მთავარი,სიახლეები

25 აგვისტოდან მტირალასთან მისასვლელი გზა მანქანებისთვის ჩაიკეტება

23.08.2018
25 აგვისტოდან მტირალასთან მისასვლელი გზა მანქანებისთვის ჩაიკეტება

25 აგვისტოდან მტირალას ეროვნულ პარკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტება. მტირალას პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტებს, რომელთაც ამ დღეებში სურთ ეროვნული პარკის მონახულება, დაახლოებით 10 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ ჩაქვიდან მტირალას ეროვნულ პარკამდე, სოფელ ხალას გავლით.

„პარკი ღია იქნება, მაგრამ მანქანით ამოსვლა არ იქნება შესაძლებელი. ეს პარკთან მისასვლელი ერთადერთი გზაა, უკვე გავაფრთხილეთ ტურისტული სააგენტოები. ვარაუდობენ, რომ 10 დღეში მორჩებიან, თუმცა ზუსტად არ იციან, ამინდზეა დამოკიდებული,“ – ამბობენ მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჯერად მტირალასთან მისასვლელ გზაზე ასფალტი 3 კმ-სა და 230 მეტრზე დაიგება. „კარგი ამინდის შემთხვევაში მალე დაიგება, თუ ამინდმა ხელი შეუშალა, ცოტა გაიწელება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როცა ვერ იმუშავებენ, გზა გაიხსნება. ახლა, ჯამში, ვაკეთებთ 15 კილომეტრს“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

კითხვაზე, რატომ გადაწყდა გზის დაგება აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, დეპარტამენტში პასუხობენ, რომ ეს რიგ გარემოებებზეა დამოკიდებული:

„ტენდერის გამოცხადება, შესწავლა და ასევე ამინდიც. მთაა, მიწა ადვილად არ შრება. უფრო ადრეც შეიძლებოდა დასრულება, ასეთი ცუდი ამინდი რომ არ ყოფილიყო“.

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. სამუშაოზე ბიუჯეტიდან 1 მილიონ 233 ათას 533 ლარი იხარჯება.

წელს მტირალას ეროვნულ პარკს 38 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია. როგორც პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, შიდა ტურისტებს უცხოელი ტურისტები ჭარბობენ. უცხოელი ტურისტების ხუთეული ასე გამოიყურება: I – ისრაელი, II – რუსეთი, III – არაბთა გაერთიანებული საამიროები, IV- უკრაინა, V – გერმანია.

 

________________________

ამავე თემაზე: 

შქერის ყვავილობა მტირალას ნაკრძალში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: