მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების იჯარით გაცემის წესი და ფასები განსაზღვრა

24.07.2018 • 2947
ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების იჯარით გაცემის წესი და ფასები განსაზღვრა

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟებზე მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებისათვის საიჯარო გადასახადი – 1 კვ/მ ნაკვეთზე – 60 ლარი, ხოლო საპლაჟო ინფრასტურუქურის განთავსების მიზნით 1 კვ/მ-ზე – 29 ლარით განსაზღვრა. ბაზიერების პუნქტის განათვსების მსურველებისთვის კი, 1 კვ/მ-ის საწყისი ფასი 134 ლარი იქნება. ბათუმის მერიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლში აუქციონის წესით განსაკარგი მიწის ნაკვეთების საფასურს ადგენს, საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პარალელურად, მერიაში მიზანშეწონილად მიიჩნევენ ცვლილება შევიდეს განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ დადგენილებაში და კონკრეტულად ამ ზონისათვის დასაშვები სახეობების ჩამონათვალს დაემატოს: „ტერიტორიაზე დროებითი კონსტრუქციების – ბუნგალოების და სხვა კვების ობიექტების განთავსება.“

ინიციატივის ავტორის, მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მირიან მეტრეველის განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს საკურორტო სეზონისათვის არსებული ტერიტორიის სწორ და ეფექტურ გამოყენება-განვითარებას. ასევე,  შესაძლებელი გახდება დაინტერესებულ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცეთ ობიექტები, მისი გამოყენების და მოვლა-პატრონობის მიზნით.

მერია განმარტებით ბარათში წერს იმის შესახებაც, რომ ამ ცვლილების პროექტი მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე მომზადდა და რომ მოსახლეობა საკურორტო სეზონთან დაკავშირებით მოძრავი კვების ობიექტებისა და საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე ნებართვებს ითხოვს.

ვიდრე მერია შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობდა, გონიო-კვარიათის პლაჟებზე უკანონო სამუშაოები მიმდინარეობდა. „ბათუმელების“ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნგალო და კაფე, რომლებიც დღეს გონიო-კვარიათის პლაჟზეა განთავსებული, ფაქტობრივად, უკანონოა.

იხდიან თუ არა გადასახადს ქალაქის ბიუჯეტში იმ ობიექტების მფლობელები, რომლებიც გონიო-კვარიათში უნებართვო საქმიანობას ეწევიან? – ბათუმის მერიაში ამასთან დაკავშირებით დაახლოებით 10 დღის წინ განაცხადეს, რომ „რახან დაკავებული აქვთ ბათუმის მერიის კუთვნილი ტერიტორია, მუნიციპალური სერვისების სააგენტომ გადაამოწმა და მიღებული მონაცემების დამუშავების შემდეგ დაეკისრება მათ [ობიექტების მფლობელებს]  ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდა“.

მერიის მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტებს ბათუმის საკრებულო 27 ივლისს დაგეგმილ სხდომაზე უყრის კენჭს.

საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებამდე ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟები 41 სექტორად დაჰყო:

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: