მთავარი,სიახლეები

ტურიზმის ბრენდპლატფორმის შექმნა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს

22.11.2017 • 1454
ტურიზმის ბრენდპლატფორმის შექმნა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბრენდპლატფორმაზე მუშაობს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ბრენდპლატფორმა გულისხმობს სარეკლამო ბაზრის შესწავლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კვლევის შედეგების მიხედვით კი, სარეკლამო სტრატეგია დაიგეგმება.

„იმისათვის, რომ სწორად მოხდეს ტურისტული პროდუქტის შეფუთვა და მიწოდება, ჯერ უნდა შეიქმნას ბრენდპლატფორმა. ჩვენ ვაგროვებთ 16 ქვეყნის შესახებ ინფორმაციას იქ, სადაც ხდება ჩვენი სარეკლმაო პროდუქტის გავრცელება, რომ ზუსტად ვიცოდეთ სწორად ვაწარმოებთ თუ არა სარეკლმაო კამპანიას.

კვლევის შემდეგ გვეცოდინება, ვთქვათ, რა აინტერესებთ პოლონეთში, გერმანიაში, რა სეგმენტზე უნდა იყოს გათვლილი რეკლამა. რა პლატფორმები უნდა გამოვიყენოთ, ინტერნეტს რამდენი მომხმარებელი ჰყავს, ტელევიზიას – რამდენი და აქედან სარეკლმაო პროდუქტით რა პროცენტია დაინტერესებული,“-გვეუბნება სულხან ღლონტი.

რაც შეეხება აჭარის ტურისტულ ლოგოს, სულხან ღლონტის თქმით, ამაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, როცა ბრენდპლატფორმის შექმნა დასრულდება.

„ლოგოს რამდენიმე ვარიანტზე იმუშავებს ტურიზმის დეპარტამენტი და შემდეგ მოხდება ამ ვერსიების საჯარო განხილვა. ლოგო პირველ რიგში უნდა ასახავდეს რეგიონის სპეციფიკას და მეორე, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ეხმიანებოდეს თანამედროვე ტენდენციებს“.

როგორც სულხან ღლონტი ამბობს, ტურისტული პალტფორმის შექმნა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

„ჩვენ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა და მათი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. რამდენიმე საერთაშორისო გამოცდილება შევაჯერეთ და ამით ვამზადებთ ტექნიკურ დოკუმენტაციას. გამოვიყენეთ ხორვატიისა და მონტენეგროს მაგალითები, რადგან ხორვატიამ შექმნა ძალიან წარმატებული მიმართულება“.

სულხან ღლონტის თქმით, ბაზრის კვლევისა და ტურისტული პლატფორმის შექმნა ასი ათასი ლარი დაჯდება, რაც გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

მისი თქმით, 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს ბრენდინგი, 2018 წელს კი 2018 -2025 წლების სტრატეგია უნდა იყოს მზად. „ეს არის ის ძირითადი დოკუმენტი,  რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ტურიზმის განვითარების სტრატეგია“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: