მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე შაჰინის სკოლაზე, რესპუბლიკურსა და შუახევიჰესზე

19.06.2019 • 1767
რიჟვაძე შაჰინის სკოლაზე, რესპუბლიკურსა და შუახევიჰესზე

“იქ მოხდა მნიშვნელოვანი ავარია, მაგრამ ინვესტორი ამას მიიყვანს ბოლომდე,” – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ “შუახევიჰესთან” დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აბარებს.

თორნიკე რიჟვაძეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ასმათ დიასამიძემ ჰკითხა, შაჰინის სახელობის სკოლის დახურვის შესახებ, რაც ორი წლის წინ მოხდა. ასმათ დიასამიძის თქმით, იქვე არსებულ თურქულ სკოლასაც აქვს ავტორიზაციის პრობლემა, მაგრამ ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს.

“კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ყველა… რაც შეეხება ამ სკოლას, ის გადის შესაბამის პროცედურებს. ავტორიზაციის ნაწილში ქმედითად მუშაობს განათლების სამინისტრო,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

“ორი წელია გრძელდება ეს. იმიტომ ხომ არა, რომ თქვენც გაფინანსებენ?” – იკითხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

“თუ არ დამეხმარებით, ვერ ვიტყვი ჩემს სათქმელს,”- გახედა დავით გაბაიძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. დავით გაბაიძემ კი, ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რეპლიკების საშუალება მათ შემაჯამებელ სიტყვებში მიეცემოდათ.

“თქვენ რა, როგორც ქვისლს, ისე ეხმარებით?” – განაგრძო კამათი ელგუჯა ბაგრატიონმა.

“მე აქ ვასრულებ ჩემს ფუნქციას,” – მოკლედ უპასუხა ოპოზიციონერ კოლეგას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ასმათ დიასამიძემ პროექტ “ეტალონთან” დაკავშირებითაც ჰკითხა თორნიკე რიჟვაძეს.

“მე ჩამივარდა ხელში მიმოწერა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო სკოლებს ავალდებულებს “ეტალონს” კონტრაქტი გაუფორმონ და ფული გადაუხადონ… ჩვენ ვიცით, რომ “ეტალონის” ხელმძღვანელი, გოჩა ტყეშელაშვილი “ოცნების” აქტიური მხარდამჭერია, ის თქვენ ხულოშიც გახლდათ საჯარო შეხვედრის დროს…” – აღნიშნა ასმათ დიასამიძემ.

“მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი… ეს პროექტი ხორციელდება სამინისტროს ეგიდით და მჯერა, რომ არის ნებაყოფლობითი… შემიძლია, დეტალებზე ინფორმაცია მოვიძიო,” – უპასუხა დეპუტატს თორნიკე რიჟვაძემ.

რამდენიმე დეპუტატმა დასვა შეკითხვა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” მშენებლობასთან დაკავშირებით. დეპუტატმა ნუგზარ სურმანიძემ იკითხა, როდის დაიწყებს ეს საავადმყოფო ფუნქციონირებას ახალ სივრცეში. დეპუტატმა გიორგი დიასამიძემ კი თქვა, რომ საავადმყოფოს ახალი შენობა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სალიცენზიო პირობებს და ამ მოტივით იგი გასხვისდეს.

თორნიკე რიჟვაძემ ვერ უთხრა დეპუტატებს, როდის გადავა ახალ შენობაში “რესპუბლიკური საავადმყოფო”. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს თემა ხელისუფლებისთვის პრინციპულია და “ერთიანი მართვის ქვეშ, ერთიანი დაფინანსებით მოხდება მისი აღჭურვა”.

გზების დეპარტამენტში ტრანსპორტის შეძენის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი რომანაძემ. იგი საფინანსო კომისიის ხელმძღვანელია და მანამდე გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. დეპუტატის თქმით, ტრანსპორტის შეძენაზე შეზღუდვები შესყიდვების სააგენტომ დააწესა.

“მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა შესყიდვების სააგენტოსთან… ველით შესაბამის თანხმობას,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის ღირსების ორდენით დაჯილდოვებაზე შეკითხვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა დასვა.

“ის არის მათ შორის დეპუტატ ცოტნე ანანიძის ბრალმდებელი… ამ საქმეში თქვენი მამა მთავარი მოწმე იყო, ამაზე რას გვეტყვით?” – მიმართა დეპუტატმა თორნიკე რიჟვაძეს. მას ჯერ ამ კითხვისთვის არ უპასუხია – სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შესვენების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ ასევე უნდა თქვას, ნანობს თუ არა იმ ფრაზებს, რომლითაც მან საზოგადოებას დაამახსოვრა თავი, მაგალითად, “ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის”.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: