Batumelebi | ბსუ: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხვალ ჩატარდება ბსუ: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხვალ ჩატარდება – Batumelebi
RU | GE  

ბსუ: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხვალ ჩატარდება

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტში ხვალ აირჩევენ. არჩევნებში ხუთი კანდიდატია დარეგისტრირებული. მოვალეობის შემსრულებელს 312 ადამიანი – უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი აირჩევს. 


არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტი” ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების შესაბამისი პროცედურების განსაზღვრის შემდეგ ჩატარებას ითხოვს. უნივერსიტეტი კი არჩევნების გადადებას არ აპირებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“  ბათუმის უნივერსიტეტის იურისტი გიორგი დიასამიძე ესაუბრა.

 

 

ბატონო გიორგი, გაეცანით თუ არა „დემოკრატიის ინსტიტიტის“ განცხადებას?

დიახ, გავეცანით.

არჩევნები ხვალ ჩატარდება?

დიახ, არაფერია არ შეცვლილა, დილის ათი საათიდან 17 საათამდე ჩატარდება არჩევნები.


არჩევის წესზე გამოთქმული შენიშვნები რაზეც არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს?

აკადემიური საბჭოს   დადგენილებით არის გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.

გაწერილია კრიტერიუმები, ვინ აძლევს ხმას, ვინ უნდა წარმოადგინოს სია, რა დოკუმენტაციაა საჭირო და როგორ გამოვლინდება გამარჯვებული. სხვა პრეტენზიებს რაც შეეხება, ის საკითხები რაც არ არის დარეგულირებული აღნიშნული დადგენილებით, დარეგულირებულია უნივერსიტეტის წესდებით. ამ დადგენილებაში არ არის გაწერილი, თუ როდის უნდა დაიწყოს, მაგალითად, არჩევნები, მაგრამ წესდებასა და საარჩევნო დებულებაში წერია, რომ არჩევნები ტარდება დილის ათი საათიდან 17 საათამდე. აქვე დადგენილია გასაჩივრების წესი, პრეტენზიის შემთხვევაში შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია გასაჩივრება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი საფუძვლები არჩევნების გადატანის, არ არსებობს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"