მთავარი,სიახლეები

როგორ კარგავს ბათუმი სახეს, რელიგია და თვითმმართველობა – საჯარო განხილვა

30.06.2018 • 2958
როგორ კარგავს ბათუმი სახეს, რელიგია და თვითმმართველობა – საჯარო განხილვა

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერიისა და საკრებულოს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვის მომხსენებლები იყვნენ: ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, ბათუმის საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ლელა ნემსაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ დირექტორი  ლევან გობაძე და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე.

საჯარო განხილვაზე დღეს ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს,  სულიკო თებიძეს ელოდნენ, თუმცა ისინი, როგორც შეხვედრაზე ითქვა – მოუცლელობის გამო, შეხვედრაზე არ მოსულან.

ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ მერიის მუშაობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქალაქის ბიუჯეტი საზოგადოების ჩართულობით იგეგმება და ასევე, მოქმედებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის ჩართულობითაც მერია განიხილავს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებსა და ინიციატივებს.

ლევან გობაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ დირექტორმა, სხვა პრობლემებთან ერთად, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქალაქმშენებლობის საკითხი დაასახელა:

„ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ბოლო წლებში ბათუმმა დაკარგა თავისი სახე. განაშენიანება მიმდინარეობს სისტემისა და გააზრების გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელშიც ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ გაწერილი ხედვა, პოლიტიკა. არის ისეთი შემთხვევებიც კი, როცა სამშენებლო ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა ტერიტორია უკვე შემოღობილია და მშენებლობა დაწყებულია. ასეთი საკითხები ნამდვილად არ მატებს ღირსებას ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს. უნდა ჩამოყალიბდეს კარგად გააზრებული პოლიტიკა ამ მიმართულებით და მეორე საკითხია, ამ პოლიტიკის აღსრულება, რომელშიც ასევე ჩართული უნდა იყოს თვითმმართველობა, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება მთლიანად. ბათუმის მერიამ და საკრებულომ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ამ საკითხზე.“

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ლევან გობაძე შეეხო, თვითმმართველობისა და რელიგიური კონფესიების ურთიერთობის თემას შეეხებოდა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ბათუმის მერიიდან, გვაინტერესებდა, რამდენი ეკლესიის მშენებლობაზე გაიცა ბათუმში ნებართვა 2006 წლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ არც ერთი ეკლესიის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას არ გაუცია. კონკორდატშიც ჩაწერილია, რომ ნებისმიერი მშენებლობის დროს ეკლესიაც უნდა ექვემდებარებოდეს სამოქალაქო ნორმებს. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ღია, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობა, მაშინ უნდა გვქონდეს ცალსახად გამოხატული პოზიცია რელიგიურ კონფესებთან დაკავშირებით. ყველა რელიგიურ კონფესიასთან მიმართებაში კანონი უნდა იყოს თანაბარი, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ასეა. გვინდა ვიცოდეთ, რა პოლიტიკა, რა ხედვა აქვს ბათუმის თვითმმართველობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბათუმი ყოველთვის იყო მულტიკულტურული და მულტირელიგიური ქალაქი“ – აღნიშნა ლევან გობაძემ.

ბათუმის საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ლელა ნემსაძემ საკრებულოს მუშაობასა და საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოზე ისაუბრა და მოკლედ შეეხო საკრებულოს სხდომების „ლაივსტრიმით“ გაშვების პრობლემასაც. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებობს ტექნიკური შეფერხება, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.

ქალაქის არაგეგმიურად და უსისტემოდ განაშენიანების საკითხი დაასახელა მთავარ პრობლემად „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ცაგო კახაბერიძემ, რომელიც წლებია ქალაქმშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი მჭიდროდაა კავშირში ქალაქში გამწვანების სიმცირესა და ავტოპარკინგის პრობლემასთან და თემა კონკრეტული მაგალითებით განიხილა. ჟურნალისტი შეეხო ბათუმში გარევაჭრობისა და ტროტუარებზე გამოტანილი კაფე-რესტორნების თემასაც.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვის ორგანიზატორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: