მთავარი,სიახლეები

დელფინარიუმი: არ იყიდოთ ბილეთი გადამყიდველებთან

24.07.2018 • 8300
დელფინარიუმი: არ იყიდოთ ბილეთი გადამყიდველებთან

ბათუმის დელფინარიუმი განცხადებას ავრცელებს დელფინების შოუს ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოტყუვდნენ.

„დელფინარიუმის შენობის მიმდებარედ, გარე პერიმეტრზე, მრავლადაა ე.წ „გადამყიდველები“, მოქალაქეთა ერთი და იგივე ჯგუფი, რომლებიც ორმაგ, სამმაგ ფასში ყიდის შოუს ბილეთებს, ეწევიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.  გაფრთხილებთ და გთხოვთ!  ნუ მოტყუვდებით და შეიძინეთ ბილეთები წინასწარ, უმჯობესია ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებგვერდზე  ან რამდენიმე დღით ადრე, დელფინარიუმის სალაროში“ – აღნიშნულია დელფინარიუმის განცხადებაში.

დელფინარიუმის პიარ-მენეჯერი და შოუს წამყვანი ბერდია კუტუბიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბილეთების რაოდენობა გაყიდვისას შეზღუდული არ არის:

„სალაროში ვერავის ვერ ავუკრძალავთ ბილეთის ყიდვას, არც რაოდენობა არის შეზღუდული. რამდენიც უნდა, იმდენი ბილეთი შეუძლია ადამიანს იყიდოს. მოდიან ტურისტული კომპანიები, ყიდულობენ სალაროში  და როგორ არ უნდა მისცე? ზოგჯერ სხვადასხვა ადამიანს აგზავნიან ხოლმე და ამას ჩვენ ხომ ვერ გავაკონტროლებთ“ – გვეუბნება ის.

ბერდია კუტუბიძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადება ადმინისტრაციამ გასულ წელსაც გაავრცელა:

„იყო შემთხვევები, როცა გვითხრეს, 40 ლარად შევიძინეთ ბილეთიო. ერთადერთი რაც შეგვიძლია ის არის, რომ გავაკონტროლოთ, არ მოხდეს ბილეთების გადაყიდვა დელფინარიუმის ტერიტორიაზე. გარემოვაჭრეებიც კი გარე პერიმეტრზე არიან და დაცვა აკონტროლებს, რომ შიგნით არ იყოს მსგავსი სიტუაცია. ტერიტორიის გარეთ ვინ რას იზამს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება“.

დელფინების წარმოდგენა დღეში სამჯერ იმართება. ბილეთის ფასი 15-20 ლარია. 6 წლამდე პატარებისთვის დელფინების შოუზე დასწრება უფასოა.

ბათუმის დელფინარიუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: