მთავარი,სიახლეები

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა“ – აქცია 3 საათზე ბათუმის ევროპის მოედანზე

11.11.2018
„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა“ – აქცია 3 საათზე ბათუმის ევროპის მოედანზე

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა – სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ – საპროტესტო აქცია ამ მოთხოვნით დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. ევროპის მოედანზე შეკრებილები სოლიდარობას გამოუცხადებენ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. აქცია სამოქალაქო ორგანიზაციებმა დაგეგმეს და იგი 3 საათზე დაიწყება.

„ვითხოვთ სამართალს, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას,“ – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

ზაზა სარალიძე დედასთან ერთად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე უკვე დაბრუნდა. მანამდე, ორივე მათგანმა რამდენიმე საათი დაჰყო ინგოროყვას კლინიკაში მას შემდეგ, რაც აქციაზე მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ შეუძლოდ გახდნენ.

საპროტესტო აქცია გუშინ საღამოს 8 საათზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ სარალიძის და მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვების გაშლაში ხელშეშლას სახელმწიფოს მხრიდან, ასევე თბილისის მერიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, აქციის მონაწილეებს ადგილი უნდა შეეცვალათ.

აქცია თბილისში პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციელები ისევ შეეცადნენ, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთმიათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას  შეუძლოდ ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

კარვის გაშლის შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: