მთავარი,სიახლეები

„სტადიონის“ დირექტორს მთავრობის თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი – 6250 ლარი დაუნიშნეს

23.04.2019 • 4086
„სტადიონის“ დირექტორს მთავრობის თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი – 6250 ლარი დაუნიშნეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ შპს „სტადიონის“ დირექტორად ლევან ლომთაძე დანიშნა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ლევან ლომთაძე ფლობს ბიზნესის მართვის ბაკალავრისა და საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს. ის 1988 წელს თბილისში დაიბადა.

ამავე ბრძანებით, ახალი დირექტორის ხელფასი 3 750 ლარის ნაცვლად, 6 250 ლარი იქნება, ანუ მინისტრმა კომპანიის ახალ დირექტორს იმაზე მეტი ხელფასი დაუნიშნა, რაც თავად მას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს.

ინფორმაციისთვის: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი დღეს 5 750 ლარია, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ხელფასი 4 750 ლარი [ეს არის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, რომელსაც შემდეგ აკლდება საშემოსავლო გადასახადი].

„ამ კომპანიის დირექტორობა შემომთავაზა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა. ის თავის დროზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გავიცანი, როდესაც მე საგადასახადოში ვმუშაობდი და ბატონი თორნიკე იყო კერძო სექტორში. რაც შეეხება ხელფასს, არ ვიცი რამდენი აქვთ ხელფასი იმ პირებს, ვინც თქვენ დაასახელეთ, თუმცა, ჩემი ხელფასი გადაწყდა მოლაპარაკებების საფუძველზე. ისე არ ყოფილა, რომ ის ანაზღაურება რაც მე მიმაჩნდა ამ პოზიციისთვის და ჩემთვის მისაღები იყო, ცალმხრივად გადაწყვეტილიყო. ეს იყო პროცესი, რაც არის ნებისმიერ კერძო შპს-ში თანამშრომლის დაქირავების დროს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჯამურად, ჩვენს მართვაში არსებული პროექტების პორტფელი, შეადგენს 300 მილიონ ლარს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ლევან ლომთაძემ.

ვინაიდან შპს „სტადიონს“ სხვა შემოსავლები არ აქვს, კომპანიაში დასაქმებული პირები ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან იღებენ.

შპს „სტადიონის“ დირექტორის ხელფასის გაზრდაზე განმარტება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც ვთხოვეთ.

„აღნიშნული შპს-ს მართვაში მყოფი რამდენიმე პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მაგალითად, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი. დღეისათვის ობიექტების მშენებლობის გარდა, მათი კომერციული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებაზე მუშაობის ინტენსიური ეტაპი იწყება, რაც მნიშვნელოვანია პროექტების შემდგომი განვითარებისთვის. შპს „სტადიონი“ ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ახალი სივრცის მოწყობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებასაც იწყებს. შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციით, პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების ეფექტურ მართვას და დაკისრებული ფუნქციების შესრულებას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

ლევან ლომთაძემ დირექტორის თანამდებობაზე მალხაზ მახარაძე შეცვალა. მალხაზ მახარაძე „სტადიონის“ დირექტორად 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა და მინისტრის ბრძანებით მისი ხელფასი 3 750 ლარით განისაზღვრა. დირექტორის თანამდებობა მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მე კიდევ ერთი კომპანიის Goderdzi Resorts-ის დირექტორი ვარ. ორი კომპანიის დირექტორი ბუნებრივია, ვერ ვიქნებოდი და საბოლოოდ ვარჩიე დავრჩე „გოდერძის“ დირექტორად“, – გვითხრა მალხაზ მახარაძემ.

შპს Goderdzi Resorts-ის 100% წილის მფლობელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ამ კომპანიის დირექტორად კი მალხაზ მახარაძე 2018 წლის მაისში დაინიშნა. კომპანიის დირექტორის ხელფასი 3 000 ლარია. შპს Goderdzi Resorts კი, კურორტ გოდერძიზე მიმდინარე პროექტებს ზედამხედველობს.

შპს „სტადიონი“ ბათუმში იმ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება [ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რესპუბლიკური საავადმყოფო, სპორტსკოლა ლეონიძის ქუჩაზე, ყინულის სასახლე, ამას დაემატება ძალოსნობის ბაზა ჩაქვში].

ლევან ლომთაძის თქმით, ის ამ პროექტებს გაეცნო, როდესაც მიიღო შემოთავაზება „სტადიონის“ დირექტორობაზე: „გავიაზრე ეს პასუხისმგებლობა და ახლა უკვე სამუშაო პროცესში დეტალებში შევდივარ“. 

შპს „სტადიონი“ აჭარის 2018 წლის ბიუჯეტიდან 72 მილიონ 300 ათასი ლარით იყო დაფინანსებული, ხოლო 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ამ კომპანიისთვის 65 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული 65 მილიონი ლარი შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება:

  • ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი;
  • მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი;
  • ბათუმის ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა – 11 მილიონი ლარი.

ვინ გაუწევს ოპერირებას [მართვას] იმ ობიექტებს [სტადიონი, საავადმყოფო, სპორტსკოლა და სხვა], რომლებიც შპს „სტადიონის“ ზედამხედველობის ქვეშ შენდება? – ლევან ლომთაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს მე არ ვღებულობ. ჩვენ ვართ ამ პროექტების მენეჯერი კომპანია, რომელიც მართავს ამ პროექტების სამშენებლო სამუშაოებს [რომლებსაც თავის მხრივ ჰყავს მშენებელი, ტექნიკური ზედამხედველი კომპანია და ა.შ.] ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები. ის, თუ ვინ იქნება ამ დასრულებული პროექტების ოპერატორი, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს აჭარის მთავრობა. რა თქმა უნდა, ჩვენთან კონსულტაციის საფუძველზე“, – ამბობს ლევან ლომთაძე.

———–

აჭარის წილობრივი მონაწილეობით დღეს 30-ზე მეტი საწარმოა რეგისტრირებული, რომელთაგან 2018 წლის ბიუჯეტში თანხა, დივიდენდის სახით, მხოლოდ ოთხმა საწარმომ შეიტანა.

შემოსავლების რაოდენობა, რაც აჭარის ბიუჯეტმა ამ საწარმოებიდან მიიღო, ჯამში 2,4 მილიონი [დაგეგმილზე 1,26 მილიონით ნაკლები] ლარი იყო.

აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან წელს მისაღები დივიდენდები კი, წინა წლებთან შედარებით სამჯერაა შემცირებული და 1 მილიონი ლარია.

ამ თემაზე:

მხოლოდ 1 მილიონი – აჭარის მოგება კუთვნილი 35 საწარმოდან [აუდიტი გეგმის დასაბუთებას ითხოვს]

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: