მთავარი,სიახლეები

„სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“ – რას აპირებს კომპანია კარიერზე, სადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა

07.11.2018 • 1660
„სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“ – რას აპირებს კომპანია კარიერზე, სადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა

„ჩვენ სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ალბაირაქის“ წარმომადგენელმა, გია ღოღობერიძემ. ეს კომპანია მოიპოვებდა ამ დრომდე სამშენებლო მასალას ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სადაც 31 ოქტომბერს კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოპოვებული მასალით ბათუმში სანაპიროს ხელოვნურად ამყარებენ.

სამშენებლო მასალების მოპოვებას ქედაში „ალბაირაქი“ კომპანია “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” დაკვეთით ახორციელებს. „სტრუიკ ჯორჯია“ ჰოლანდიური კომპანიაა და მას აქვს კარიერზე მუშაობის ლიცენზია. 31 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფეთქება უწყებასთან შეთანხმებული არ იყო და ეს სპეციალურ თანხმობას საჭიროებდა.

განაგრძობს თუ არა ქედაში კომპანია მუშაობას – „ალბაირაქის“ წარმომადგენელი, გია ღოღობერიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სამუშაო შეჩერებულია, თუმცა მის განახლებას დამკვეთი ითხოვს, ასევე სოფლის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც კარიერზეა დასაქმებული.

„ჩვენ ველოდებით დაზარალებულ ოჯახთან შეთანხმების მიღწევას… გარკვეული დრო უნდა გავიდეს. „სტრუიკ ჯორჯია“ ითხოვს სამუშაოს გაგრძელებას, რადგან ჯამში 165 ათასი კუბ. მეტრი მასალის გამოტანაა დაგეგმილი, ამ დროისთვის კი, მხოლოდ 30 ათასია გამოტანილი. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს,“ – აღნიშნავს გია ღოღობერიძე.

„ალბაირაქის“ წარმომადგენლის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რა შეთანხმებას და ლიცენზიას ითხოვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. გია ღოღობერიძე ირწმუნება, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტი აქვს შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას”, რომელიც სახელმწიფოსთან არის ანგარიშვალდებული.

„ბათუმელებმა“ გასაუბრება კომპანია შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯიასთან“ სცადა. კომპანიის ბათუმის ოფისში გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი პირები დაკავებული არიან და დაგვირეკავენ, როცა ამის დროს გამონახავენ. დღის ბოლომდე კომპანიიდან არავინ შეგვხმიანებია.

გაიცა თუ არა ნებართვა მორიგ აფეთქებაზე? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არავითარი დოკუმენტი სამუშაოების წარმოებაზე სამინისტროს არ გაუცია. პრესცენტრის ინფორმაციით, სამინისტროს არც კომუნიკაცია ჰქონია კომპანია „სტრუიკ ჯორჯიასთან“ იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის კარიერზე მუშაობას, ან ნაპირგამაგრებას, რისთვისაც 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პირველ ნოემბერს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში სამუშაოები შესაძლოა გაგრძელდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს, 7 ნოემბერს გვითხრეს, რომ ისინი „სამართლებრივი პროცესების დასრულებას ელოდებიან“.

ამ სამინისტროს, ასევე სხვა რომელიმე უწყებას ამ დრომდე არ განუმარტავს, კონკრეტულად ვისი ბრალეულობა იყო ის, რომ უკანონოდ აფეთქებდნენ კლდეს და ამან ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

აფეთქებას კარიერზე კომპანია „დინამიტ ლ.დ.“ ახორციელებდა. ის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე „ალბაირაქმა“ დაიქირავა. ამ დრომდე გამოძიებას მხოლოდ „ალბაირაქის“ სამი მუშა ჰყავს დაკავებული. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც გულისხმობს 2-დან 5-წლამდე პატიმრობას და უფრო მსუბუქ სასჯელებსაც ითვალისწინებს. პროკურატურა არ გამორიცხავს იმას, რომ ამ საქმეზე დამატებით სხვა პირების პასუხისმგებლობაც დადგეს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: