მთავარი,სიახლეები

გომარდულში ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა ისევ გადაიდო

13.11.2025 •
გომარდულში ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა ისევ გადაიდო

კურორტ გომარდულში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის საკითხი აჭარის მთავრობის დღის წესრიგში აღარ არის.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიშში წერს, რომ ჯერ „ახალი საბაგირო ტრასების შესაძლო მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან შესაბამისობა და საჭიროები უნდა დადგინდეს“.

შესაბამისად, როცა დაადგენენ „საჭიროებებს“, ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტულ გეგმასაც შემდეგ შეადგენენ.

ასე დადგენა-გარკვევაშია გაჭედილი კურორტ გომარდულის განვითარებისა და სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის საკითხი 2011 წლიდან. სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომელმაც კურორტი 2011 წელს გახსნა, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამოა დაყადაღებული. კომპანიის წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს დახმარების იმედი ჰქონდათ.

სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი, ხვიჩა შარაშიძე აჭარის უმაღლეს  საბჭოშიც შევიდა „ოცნებიდან“, თუმცა, როგორც ჩანს, ის საკუთარ კურორტსაც ვერ დაეხმარა. ამომრჩეველს გომარდულის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას ჰპირდებოდნენ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეებიც, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

ჯერ არ ვიცით, სულხან თამაზაშვილს რა გეგმა აქვს გომარდულის კურორტად ქცევაზე.

სამთო-სათხილამურო კურორტად გამოცხადებული გომარდულის ფუნქციონირების საკითხი დღეს ისევ გაურკვეველია. აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გომარდული ნახსენებიც კი არ არის.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტალის შესრულების ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაცია შეიმუშავეს, მაგრამ სამშენებლო ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოების შემსრულებელი პოტენციური კონტრაქტორის შერჩევა გართულდა, ამიტომაც ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 2025 წლის სამ კვარტალში ფული არ დახარჯეს.

სამინისტრო განმარტავს, რატომ გაჭირდა პოტენციური კონტრაქტორის პოვნა: „ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი მსგავსი ობიექტების მიწოდებით ფაქტიურად არაა დაფარული. აღნიშნული ობიექტი მომეტებული საფრთხის შემცველია და მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოებისა და ტექნიკური გადაწყვეტილების საკითხები დამუშავდეს მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.“

ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. საბაგიროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარია გაწერილი.

ამ თემაზე:

ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: