მთავარი,სიახლეები

რა კეთდება ევროპის დახმარებით ბათუმში და რამდენს ვიხდით შეღავათიანი სესხის დასაფარად

14.11.2025 •
რა კეთდება ევროპის დახმარებით ბათუმში და რამდენს ვიხდით შეღავათიანი სესხის დასაფარად

სასესხო ვალდებულებების დასაფარად ბათუმის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში 46 მილიონ 933 100 ლარი აქვს გათვალისწინებული. გეგმის მიხედვით, მერიას ამ თანხიდან 17 მილიონ 493 800 ლარი სამ კვარტალში უნდა დაეფარა. მერიამ ეს გეგმა შეასრულა.

ამაში შედის როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხის მომსახურება.

სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ბათუმში 15 წელზე მეტია ეტაპობრივად ხორციელდება, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს. გარდა ძველი და მწყობრიდან გამოსული სისტემის სრულად ახლით ჩანაცვლებისა, ამ პროექტის ფარგლებში დააფინანსეს და ააშენეს გამწმენდი ნაგებობებიც.

თითოეული ფაზის განხორციელებისთვის მილიონობით ევრო იხარჯა.

2025 წლის სამ კვარტალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KFW] მიღებული სესხის დაბრუნების მიზნით აჭარის მთავრობამ 8 მილიონ 079 600 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, სამ კვარტალში მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესება და გაფართოებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხების მომსახურების ხარჯის სახით – 351 200 ლარი, ხოლო კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KFW] მიღებული სესხის მომსახურებისთვის – 537 900 ლარი დაიხარჯა.

ამ დრომდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდებოდა. ეს დახმარება იყო როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი. რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად, ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები.

ბათუმში სტანდარტული ნაგავსაყარის მშენებლობისთვის აჭარის მთავრობამ 7 მილიონი ევრო მიიღო. აქედან  3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი [თუმცა ობიექტის ამუშავება დროში გაიწელა].

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ გამოყოფილი 1,5 მილიონი ევრო დაიხარჯა ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. ტექნიკური აღჭურვილობა კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან [KfW] საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის ბათუმი 7 მილიონ 500 ათას ევროს მიიღებს გრანტის სახით.

KfW-ს დახმარებით აჭარის დაბებსა და სოფლებში დაიწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები.

ამ თემაზე:

რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: