Batumelebi | მოეხსნება თუ არა ყადაღა გომარდულს – მთავრობის კიდევ ერთი დაპირება მოეხსნება თუ არა ყადაღა გომარდულს – მთავრობის კიდევ ერთი დაპირება – Batumelebi
RU | GE  

მოეხსნება თუ არა ყადაღა გომარდულს – მთავრობის კიდევ ერთი დაპირება

ამუშავდება თუ არა წელს, ზამთრის ტურისტულ სეზონზე შუახევში, გომარდულში მდებარე სასტუმრო-სახლები, ამ ეტაპზე ისევ უცნობია. სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ქონებას, რომელიც ამ კურორტს მართავს, ჯერ ისევ ყადაღა ადევს. თუმცა, საუბარია საგადასახადო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ზამთრის კურორტი გომარდულში შესაძლოა ისევ ამუშავდეს.

საგადასახადო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააჟღერა მთავრობის სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფორმდება საგადასახადო შეთანხმება და აღნიშნულ კომპანიას ყადაღა მოეხსნება. ეს აქციონერებს მისცემს საშუალებას განავითარონ კურორტი.

„აჭარის ხელისუფლება იქნება ჩართული, რომ გომარდულში იყოს მეტი განვითარება. ტურიზმის დეპარტამენტმა უმოკლეს ვადებში უნდა უზრუნველყოს სეზონის გახსნა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის მთავრობა სააქციო საზოგადოება „გომარდულისთვის“ დავალიანების ჩამოწერაზე საუბრობს. 2017 წელს დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა, თუმცა – უშედეგოდ.

სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ დირექტორი, ჯემალ დარჩიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საგადასახადო შეთანხმება ბიუჯეტში 20 000 ლარის გადახდას ითვალისწინებს:

„ვალდებულებაში გვაქვს 20 000 ლარის შეტანა ბიუჯეტში, შეთანხმებიდან ერთი თვის ინტერვალში. ამ თანხას რომ დავფარავთ, არის პირობა, რომ გომარდული შეზღუდვებისგან იქნება თავისუფალი, ანუ ჩამოეწერება ყველანაირი დავალიანება. თანხის გადახდა აქციონერებზეა დამოკიდებული, ზოგი უცხოეთშია, როცა შეიკრიბებიან, დაახლოებით ათ დღეში, გვეცოდინება ზუსტი პასუხები. ამჟამად კოტეჯები დაკეტილი, იქ შესვლის უფლება არ გვაქვს“.

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ რვა აქციონერი ჰყავს, მათგან ერთ-ერთია აჭარის მთავრობა, 10-პროცენტიანი წილით. კურორტის ერთ-ერთი აქციონერია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძე.

კურორტი გომარდული 2011 წელს გაიხსნა, მუშაობდა 2012 წელსაც, ხოლო შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. მიწის ფართობი, რომელიც კომპანიას 2011 წელს პირობებით გადაეცა, 50 ჰექტარია, მიწის გადასახადი კი წლიურად, დაახლოებით 130 ათასი ლარია.

რა დავალიანება აქვს ამ დროისთვის სააქციო საზოგადოება „გომარდულს“, ჯემალ დარჩიძეს „ზეპირად არ ახსოვს“. თუმცა, ჯერ კიდევ გასულ წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ საუბარია დაახლოებით 800 000 ლარზე.

ამავე თემაზე: 

დაყადაღებული კურორტი და მთავრობის გეგმა

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com