მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი ქალაქში მიტაცებულ ტროტუარებზე: ხშირ შემთხვევაში ჯარიმა არაადეკვატურია

24.06.2018
ბათუმის მერი ქალაქში მიტაცებულ ტროტუარებზე: ხშირ შემთხვევაში ჯარიმა არაადეკვატურია

„ძალიან მალე, ვფიქრობ არაუგვიანეს ამ თვის ბოლოს, ავამოქმედებთ ახალ ვებ ინსტრუმენტს ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება შევიდეს და ნახოს, კონკრეტულ ადგილზე რა სავაჭრო ნებართვებია გაცემული – იქნება ეს ღია კაფეები, სხვა ტიპის ვაჭრობა, წერტილოვანი ვაჭრობა – ვთქვათ, წვენის აპარატები, ნაყინის დახლები თუ სხვა. აქვე, პირველ ეტაპზე თუ არა, უმოკლეს ხანში მაინც იქნება ატვირთული შესაბამისი ფოტომასალაც“ – აცხადებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

„ბათუმელებმა“ მერს შეკითხვა ქალაქში გადაკეტილ ტროტუარებთან დაკავშირებით დაუსვა. ბათუმში არაერთ ადგილზე ტროტუარზე მაგიდები და სკამები ისეა განთავსებული, ეტლით მოსარგებლეზე რომ არაფერი ვთქვათ, თავისუფლად ფეხით მოსიარულეც ვერ გადაადგილდება.

ბევრ კაფეს მეპატრონეს ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია ისე აქვს განთავსებული გადაადგილება შეუძლებელია.

ლაშა კომახიძე

„როცა კაფე-ბარი მოგვმართავს მერიას, რომ მას უნდა გარეთ განათავსოს მაგიდა და სკამები, შემოდის მერიაში შესაბამისი განაცხადი და შემოდის შესაბამისი ნახაზიც. ამის შემდეგ გადის ზედამხედველობის თანამშრომელი ადგილზე, აკეთებს აზომვით ნახაზებს – რჩება თუ არა ის მინიმუმი, რომელიც ფეხით მოსიარულისთვის არის საჭირო და ამის მიხედვით შემუშავდება რეკომენდაცია ნებართვის გაცემაზე, თუ არგაცემაზე“ – ხსნის ნებართვის გაცემის მექანიზმს ქალაქის მერი – „სამწუხაროდ, გარკვეულ შემთხვევებში აღმოჩნდება, რომ უკვე ნებართვის გაცემის შემდგომ ხდება ამ ობიექტის მხრიდან თვითნებურად დარღვევა სხვადასხვა მოცემულობების. ეს იქნება ვთქვათ, ქაოტურად განთავსებული მაგიდების სახით, თუ იქ ქოთნებით მცენარეების განთავსების… არის ისეთი მომენტები, როდესაც გააკეთეს დახურული მსუბუქი კონსტრუქცია, შუშებით, რკინით… ამ შემთხვევაში იწყება ის ადმინისტრაციული პროცესები, რასაც ჰქვია მითითების მიცემა, დაჯარიმება. თუმცა, ძალიან ხშირად მივდივართ იგივე წრეზე, როდესაც ის ჯარიმა არაადეკვატურია კონკრეტული დარღვევისათვის. ვინაიდან, კაფე-ბარი, რომელიც 1000-2000-3000 ლარს ვაჭრობს დღეში, იმისთვის იგივე 500-ლარიანი თუ 1000-ლარიანი ჯარიმა არ არის ხშირად ადეკვატური და შესაფერისი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამსახურები აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, გიდასტურებთ, რომ უფრო მეტი ეფექტურობა გვჭირდება“.

ლაშა კომახიძეს, ამ კუთხით მერიის ეფექტურობის გაზრდისთვის, აუცილებლად მიაჩნია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ბათუმის მერის განცხადებით შესაბამისი ინიციატივები აჭარის უმაღლეს საბჭოში მერიას უკვე შეტანილი აქვს: „მხოლოდ ზედამხედველობა შესაბამისი ინსტრუმენტების, სანქციებისა და კანონმდებლობის გარეშე უძლური იქნება. ამას აჩვენებს პრაქტიკა. საჭიროა შესაბამისი მხარდაჭერაც არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელის მხრიდანაც, რომ ამ ნაწილში გამოტანილი განაჩენი აღსრულებული იქნეს ისეთივე ეფექტურობით, როგორც მასზე რეაგირება არის გაკეთებული. ასე რომ, თვალყურს ვადევნებთ ამ ტროტუარებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტურად ვიმუშაოთ ამ კუთხით“.

მერიის ინიციატივები აღსრულების მექანიზმების კუთხით, ეხება ასევე უკანონო მშენებლობებსაც ბათუმში.

მთავარი ფოტო: მაგიდებით გადაკეტილი ტროტუარი ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/54615/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: