Batumelebi | 92 წლის მეფუტკრის ცხოვრება პანდემიაში | ვიდეო 92 წლის მეფუტკრის ცხოვრება პანდემიაში | ვიდეო – Batumelebi
RU | GE  

92 წლის მეფუტკრის ცხოვრება პანდემიაში | ვიდეო

დილით ადრე იღვიძებს, ჯერ ყავას ან ჩაის სვამს, შემდეგ კი ფუტკრებთან მიდის. 92 წლის ხალით ქოქოლაძე დიდი ხანია, რაც მეფუტკრეობას ეწევა. მისი ყოველი დილა სკების დათვალიერებით იწყება, ეს საქმე არც პანდემიის დროს შეუწყვეტია და არც მაშინ, როცა კორონავირუსი გადაიტანა.

„კორონავირუსი მეც გადავიტანე, მაგრამ არ გამჭირვებია. მხოლოდ ორი გადასხმა გამიკეთეს, მითხრეს ძლიერი ორგანიზმი გაქვსო. ჩაკეტილები ვიყავით, არც სტუმრებს ვიღებდით. ერთმანეთს ვერიდებოდით. ასეთ დაავადებას უნდა მოერიდო, არ უნდა მოეხვიო სხვას, ამაზე იოლი რა არის, მაინც და მაინც ახლოს ნუ მიხვალ.

ზოგმა არ დაიჯერა, ტყუილიაო, პოლიტიკააო. ვისაც არ სჯეროდა, იმათ დაემართათ მერე“, – გვიყვება ხალით ქოქოლაძე.

გასული წელი არც ფუტკრებისთვის ყოფილა კარგი, „ყვავილი იყო, მაგრამ ნექტარი არ იყოო“ – გვეუბნება. შესაბამისად, მეფუტკრეებს მოსავალიც არ ჰქონდათ ისეთი, როგორსაც ელოდნენ.

ხალით ქოქოლაძემ ფუტკართან მუშაობა შვილებსა და შვილიშვილებს, მეზობლებს, ახლობლებს და ყველა მსურველს ასწავლა, ზოგს სკაც კი აჩუქა და ამ საქმის დაწყებაში დაეხმარა.

როგორც თვითონ გვიყვება, მისთვის ფუტკართან ურთიერთობა მთელი ფილოსოფიაა, „ფუტკარი მხოლოდ თაფლი არ არისო“ – ამბობს  და სხვადასხვა სარგებელზე გვიყვება:

„ბავშვობიდან ახლოს ვიყავი ფუტკართან, რადგან ბაბუაც მეფუტკრე იყო, ეს საქმე უკვე მეოთხე კლასიდან დავიწყე, ყოველ დღე ვათვალიერებ თითოეულ სკას, ფუტკარი მხოლოდ თაფლის გამო კი არა, სოფლის მეურნეობისთვის არის საჭირო, ის დამტვერვაში მონაწილეობს.

ფუტკარს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, სხვადასხვა ყვავილის თაფლს ცალ-ცალკე ვამზადებ“.

ხალით ქოქოლაძის თქმით, პანდემიის და, შესაბამისად, საზღვრების ჩაკეტვის გამო ბოლო პერიოდში თაფლის ფასმა დაიკლო:

„ადრე თურქეთში რომ იყიდებოდა, ერთი კილოგრამი 25 ლარი ღირდა, ახლა 15 ლარი ღირს – თურქეთში შეტანის აკრძალვამ ფასი შეამცირა. თაფლს ძირითადად სამკურნალოდ ყიდულობენ, ვისაც ფული არ აქვს, მისთვის ფუფუნების საგანია“.

ხალით ქოქოლაძე

ხალით ქოქოლაძეს აწუხებს ისიც, რომ ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან და ბათუმიდან ერთი საათის სავალ გზაზე მდებარე სოფლებიც კი იცლება.

„კი ბატონო, წადით ქალაქში, მაგრამ სოფელი შეინარჩუნეთ. ის აუცილებლად დაგჭირდებათ.

გული მტკივა, რომ სოფელში არაფერს იტოვებენ, ისე მიდიან. სოფელი არავის აღარ უნდა. ადრე გზაც არ გვქონდა, ახლა სახლამდე გზა მიდის, ხილი დარგე, ამოხვალ – მოკრეფ“.

რამდენიმე წლის წინ ხალით ქოქოლაძე მაჭახლის ხეობამ „ხევისბერად“ დაასახელა. ის ამ ხეობის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, ქოქოლეთში ცხოვრობს.

როგორც „ხევისბერს“, მდინარე მაჭახელაზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებშიც მიუღია მონაწილეობა:

„მდინარე მიწის ქვეშ უნდა მოექციათ, ჩვენ უარზე ვიყავით და მთელმა ხეობამ წინააღმდეგობა გავუწიეთ. იცით როგორია ჩვენი მდინარე? – ერთი კვირაც რომ იწვიმოს, წყალი არ აიმღვრევა. ასეთი მდინარის მიწის ქვეშ მოქცევა არ შეიძლება. კომპანიის ხალხმა სახლშიც მომაკითხა, მთხოვეს დაგვეხმარეო, მაგრამ არა.“

ხალით ქოქოლაძეს შვილიშვილმა ფეისბუქზე საკუთარი გვერდი გაუკეთა. მან ახლა იცის, რომ როგორც მაჭახლის ხეობაში, ასევე სოციალურ ქსელშიც პოპულარული კაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი