მთავარი,სიახლეები

გამომძიებელი „ლეოგრანდის საქმეზე“: მე მხოლოდ სასტუმროს პირველი სართული დავათვალიერე

25.06.2018 • 1923
გამომძიებელი „ლეოგრანდის საქმეზე“: მე მხოლოდ სასტუმროს პირველი სართული დავათვალიერე

„მე მხოლოდ სასტუმროს პირველი სართული დავათვალიერე,“ – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე გამომძიებელმა უჩა კახიძემ. ის „ლეოგრანდის საქმეზე“ დაიკითხა.

საქმის მასალების მიხედვით, უჩა კახიძემ ხანძრის შემდეგ მთლიანად სასტუმრო დაათვალიერა, მათ შორის, საქვაბე, სადაც გამოძიების ვერსიით, ხანძარი გაჩნდა. სასტუმროს საგამოძიებო წესით დათვალიერების დოკუმენტს სწორედ ეს გამომძიებელი აწერს ხელს.

„ეს არის დაუშვებელი მტკიცებულება, პროცესუალური კანონდარღვევა. როგორ შეიძლება ხელს აწერდე ოქმს იმაზე, რაც შენ არ გინახავს,“ – ამბობს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე. ის ამ საქმეში გიორგი მიქელაძის ინტერესებს იცავს.

გიორგი მიქელაძესთან ერთად „ლეოგრანდის საქმეზე“ თურქეთის მოქალაქე – ფათიჰ იავუზია ბრალდებული.

გამომძიებელ უჩა კახიძის განმარტებით, სასტუმროს დათვალიერებაში რამდენიმე გამომძიებელი მონაწილეობდა.

„ტერიტორია დიდი იყო და მარტო ამას ვერ მოვახერხებდი, დიდი დრო დასჭირდებოდა,“ – თქვა მან.

ჯვარედინი დაკითხვის ამოწურვის შემდეგ, პროკურორმა რამაზ შავაძემ მოწმე უჩა კახიძეს დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რა ფორმით ჩატარდა დათვალიერება. გამომძიებელმა აღნიშნა, რომ მან მას სხვა გამომძიებლები აწვდიდნენ ინფორმაციას და ოქმში მონაცემები შეჰქონდა.

პროკურორის შეკითხვა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ გააპროტესტა. მისი შეფასებით, მოწმემ დათვალიერების შესახებ მანამდე ისაუბრა და ამ შემთხვევაში პროკურორმა მოწმეს მიმანიშნებელი შეკითხვა დაუსვა. კითხვის განრიდებაზე ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არ დააკმაყოფილა.

კიდევ ერთმა გამომძიებელმა, ზურაბ შავიშვილმა, მოსამართლეს დეტალურად მოუყვა, რა ნახა საქვაბეში. მისი თქმით, იქ მხოლიდ ნაწილობრივ იყო დამწვარი საღებავის ყუთები.

საღებავზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გიორგი მიქელაძის ადვოკატი, რადგან შინაგანაწესის და ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი მიქელაძე იმ საწყობზე იყო პასუხისმგებელი, სადაც საღებავები ინახებოდა.

„ხანძრის შედეგად ეს საწყობი საერთოდ არ დამწვარა. გიორგი სხვა არაფერზე ყოფილა პასუხისმგებელი,“ – აცხადებს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სასამართლო პროცესებს გიორგი მიქელაძის ახლობლები ესწრებიან. მათი თქმით, გიორგი უდანაშაულოა და იგი გამოძიებამ მსხვერპლად აქცია.

ჩვენება მისცეს სასამართლოს სხვა გამომძიებლებმაც. „არ ვიცი,“ „აღარ მახსოვს“, „დანარჩენი ოქმში წერია…“ – ეს ფრაზები მოწმეებმა ჩვენების მიცემის დროს არაერთხელ გამოიყენეს. გამომძიებლებმა დაკითხვის პროცესი აღწერეს.

დაცვის მხარის მოთხოვნით, აღარ დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც 24 ნოემბერს ხანძარს გადაურჩნენ. მათ ჩვენებებს ადვოკატები სადავოდ აღარ მიიჩნევენ. ასეთი სულ 133 პირია. უდავოდ არის მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნებიც. დასაკითხი ამ ეტაპზე კიდევ 109 პირია.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც „თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.“ ასევე არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: