სიახლეები

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის განაჩენი

04.04.2015 • 1907
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის განაჩენი


ცოლის ცემასა და შეურაცხყოფაში ბრალდებული 50 წლის მამაკაცია, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ცოლთან ერთად ცხოვრობს. საქმეში მოპოვებული მტკიცებულების მიხედვით, ისინი ერთად 12 წელია ცხოვრობენ, არ ჰყავთ შვილი. პროკურორის – გიორგი მარსაგიშვილის განმარტებით, ქმარმა ცოლს წელს, 3 თებერვალს, პუშკინისა და გრიბოედევის ქუჩების კვეთასთან, დაახლოებით სამ საათზე სცემა, 6 თებერვალს, ანუ სამი დღის შემდეგ კი – შინ.

 

ბრალდების განმარტებით, კაცმა ქუჩაში საკუთარი მანქანით გადაადგილების დროს ცოლი ფიზიკურად შეურაცხყო, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შინ ყოფნის დროს კი, ქმარმა ცოლს თავის არეში ხელები ურტყა, იძალადა ცოლზე, თუმცა ამას არ გამოუწვევია სხეულის დაზიანება. ბრალდებულს სასამართლოში ადვოკატი არ იცავდა, სასამართლო პროცესს ცოლიც ესწრებოდა. პროკურორმა თქვა, რომ ცოლ-ქმარი შერიგებულია და ერთად აგრძელებენ საოჯახო მეურნეობას. მოსამართლეს კი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

 

„მე მთავარია სამსახური არ დავკარგო, ვალები გვაქვს. თუ საჭიროა ჯარიმას გადავიხდი, ოღონდ 20 აპრილს ქვეყნის დატოვება მინდა, სამუშაოდ ანტალიაში უნდა წავიდე. ცოლს მეტს აღარ ვცემ. ეს პირველი შემთხვევა იყო“, – ამ სიტყვებით ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა.

 

მოსამართლემ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ ბრალდებული დამნაშავეა და საქართველოს სახელით ორივე ეპიზოდში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა, 120 საათის ოდენობით. რა ტიპის სასარგებლო შრომას შეასრულებს 50 წლის მამაკაცი, ამის შესახებ მოსამართლეს არაფერი უთქვამს. მოსამართლის განმარტებით, უფრო შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას კანონი არ აძლევს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი – ოჯახში ძალადობა: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

 

გასულ პარასკევს ცოლის ცემაში ბრალდებული კიდევ ერთი პირის საქმე განიხილა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმში. სახელმწიფოს სახელით სასამართლოში პროკურორი ქეთევან ადამია მუშაობდა. ბრალდებული გ.კ. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდა ადვოკატი ლევან ცეცხლაძე, რომელმაც თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა, მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ის ფაქტი, რომ ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა, პროკურორმა შეაფასა როგორც საქმის გაჭიანურების მცდელობა. მოსამართლემ კი განმარტა, რომ დიდი ალბათობით ბრალდებულმა იცოდა სხდომის შესახებ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს არ გააჩნია. „რადგან ბრალდებულის ინფორმირებულობა სასამართლოს ჩატარების შესახებ ეჭვქვეშაა, მისი გაფრთხილების დასტური არ მიგვიღია, სხდომა უნდა გადავდოთ“, – განაცხადა მოსამართლემ.

 

სხდომას ბრალდებულის ნათესავები ესწრებოდნენ. საქმის განხილვა 6 აპრილს განახლდება.

 

2015 წლის 16 მარტის მონაცემებით, ქალის ცემის გამო წელს პოლიციას გაცემული აქვს 221 შემაკავებელი ორდერი, რაც თავის მხრივ სასამართლოს აქვს დამტკიცებული. 2014 წელს პოლიციის მიერ გაცემულია 817 შემაკავებელი ორდერი. 2013 წელს კი, სულ 227 ორდერი იყო გაცემული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: