„ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი. მან და კიდევ 5-მა სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საქართველოში რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან წერილი მიიღო.
ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ დიქტატურის დამყარების გზაზე ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრება იყოს. რას აპირებენ სამოქალაქო ორგანიზაციები? – „ბათუმელები“ ლევან ნატროშვილს ესაუბრა, იგი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორია.
- ბატონო ლევან, თქვენ და კიდევ ხუთმა ორგანიზაციამ რაჟდენ კუპრაშვილის წერილი მიიღეთ – აგენტებად რატომ არ რეგისტრირდებითო. რა არის თქვენი პასუხი?
ჩვენი პასუხი არის ის, რაც არაერთხელ გავაჟღერეთ: კანონი, რაც საქართველოში გადმოიღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ეგრეთ წოდებული FARA, არ ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომლებსაც საკუთარი წესდება აქვთ, საკუთარი ინტერესები აქვთ და არ არიან დონორების და დამფინანსებლების ინტერესების გამტარებლები.
ასეთი ორგანიზაციები FARA-ს რეესტრში არ რეგისტრირდებიან და მათ არ ეხება ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინაიდან ეს არის ამერიკული კანონის ანალოგი – ასე არის ყოველ შემთხვევაში კომუნიკაციის დროს გაჟღერებული „ქართული ოცნების“ მხრიდან – ჩვენ არ გვეხება.
მოგეხსენებათ, „სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამოქალაქო ორგანიზაციაა – 1995 წელს დაფუძნებული. მას შემდეგ ამ ორგანიზაციამ არაერთი საქმე გააკეთა და არაერთი მხარდამჭერი ჰყოლია, არაერთი დამფინანსებელი, დონორი, პარტნიორი და ასე შემდეგ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვინმეს აგენტი ვართ და ვინმეს ინტერესებს ვატარებთ?
მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციის, თუ ფიზიკური პირების მხრიდან, არის სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი საწესდებო მიზნები, ჩვენი ამოცანები, რაც გვაქვს განსაზღვრული და რასაც ემსახურება ორგანიზაცია – ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობაა. სწორედ, აი, ამ მიზნების განხორციელებაში გვეხმარება და არავის ინსტრუქციებს არ ვასრულებთ, არავის დავალებებს არ ვასრულებთ. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ამ კანონის ინტერესის საგანი.
- კუპრაშვილის უწყება როგორ ასაბუთებს, რომ თქვენ გაქვთ ვალდებულება, დარეგისტრირდეთ აგენტებად?
წერილში პირდაპირ არ წერია, რომ ჩვენ ვარღვევთ კანონს, მაგრამ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ასე ფიქრობენ – წერილი ისეა ფორმულირებული, რომ მათ გარკვეული ინფორმაცია მოაქვთ მაგალითად და ამბობენ, რომ შეიძლება თქვენ გიწევდეთ ამ რეესტრში დარეგისტრირება და გვთხოვენ განმარტებას: რატომ არ დავრეგისტრირდით აქამდე ამ რეესტრში.
წერილში მოყვანილია, რომ მათ შეისწავლეს ჩვენი ვებგვერდი, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც პირველი წერილის პასუხად მივაწოდეთ, შეისწავლეს ჩვენი დაფინანსების წყაროები და ამბობენ, რომ შეიძლება ჩვენ გვიწევდეს ამ რეესტრში დარეგისტრირება.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროში მიიჩნევენ, რომ გვიწევს ცალსახად დარეგისტრირება, მაგრამ ამას ვნახავთ კომუნიკაციის შედეგად, როდესაც ჩვენ უკვე მივწერთ წერილს და განმარტებებსაც მივაწვდით. მერე შევხედავთ, რა გადაწყვეტილებას და რა ნაბიჯებს გადადგამს ბიურო.
- რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო გემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით. ელოდებით, რომ შესაძლოა დაიწყოს სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაპატიმრება?
სამწუხაროდ. არაფერი გამორიცხული არ არის. ამ წერილშიც მითითებულია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, თუკი გიწევს დარეგისტრირება და არ რეგისტრირდები.
ვიცით ეს კანონები, მათ შორის ე.წ. FARA რა მიზნით იქნა მიღებული, მის მიღების წინა პერიპეტიები რა იყო და როგორი ნარატივები ვრცელდებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, – რომ მათ სურდათ ფაქტობრივად სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურება.
ვიცით, რომ ეს კანონები სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული. ველოდებით, ცხადია, რომ შეიძლება დაიწყოს ამ კანონის აქტიური გამოყენება კონკრეტული ჯგუფების მიმართ, ვინ არასასურველ პირებს წარმოადგენს „ოცნებისთვის“. ეს ორგანიზაციები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მმართველი პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის…
ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, საკუთარ საქმეს აკეთებენ და ხშირად შეიძლება კრიტიკაც ისმოდეს მათი მხრიდან. ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ პარტიებმა, ხელისუფლებამ, იმ მხარემ, ვისაც აქვს პოლიტიკური ხელისუფლება, უნდა მიიღოს ეს კრიტიკა, გაითვალისწინოს, რაღაც არ გაითვალისწინოს, მაგრამ ასეთი პირების და ორგანიზაციების დევნა სრულიად მიუღებელი, არადემოკრატიული პრაქტიკაა.
ეს პროცესი მიუთითებს, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანა ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის. რასაც ვხედავთ, ეს ავტორიტარული მმართველობა სულ უფრო მეტად კონსოლიდირებული ხდება – სულ უფრო მეტი სტანდარტი ირღვევა ადამიანის უფლებების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით.
- რას აპირებთ ახლა, როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?
შემდეგ კვირაში ჩვენ მივწერთ წერილს ანტიკორუფციულ ბიუროს, რადგანაც ითხოვენ, რომ განმარტებები მივაწოდოთ. ჩვენ მივაწვდით ჩვენს პოზიციას, რაც არის ამ კანონთან დაკავშირებით – გვიწევს თუ არ გვიწევს რეგისტრაცია.
ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
- თქვენი ორგანიზაციაც ამ ეტაპზე არ იღებს დაფინანსებას რომელიმე უცხო ქვეყნიდან?
ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ იღებს ორგანიზაცია დაფინანსებას, მაგრამ დაფინანსების მიღება არ ნიშნავს, რომ შენი დონორის აგენტი ხარ და მის ინტერესებს ატარებ, ხომ?
ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც რაღაც ორგანიზაციას, ან თუნდაც ფიზიკურ პირს აქვს გარკვეული მიზნები და კარგი საქმის გაკეთება სურს უანგაროდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უსასყიდლოდ ვაწვდით ამ სერვისს ჩვენს ქვეყანას. ამისთვის კი, არის შესაძლებელი ფონდების მოძიება, შემოწირულობები, არსებობენ სპეციალური, საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათგან ვიზიდავთ დაფინანსებას და ეს ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაციისთვის, როდესაც იგი ცდილობს, მოიძიოს მხარდამჭერები, პარტნიორები გარკვეული კარგი საქმის გასაკეთებლად.
ჩვენც ამ კატეგორიაში გავდივართ. ის კანონი, რაზეც არის საუბარი, საერთოდ სხვა კატეგორიაა – სადაც მოქმედებს ასეთი კანონები, იქ არის ძალიან ცხადი, პირდაპირი კავშირი შემკვეთსა და შემსრულებელს შორის. დონორი იქნება თუ პრინციპალს რასაც ეძახიან, მან დავალება უნდა მისცეს კონკრეტულ პირს, ამისთვის შეიძლება თანხა გადაიხადოს ან არ გადაიხადოს და ისე მისცეს დავალება და მისი, ანუ პრინციპალის ინტერესებით მოქმედებდეს ეს პირი.
ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ჩვენ დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ და ვერავინ გვეტყვის, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. რეპუტაცია აქვს ორგანიზაციას, მას ქველმოქმედების მიზნით ბევრი ორგანიზაცია ეხმარება და ეს სულ სხვა სამართლებრივი რეალობაა.
- ხედავთ შანსს, რომ დღეს სასამართლოს თქვენ ამ პოზიციას გაიზიარებს?
არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი, რომ სასამართლოში ამის დამტკიცება შესაძლებელია – სასამართლოც, სხვა სახელმწიფო უწყებების მსგავსად, სამწუხაროდ, არის მიტაცებული და პოლიტიზებული. სასამართლო ხშირად ასრულებს მმართველი პარტიის დაკვეთებს. შესაბამისად, დიდი იმედი ამ მიმართულებით არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, სხვა არაფერი არ დაგვრჩენია რეალურად. ვაპირებთ, რომ გავყვეთ ამ პროცესს ბოლომდე!
- საზოგადოებას რას ეტყოდით: რას ვკარგავთ ახლა, როცა სამოქალაქო ორგანიზაციებს დაპატიმრებით ემუქრება ივანიშვილის რეჟიმი?
მგონი, უკვე ყველა თვალსაჩინოდ ხედავს, რომ ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის. ასე იწყებოდა ყველა სხვა, დღეს უკვე ავტორიტარულ ქვეყანაში თავისუფლებების შეზღუდვა, სივრცეების შეზღუდვა, რამაც საბოლოო ჯამში, დიქტატორული რეჟიმები ჩამოაყალიბა. დიქტატურა რომ კარგი არ არის, მგონი, საქართველოს მოქალაქისთვის ამის ახსნა-განმარტება ზედმეტია, ხომ?
ბევრი ადამიანი, ვინც ახლაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, საბჭოთა კავშირს მოსწრებია და იცის რა არის, თუ თვითონ არ იცხოვრა, მონაყოლი ექნება, ან ფილმები ექნებათ ნანახი… როგორც წესი, თუ გინდა, რომ დიდი კეთილდღეობა გქონდეს, ელემენტარულად კარგი განათლება გქონდეს, ჯანდაცვა და ასე შემდეგ, შენი შვილები იზრდებოდნენ ნორმალურ ქვეყანაში, დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს.
თუ იქნება დიქტატურა, ის კეთილდღეობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და უსაფრთხოების რისკებს გააჩენს ადამიანებისთვის, არ იქნება უსაფრთხო ცხოვრება და თავისუფლება. ვიცით, რომ ასეთი ქვეყანა ცუდია და ამ მიმართულებით მიდის ჩვენი ქვეყანა.
დღეს ერთს მიადგებიან, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს და საბოლოო ჯამში გამოვა ისე, რომ საქართველო დაემსგავსება ზოგიერთ მეზობელ ქვეყანას, სადაც აღარ არის დემოკრატიის არანაირი ჩანასახი. ცხადია, ეს ყველასთვის ცუდი იქნება.






