მთავარი,სიახლეები

აჭარის გზების დეპარტამენტს 3 ექსკავატორის ყიდვის უფლება არ მისცეს

29.06.2019 • 1435
აჭარის გზების დეპარტამენტს 3 ექსკავატორის ყიდვის უფლება არ მისცეს

„ვერ გეტყვით, რა იყო უარის მიზეზი, მე დეპარტამენტის თანამშრომელი ვარ,“ – ასე გვიპასუხა აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ბექაიამ კითხვაზე: რატომ ვერ მიიღო თანხმობა ამ უწყებამ საქართველოს მთავრობიდან ექსკავატორების შეძენაზე.

აჭარის გზების დეპარტამენტს ექსკავატორების შეძენაზე თბილისიდან რომ უარი უთხრეს, ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი რომანაძემ გუშინ, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. გიორგი რომანაძის თქმით, დეპარტამენტს სპეციალური ტექნიკის დაქირავება უწევს, რაც ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე მისი შეძენა. გიორგი რომანაძე საფინანსო კომიტეტის უფროსია და მანამდე გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გუშინვე თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს უთხრა, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

დავით ბექაია, აჭარის გზების დეპარატმენტის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობიდან მათ არ მიუღიათ წერილობითი დასაბუთება, რის გამო ეთქვათ უარი ექსკავატორების შეძენაზე. დეპარტამენტი დაახლოებით მილიონნახევარი ლარით 5 ერთეული ტექნიკური საშუალების შეძენას გეგმავდა. გზების დეპარტამენტმა მთავრობისგან მხოლოდ ორი ექსკავატორის შეძენაზე მიიღო თანხმობა და ამისთვის ბიუჯეტიდან 513 ათასი ლარი დაიხარჯა.

„დეპარტამენტი ახორციელებს გზების გაწმენდით სამუშაოებს, არხების გაწმენდას… გამომდინარე იქედან, რომ ავტოპარკი მოძველებულია, იგი საჭიროებს ყოველწლიურ განახლებას. სტიქიების დროს ჩვენ გვიწევს ტექნიკის დაქირავება მუნიციპალიტეტებში. რა თქმა უნდა, ქირაობას შეძენა სჯობს,“ – გვითხრა დავით ბექაიამ.

გზების დეპარტამენტში ასევე გვითხრეს, რომ ტექნიკის შეძენის საჭიროებას რამდენიმე ცენტრალური უწყება ერთობლივად სწავლობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: