განათლება,მთავარი,სიახლეები

ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი

28.05.2019 • 1625
ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ასევე, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობას კვლევებში.

ანა ციხელაშვილი მეთერთმეტეკლასელია, კონფერენციაში შარშან მიიღო პირველად მონაწილეობა. ჩართული იყო საგანმანათლებო სექციაში.

„გავაკეთეთ მოხსენება და პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რა ვალდებულებები და რა უფლებები აქვს მას სახელმწიფოს მიმართ. მანამდე არ მქონდა მსგავსი რამ გაკეთებული, პირველი კვლევა იყო ეს ჩემთვის და ვფიქრობ, შედეგიანი“, – გვითხრა ანამ.

მისი თქმით, კვლევაში მონაწილე ბავშვებმა შეისწავლეს თავიანთი სკოლის პრობლემები და გამონახეს მათი მოგვარების გზებიც.

„განვიხილეთ სიტუაცია, თუ რა ხდებოდა სკოლებში, როგორი მოუწესრიგებელი იყო თუნდაც ბუფეტები ან საპირფარეშოები და შემდეგ დავწერეთ გამოსავალი. როცა არ აკეთებს სკოლა, უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ამიტომ შევქმენით თვითმმართველობა, მოვაწესრიგეთ ბუფეტი და კიბეების პრობლემაც მოვაგვარეთ. აქამდე არ მქონდა მოტივაცია, კვლევაში ჩართვამ ეს მოტივაცია მომცა“, – ამბობს ანა.

ანა წელს საბუნებისმეტყველო სექციაში იმუშავებს. თემად აირჩია სურნელის საიდუმლო. „შევისწავლით ეთერზეთების გავრცელებას და მის გამოყენებას პრაქტიკულ ცხოვრებაში. მივიღებთ ინფორმაციას, როგორ გამოიყენება ეთერზეთები, ვთქვათ, კოსმეტოლოგიაში. ვაპირებ ქიმიის განხრით სწავლის გაგრძელებას და ეს იქნება ჩემი პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – გვეუბნება ანა.

მოსწავლის აზრით, ამ ტიპის თანამშრომლობა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის აუცილებელია, რადგან მოსწავლეების დიდი ნაწილი მოუმზადებელი ხვდება საუნივერსიტეტო ცხოვრებას, „ამ ტიპის ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა დაგვეხმარება კომუნიკაციის გაუმჯობესებაში“.

ანა ციხელაშვილი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ლელა თურმანიძე ამბობს, რომ კონფერენციის მიზანი არის სკოლისა და უნივერსიტეტის  სამეცნიერო კვლევების მიმართულებით თანამშრომლობა. „2005 წლიდან  განათლების სისტემაში ხორციელდება რეფორმა, გარკვეული შედეგები გვაქვს, თუმცა ადრე უფრო მეტი აქცენტი კეთდებოდა თეორიულ ცოდნაზე, მაშინ როცა ევროპა აქცენტებს სვამს იმაზე, რომ კვლევა და თეორია აუცილებლად  უნდა იყოს ინტეგრირებული პრაქტიკულ უნარებთან.

აქამდე ცალკე ვითარდებოდა უნივერსიტეტი, ცალკე – სკოლა. რისთვის არსებობს უნივერსიტეტი? ჩვენ ხომ შევსება გვაქვს სკოლიდან და გარკვეულ დარგებში ჩვენ უნდა შევთავაზოთ კადრები სკოლას. ასევე მეთოდიკაში, სადაც გვაქვს ე.წ. ვაკუუმი, უნდა შეავსონ მკვლევარებმა“, – გვეუბნება ის.

ლელა თურმანიძის თქმით, ვაკუუმები არის ზოგადად განათლების სისტემაში, თუმცა უფრო მეტად – მეთოდიკაში. „მათემატიკას შეიძლება ყველა ქვეყანაში ერთნაირად კითხულობენ, მაგრამ მეთოდიკა ყველა ქვეყანას აქვს სპეციფიკური. ამიტომ ჩვენც კვლევები უნდა დავდოთ მეთოდიკაში. ადგილზე უნდა შევისწავლოთ სწავლების პრობლემატიკა, როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტის დონეზე, რაც დღეს აკლია ჩვენი განათლების სისტემას, მეთოდიკის კვლევის მხრივ სისუსტე გვაქვს სკოლაშიც“.

მისი თქმით, ამ ტიპის თანამშრომლობა ეხმარება მოსწავლეებსა და სტუდენტებს პრაქტიკული უნარების განვითარებაში. „ჩვენთან სუსტია პროექტებზე მუშაობის კომპონენტი, რაც ევროპას ძალიან კარგად აქვს, ჯგუფში მუშაობის კომპონენტი და ა.შ. ეს ნიუანსები დასახვეწია“.

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია მეშვიდე წელია ტარდება, ჯერჯერობით არსებითი კვლევითი ნაშრომი სკოლას და უნივერსიტეტს არ გაუკეთებია. „შეგვიძლია გამოვყოთ ერთი ერთობლივი პროგრამა, ეს არის მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც სამაგისტრო საფეხურზე ითვალისწინებს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებას, რაც აქამდე არ იყო.

ეს არის დაწყებითი საფეხურის პროგრამა, სადაც დიდი ნაწილი ამ ნაშრომისა უნდა იყოს კვლევა. ამიტომ ჩვენი სტუდენტები უნდათ თუ არა მივლენ სკოლებში და იქ ერთობლივ კვლევებს აწარმოებენ სკოლის საჭიროებებზე“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

კონფერენცია ერთდღიანია. მოსწავლეები და სტუდენტები ცხრა სექციაში იმუშავებენ. კონფერენციის ფარგლებში ასზე მეტი მოხსენება უნდა გაკეთდეს როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: