მთავარი,სიახლეები

აჭარაში წელს 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება – სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა

26.04.2026
აჭარაში წელს 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება – სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, პოსტოპერაციული მოვლისა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.

დაგეგმილია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია, პოსტოპერაციული მოვლა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 3 მაისს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. მომსახურების გაწევის ვადაა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდი.

სხვა პირობებთან ერთად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

„საჭირო პროცედურების ჩატარების შემდგომ ძაღლის პატრონისთვის გადაცემა.

სტერილიზაცია უნდა განახორციელოს მხოლოდ სერტიფიცირებულმა ვეტერინარმა, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო სერტიფიკატი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიმართულებით.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, იმ ლოკაციების განსაზღვრა, სადაც განხორციელდება მომსახურება. თუ აღნიშნულ ლოკაციებზე, არ არის ვეტერინარული დაწესებულება, ამ ლოკაციაზე მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობით.

სტერილიზაცია უნდა განხორციელდეს სტერილურ პირობებში, ჰუმანური მეთოდით – ძაღლისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, ტკივილის მართვით [ანესთეზია, ანალგეზია], რა დროსაც გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვისას დაცული უნდა იქნეს მათი უსაფრთხოება და შენახული იქნეს სეიფში.

სტერილიზაციის შემდეგ ძაღლის პატრონისთვის გადაცემა უნდა მოხდეს პოსტოპერაციული რეაბილიტაციის უზრუნველყოფის შემდეგ „შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით.

სტერილიზაცია დაუშვებელია, თუ ძაღლის ინდივიდუალური კლინიკური შეფასების საფუძველზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია და სიცოცხლისთვის შეუთავსებელია სტერილიზაციის პროცესში ანესთეზიის/ანალგეზიის გამოყენება და ტკივილის მართვა და აღნიშნულის თაობაზე არსებობს ვეტერინარის დასკვნა.

მიმწოდებელი ვალდებულია სტერილიზაცია განახორციელოს მუნიციპალიტეტების მიხედვით, სააგენტოს მიერ განსაზღვრული შემდეგი საორიენტაციო გეგმის შესაბამისად:

აჭარის მუნიციპალიტეტებში 2026 წლის ბოლომდე 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება

იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ჩიპირებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომსახურების განხორციელების პროცესში წარმოშობილ რისკ ფაქტორებზე.“

ამასთან, ტენდერის პირობების მიხედვით, „მიმწოდებელმა, მის მიერ იდენტიფიცირებული ძაღლის შესახებ ინფორმაცია უნდა დაარეგისტრიროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელზე წვდომასაც უზრუნველყოფს სააგენტო.

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველს წარუდგინოს ყველა მუნიციპალიტეტში იმ კონკრეტული ლოკაციის შესახებ ინფორმაცია, სადაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება.

პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ვეტერინარი/ები, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო სერტიფიკატი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიმართულებით.

პრეტენდენტი, სატენდერო წინადადებების მიღების დღისთვის, უნდა იყოს ეკონიმიკურ საქმიანობათა რეესტრში, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის რეესტრში რეგისტრირებული ვეტერინარული დაწესებულება.“

სურსათის ეროვნული სააგენტო სხვა პროგრამებსაც ახორციელებს, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს ეხება. ამ კუთხით სააგენტოს საქმიანობას პროტესტი მოჰყვა ცხოველთა უფლებების დამცველების მხრიდან.

ვრცლად: ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

ამავე თემაზე:

სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებს 481 00 ლარად ყიდულობს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: