე, პატარა ვიყავი და ჩამრჩა გონებაში. რამდენჯერაც ვნახე ეს საფლავები, იმდენჯერ განმიახლდა მათ მიმართ ინტერესი. როცა სალექციო კურსის ფარგლებში ლექტორმა დაგვავალა ფილმის გადაღება, ეს თემა გამახსენდა და დავიწყეთ მოძიება“.

„ცხვარიჭამიას სასაფლაოზე ბევრი უძველესი საფლავია, მათ შორის ერეკლე მეფისდროინდელი. ეს საფლავები ამბავს გიყვება გარდაცვლილზე. ზოგი ჯმუხი სახით ხატია, ზოგი – გაღიმებული, ზოგს ხელები ჰქონდა შეკრული, რაც მორჩილებაზე მიუთითებს, ზოგს ეწერა, რომ ერეკლე მეფეს ახლდა ომში და იქ დაიღუპა. სწორედ ამიტომ არის ეს საფლავები გამორჩეული“, – ამბობს გურანდა.

სტუდენტები გვიყვებიან, რომ ყველა საფლავი განსხვავებულია და სხვადასხვა კულტურის თანაცხოვრებაზე მეტყველებს ერთ გარემოში.

„ვნახეთ ბერძნულ-რომაული სტილის აკლდამა, რომელიც 1943 წელს გარდაცვლილ დავით ვაშაკიძეს ეკუთვნის. მის ასაგებად დედას სახლის გაყიდვაც კი მოუხდა.

აკლდამა კუკიის სასაფლაოზე

„ამ ისტორიის მიხედვით, დედა აკლდამაში გადმოსახლდა და ყოველდღე ბალზამირებას უკეთებდა მიცვალებულს. აკლდამის კედელზე გამოსახულია დაჭრილი ჯარისკაცი. წარწერების მიხედვით, გარდაცვალების შემდეგ დედა ჯარისკაცის გულზე დაასვენეს და აკლდამა მიწით ამოავსეს.

აკლდამას წარწერებიც ბერძნული აქვს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის უცხოელი არქიტექტორების მიერ არის აგებული“ – გვიყვება საფლავის ისტორიას გურანდა.

სტუდენტებმა ცხვარიჭამიაში ერთი პერიოდის, თუმცა ვიზუალურად განსხავავებული ძველი საფლავები გადაიღეს.

ზოგი საფლავი პატარაა, წახნაგოვანი, თხელი, ზოგი საფლავის ქვა უფრო სქელია, „რაც ალბათ მათ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ძველი საფლავებიდან ჩანს, რომ ჩვენში დაკრძალვის ტრადიცია უფრო მგლოვიარე იყო, ვიდრე დღეს. უფრო მეტი განცდა ჩანს ამ საფლავებზე. დღეს ადამიანებს თითქოს უფრო გაცივებული აქვთ გრძნობები და ეს ჩანს საფლავებზეც“, – გვეუბნება გურანდა ბენიძე.

ის გვიყვება კიდევ ერთი საფლავის შესახებ, რომელიც 14 წლის გოგონას ეკუთვნის:

„საფლავზე წერია თუ როგორ დაამწუხრა მშობლები მისმა სიკვდილმა. აქვეა წარწერა იმაზეც, რომ დედამ ვერ გაუძლო მის სიკვდილს და მალევე გარდაიცვალა.

ქანდაკება კუკიის სასაფლაოს შესასვლელთან

ძველი საფლავები უფრო მეტყველია, ფაქტობრივად, გარდაცვლილის ისტორიას გვიყვება, თანამედროვე საფლავებზე კი მხოლოდ დაბადების და გარდაცვალების თარიღებია ხშირად. მეტი არაფერი“.

გამოსახულება ერთ-ერთ უძველეს საფლავზე

სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ორი საფლავი ცხვარიჭამიას სასაფლაოზე. ამ საფლავებზე არც ჯვარია გამოსახული და არც სხვა  რელიგიისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმბოლო. „ოთხკუთხა ქვებია და ზედ ადამიანებია გამოსახული, თუმცა ძალიან პრიმიტიულად. ერეკლე მეორის დროინდელ საფლავის ქვებზე, მაგალითად, ტანისამოსიც ნათლად ჩანს, ნაწნავებიც კი ამოტვიფრულია, ამ საფლავებზე კი მარტივი მოხაზულობაა და თუ რომელი პერიოდისაა, კვლევა სჭირდება“, – ამბობს გურანდა.

„როგორი ხაზი აქვთ, – მეტყველი, თხრობითი… სამაროვნებზე თითქმის ყველა სამარხს აქვს წარწერა, რომ მნახველს სთხოვს შენდობას. ეს სამარხები საკუთარ ისტორიებს ყვებიან, ვიღაცას ქრისტიანული ჯვარი აქვს მიხატული, ვიღაცას ბორჯღალი, რაც რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. საბრძოლო, შრომის იარაღებია წარმოდგენილი, რომელ სოციალურ ფენას წარმოადგენენ, ესეც კარგად ჩანს და რადგან ეს თემა არ არის ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი, ვფიქრობთ, ამ ხაზს გავყვებით“, – გვეუბნება ეკა.

მისი თქმით, ეს სამარხები კარგად აჩვენებს ეთნოფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელ ელემენტებს.

გურანდა ამბობს, რომ იპოვეს ნორვეგიელი ფერმწერის, ედვარდ მუნკის მუზის, დაგნი იუელის საფლავის ქვაც, რომელიც მესაფლავეებმა საკუთარი სახსრებით გადაარჩინეს. ულამაზესი ნორვეგიელი ქალი 1901 წელს თბილისში, სასტუმროში მოკლეს. 

ასე გამოიყურება დაგნი იუელის საფლავის ეპიტაფია

გურანდა ამბობს, რომ ფინალური ნაშრომისთვის 14 ძველი საფლავი გადაიღეს, თუმცა სამომავლოდ კიდევ აპირებენ ძველი და საინტერესო სამარხების მოძიებას.

სტუდენტების მოკლე დოკუმენტურ ფილმში მოხვდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების საფლავებიც, რომლებიც, გურანდა ბენიძის თქმით, ამ კლანის სრულიად განსხვავებულ ცხოვრების წესზე მეტყველებენ. „გადავიღეთ ცოცხალი ადამიანის საფლავი, რომელიც სიცოცხლეშივე გაუკეთებია“, – გვეუბნება გურანდა. მან გვითხრა, რომ უკვე ბევრი ადამიანი დაუკავშირდა ახმეტიდან, გორიდან, გურიიდან, რომელთაც უნდათ საინტერესო საფლავები აჩვენონ სტუდენტებს.

სტუდენტები უძველესი საფლავების შესწავლას თიანეთშიც აპირებენ, სადაც ერთხელ უკვე იმყოფებოდნენ. „თიანეთში დაკრძალვისა და გლოვის ძალიან დამახასიათებელი ტრადიცია არსებობს. ვნახეთ საფლავებზე დატოვებული შავი თავსაფრები. როგორც იქ გვითხრეს, სანამ ეს თავსაფრები არ გახუნდება, მანამდე უნდა იყოს საფლავზე“, – გვეუბნება გურანდა.

აქ განისვენებს სასულირო პირის, იოსებ ბერიძის ქალიშვილი და მისი ოჯახის სხვა წევრები. ბერიძემ კუკიის სასაფლაოზე ააგო წმ. ნინოს სახელობის ეკლესია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: