მთავარი,სიახლეები

როგორ უთვალთვალებენ ჩვენს მიმოწერებს ინტერნეტში – სააგენტოს განმარტებები სასამართლოში

10.05.2018
როგორ უთვალთვალებენ ჩვენს მიმოწერებს ინტერნეტში – სააგენტოს განმარტებები სასამართლოში

როგორ აკვირდებიან მიმოწერას ინტერნეტში – ეს სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა აღწერა. ამ სააგენტოს სუსი აკონტროლებს. საკონსტიტუციო სასამართლო “ფარული მოსმენების საქმის” არსებით განხილვას განაგრძობს.

მოსამართლე თემურ ტუღუშმა სააგენტოს წარმომადგენელს ჰკითხა, რატომ შეიძლება იყოს გამართლებული თვალთვალი ინტერნეტმიმოწერის დროს.

“თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ კუთხით მუშაობა მაინცადამაინც ტექნიკურად ეფექტური არ არის,” – თქვა მოსამართლემ.

“არ მითქვამს, რომ ამას არა აქვს საერთო ეფექტი. ჩვენ ვერ ვხედავთ მიმოწერას, როცა მომხმარებელი იყენებს დაშიფრულ პროგრამას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ვისა და ვის შორის არის კომუნიკაცია, რომელ სოციალურ ქსელს იყენებს ადამიანი… ცნობილი ხდება ამით, რომელ საიტებს იყენებს ადამიანი,” – უთხრა მოსამართლეებს დავით გაბეხაძემ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.

“თქვენ ირწმუნებით, რომ ეს სააგენტო მხოლოდ ტექნიკურ დავალებას ასრულებს. როგორც ჩანს, ინფორმაციებსაც ამუშავებთ,” – ჩაერთო დიალოგში მოსამართლე მაია კოპალეიშვილი.

“როცა დაშიფრულია მაშინ და აიფონტელეფონებზეც არ ჩანს ხომ მიმოწერა?” – ჩაეკითხა სააგენტოს წარმომადგენელს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.

“დიახ, ასეა,” – თქვა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა.

“არსებობს თუ არა პრევენციული კონტროლის მექანიზმი, მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მიერ?” – იკითხა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, არსებობს მონაცემთა ბანკი, სადაც სააგენტოს აქტიურობა ფიქსირდება.

“თუ ამ აქტივობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ინსპექტორმა უნდა მიგვითითოს დანაშაულზე,” – აღნიშნა დავით გაბეხაძემ.

სააგენტოს მიერ მოპოვებული მონაცემებიდან სააგენტო რომელ ინფორმაციას ინახავს და რომელს არა, ასევე რა ვადით? – ამ საკითხით მოსამართლე ირინა იმერლიშვილი დაინტერესდა.

“ასეთი აქტი არ არსებობს… დამკვიდრებული პრაქტიკაა,” – უპასუხა მოსამართლეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა.

“ვინ დაადგინა ეს პრაქტიკა თქვენ, თუ სუს-მა?” – იკითხა ისევ ირინა იმერლიშვილმა, მაგრამ ამ კითხვაზე მას არ უპასუხეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ფარული მოსმენების შესახებ არსებულ საკანონმდებლო ნორმასთან დაკავშირებულ საჩივარს. საჩივრის ავტორები არიან სახალხო დამცველი და კიდევ 326 მოქალაქე.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: