მთავარი,სიახლეები

რა კეთდება ციხისძირში იმ ადგილას, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს

02.07.2019 • 3953
რა კეთდება ციხისძირში იმ ადგილას, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს

ქობულეთის სოფელ ციხისძირში, იმ ადგილზე, სადაც გასულ წელს მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის პარკში გადაიტანეს, მიწის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აღადგენდნენ [რეკულტივაცია] იმ ადგილს, საიდანაც ხეები ამოთხარეს შეკვეთილში გადასატანად. თუმცა, „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ციხისძირის გადათხრილ ფერდობზე სტადიონს აშენებენ. ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია და იქ ხეებიც თავის დროზე უნებართვოდ ამოთხარეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტადიონს სწორედ ის კომპანია – შპს „ჯორჯტრანსი“ აშენებს, ვინც ხეები ამოთხარა. ამ კომპანიის დირექტორი ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმა – ადგილობრივი ბიზნესმენი  თენგიზ შავიშვილია, რომლის სახლს და მშენებარე სტადიონს ციხისძირში ერთმანეთისგან ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი ჰყოფს. თენგიზ შავიშვილმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სტადიონს არა კომპანია, არამედ პირადად ის აკეთებს.

„სტადიონი მაქ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იყო. არის ქობულეთის გამგეობის 2006 წლის გადაწყვეტილებაც, რომ მაქ სტადიონი მოწყობილიყო. ხეების ამოღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადგილს. სოფლის ახალგაზრდობის თხოვნაც არის, რომ რაღაცნაირად მოწესრიგდეს. ახლა ახალი ბალახი დავთესეთ, კორდი ამოდის… ფართომასშტაბიანი არაფერი იგეგმება – ტრიბუნები და ასეთი რაღაცები არ იქნება. შემოღობვას რაც შეეხება, გამოვნახავთ ალბათ რაღაცას, რომ ბურთი არ გადავარდეს“, – გვითხრა თენგიზ შავიშვილმა.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, სადაც სტადიონი უნდა მოეწყოს, თენგიზ შავიშვილის თქმით, „არის მოსახლეობის მიერ წერილი შეტანილი, 300-მდე ადამიანი აწერს ხელს, რომ სტადიონის ტერიტორია გადმოეცეს სოფელს. ამ თხოვნით, 2 თვეა ალბათ, შესული ვართ ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც და აჭარის მთავრობაშიც შუამდგომლობით. ოფიციალურად უნდა მიეცეს ყველაფერს ისეთი სახე, რომ წყლის მიყვანა, საშხაპის მოწყობა მოხერხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს ეს ადგილი ახალგაზრდებისთვის.“

„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა ამჯერად მიწის მესაკუთრის [სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს] თანხმობა – ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვა და არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა, ამ ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩასატარებლად.

ქობულეთის მერის წარმომადგენელი ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში, რუსლან ანთაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ აქ სტადიონის აშენებას მოსახლეობა ჯერ კიდევ 2006 წელს ითხოვდა: „არის საბუთები, ხელმოწერები… მუნიციპალიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ადგილობრივ ბიზნესმენს, თენგიზ შავიშვილს მისცა თანხმობა აეშენებინა სტადიონი. რატომღაც მშენებლობა ვერ განხორციელდა, თუმცა ის ახლა აშენებს სტადიონს. რამდენადაც ვიცი, ქობულეთის მერიამ უშუამდგომლა ქონების ეროვნულ სააგენტოშიც, ვინაიდან ახლა მიწა, სადაც სტადიონი შენდება, სახელმწიფოს საკუთრებაა. მოსახლეობა ითხოვს ტერიტორია გადმოეცეს მუნიციპალიტეტს იმ მიზნით, რომ აქ სტადიონი იყოს. სააგენტოს პასუხი არ ვიცი.“

„რაიმე ნებართვას, როგორც ასეთი, ჩვენი სააგენტო არ გასცემს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით იყო დაინტერესება 2018 წელს, თუმცა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კონსულტაციის შემდეგ ქონება პრივატიზაციისთვის აუქციონზე აღარ გაგვიტანია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოზიცია იყო, რომ ციხისძირში ეს ქონება არ გასხვისებულიყო. მართალია, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია, თუმცა ასეთ დროს, ზოგადად, ჩვენ ყოველთვის მივმართავთ მოსაზრებისთვის შესაბამის მუნიციპალიტეტებს“, – გვითხრეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მუნიციპალიტეტისთვის ქონების შესაძლო გადაცემაზე პასუხი სააგენტოსგან ვერ მივიღეთ.

აჭარის მთავრობის პრესსამსხურის ინფორმაციით, ციხისძირის მოსახლეობისგან განცხადება მათთან შევიდა, თუმცა, მთავრობამ ის ქობულეთის მერიაში გადააგზავნა.

ქობულეთის მერიიდან პასუხები ჩვენს კითხვებზე ამ დრომდე ვერ მივიღეთ. მერიის განმარტებას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

ადგილი, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს და ახლა სტადიონი შენდება / 25.06.2019 / ფოტო: ბათუმელები

ადგილი ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ციხისძირში, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები გაიტანეს და ახლა სტადიონი შენდება / 25.06.2019 / ფოტო: ბათუმელები

ადგილი, სადაც ახლა სტადიონს აშენებენ / ფოტო გადაღებულია 2018 წელს / ბათუმელების არქივიდან

ამ თემაზე

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: