მთავარი,სიახლეები

„შევქმნი საკუთარ გვერდს და გამიცნობენ, როგორც კარგ ხელოსანს“ – სემინარი ყოფილი პატიმრებისთვის

30.11.2018 • 1721
„შევქმნი საკუთარ გვერდს და გამიცნობენ, როგორც კარგ ხელოსანს“ – სემინარი ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ბევრი სხვადასხვა კუთხით ითვალისწინებს ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებას. ამჯერად ერთ-ერთ მიმართულებაზე შევჩერდებით: ბიზნესის მართვისა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

ზემოთჩამოთვლილი ჯგუფებისთვის ხშირად ხელოსნობა და ხელსაქმე, ხეზე, რკინასა თუ სხვა მასალებზე მუშაობაა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ზოგიც სოფლის მეურნეობას მისდევს, სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავს.

ქალები ხშირად სუვენირებს ამზადებენ, კერავენ, ქსოვენ ან ქვილინგით – ქაღალდებისგან დეკორატიული ნივთების, სამკაულების დამზადებით არიან დაკავებულები.

თუმცა პროდუქციის შექმნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი რეკლამა და პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანაა.

ამისთვის საჭირო უნარების განსავითარებლად დემოკრატიის ინსტიტუტი მცირეხნიან, მოქნილ და საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგ-სემინარებს სთავაზობს ბენეფიციარებს.

პირველ ეტაპზე ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის წარმომადგენლები და მოხალისეები ათვალიერებენ ბენეფიციართა სახელოსნოებს, ნამუშევრებს, სამუშაო გარემოს, იღებენ ფოტოებს, ქმნიან სოციალურ ქსელში პროდუქციის რეკლამისთვის განკუთვნილ გვერდებს, შემდეგ კი ბენეფიციარებსაც ასწავლიან როგორ გამოიყენონ ეფექტურად ინტერნეტი და სოციალური მედია პროდუქციის რეკლამირებისთვის.

„მსურს სამომავლოდ გავხსნა საბავშვო ბაღი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, სადაც სააღმზრდელო პროცესი იქნება ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო. აქამდე არ მიფიქრია სოციალურ ქსელში გამეკეთებინა გვერდი, სადაც ბაღის რეკლამას განვათავსებდი. ტრენინგზე ბევრი ახალი რამ გავიგე, რასაც სამომავლო საქმიანობაში გამოვიყენებ“, – ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელმაც ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი გაიარა.

სოციალური მედიისა და ინტერნეტის ეფექტურად გამოყენების შესახებ სემინარის მოსმენის შემდეგ მეორე ბინეფიციარიც გვიზიარებს საკუთარ აზრს:

ვარ ხელოსანი, მაქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, რეკლამა არასდროს გამიკეთებია. ტრენინგის შემდეგ ვფიქრობ, შევქმნა საკუთარი გვერდი, საიდანაც გამიცნობენ, როგორც კარგ ხელოსანს“.

ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს ისწავლონ cv-ის მომზადება და სამოტივაციო წერილის შედგენა, დამსაქმებელთან გასაუბრებისას, პირველი კომუნიკაციის აუცილებელი წესები.

ამავე ტრენინგზე ეცნობიან იმ ძირითად ვებ-პორტალებსა და პლატფორმებს, სადაც სხვადასხვა სფეროს მიხედვით სამსახურის მოძიებაა შესაძლებელი.

ტრენინგებისას ბენეფიციარები და ტრენერები პრაქტიკულად განიხილავენ სხვადასხვა ბიზნესკომპანიის სარეკლამო გვერდებსა და პიარკამპანიის სტრატეგიებს.

ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებს უცხოელმა ტრენერმა, მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ლეიშა სომერსმა ჩაუტარა. მან საკუთარი ბიზნესის წარმოჩენის საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა მსმენელებს.

ტრენინგები და სემინარები უტარდებათ ასევე სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ბენეფიციარებს სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ამის პრაქტიკაში დანერგვის საშუალებებზე.

სწავლება ხორციელდება დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.

დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტს ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან: „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „თანაზიართან“, და „ფონდ აფხაზინტერკონტთან” ერთად ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია

ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით ტრენინგ-სემინარები ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ტარდება აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და გურიაში.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: