მთიანი აჭარა

როდის შეაკეთებენ სოფელში გზას

31.05.2015 • 2643
როდის შეაკეთებენ სოფელში გზას

ვაშლოვანი, ხულო
ვაშლოვანი, ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში, საბაურის უბანში ავტომობილი ვერ გადაადგილდება. საუბნო გზაზე მიწა თვეების წინ ჩამოწვა, საგზაო დეპარტამენტს კი გზა ამ დრომდე არ გაუწმენდია. აქ მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ არსებობისთვის საჭირო სურსათსა თუ პირადი მოხმარების ნივთებს გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული დღემდე ზურგით ეზიდებიან. ახლა მოსახლეობა იალაღზე გასასვლელად ემზადება და ვაშლოვანელები ხელისუფლებას გზის გაწმენდასა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას სთხოვენ.

„უბანში ათი კომლი ვცხოვრობთ. შემოდგომაზე რომ დაიმეწყრა, მას შემდეგ ვართ უგზოდ, ვერანაირი ავტომობილი ვერ მოდის საცხოვრებელ სახლებთან, გზა ჩაკეტილია. ხანძარი რომ გაჩნდეს, ან ვინმე ავად გახდეს, ვერც სასწრაფო მოვა და ვერც სახანძროს ავტომობილი. შაქარი, პურის ფქვილი თუ პირუტყვისთვის საჭირო ქატო ზურგით დაგვაქვს, სხვა გზა არ არის, თუ გინდა არსებობა, ზურგზე ტომარა ან გოდორი უნდა მოიკიდო, 400-500 მეტრი გზა გაიარო და საკვები სახლში მიიტანო. ჩვენ მემთეურ ცხოვრებას ვეწევით, იალაღზე ვართ წასასვლელი, ახლა მაინც გაგვიწმინდონ გზა და ეს პრობლემა მაინც მოგვიხსნან გაჭირვებულ ხალხს, რომ ზურგით არ მოგვიხდეს მთაში წასაღები ნივთების გადატანა-  ამბობს 73 წლის ილია ართმელაძე.

გადაადგილების პრობლემა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბევრ ოჯახს აქვს. ხშირია შემთხვევა, როდესაც საუბნო გზები, რომლებსაც სოფელში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი იყენებს, დაზიანების შემთხვევაში წლების განმავლობაში ვერ კეთდება.

შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პრეროგატივაა, თუმცა არის საუბნო გზები, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არ ირიცხება და შესაბამისად მათი შეკეთების ვალდებულება დეპარტამენტს არ აქვს.

ვაშლოვანი, ხულო
ვაშლოვანი, ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ამ ტიპის გზებს დეპარტამენტი მათი მოთხოვნით აკეთებს. რაც შეეხება საბაურების უბანში არსებულ პრობლემას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ პრობლემა ადგილობრივ დონეზე ვერ მოგვარდება და პრობლემის გადასაჭრელად გამგეობამ შესაბამის უწყებებთან საკითხი უკვე დააყენა.

„საბაურის უბნის პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერც სახსრებით და ვერც ტექნიკური საშუალებით ვერ უზრუნველყოფს. მთიდან მიწის დიდი მასა მოდის, საგზაო დეპარტამენტი რეგულარულად წმენდს გზას, თუმცა პრობლემა ვერ გვარდება. 10-15 დღეში ისევ ჩამოდის მიწის მასა, რაც მიმოსვლას კეტავს. ინფორმაცია რეგიონალური განვითარების სამინისტროსაც მივაწოდეთ, ერთი თვის წინ საკითხის შესასწავლად სპეციალისტები ამოვიდნენ“ –  ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხულოს მუნიციპალიტეტში რაულ ბოლქვაძე კი ამბობს, რომ საბაურის უბანში მცხოვრებლებს ალტერნატიული გზა შესთავაზეს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწაზე უნდა გასულიყო, თუმცა მოსახლეობამ მიწის დათმობაზე უარი განაცხადა.

„აქ მცოცავი მიწაა, ჩვენ რომ აქ გზა გავაკეთოთ, შეიძლება ერთ კვირაში ისევ გაფუჭდეს. შევთავაზეთ ალტერნატიული გზა, რომლისთვისაც საჭირო იყო ორი მოსახლის საკუთრებაში არსებული, მთლიანობაში 250 კვადრატული მეტრი მიწა. გამგეობა მზად იყო ერთ კვადრატში 5-6 ლარი გადაეხადა, თუმცა მოსახლეობამ მიწა არ დათმო. მთავარია მოსახლეობა შეთანხმდეს, მუნიციპალიტეტი მზად არის თანხა გადაიხადოს, მე კი ტექნიკა მაქვს გზის გასაყვანად“ –  ამბობს რაულ ბოლქვაძე.

სოფელი ვაშლოვანი ერთ-ერთი მათგანია ხულოში, სადაც საუბნო გზის პრობლემა აქვთ. მაგალითად, სოფელ პანტნარში ვერც მიკროავტობუსი მიდის და ვერც სხვა სახის მსუბუქი ავტომობილი. სოფლის მკვიდრი არჩილ მარკოიძე ამბობს, რომ სოფელში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაადგილდება, ხოლო სოფელში მისული სამარშრუტო ტაქსი აქაურებს არ ახსენდებათ.

„არ მახსოვს, სოფელში მიკროავტობუსი ამოსულიყო. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად გზა ვერ გაკეთდა ისე, რომ მსუბუქმა ავტომობილმა გადაადგილება შეძლოს. პანტნარი თემის ცენტრიდან, საციხურიდან ხუთ კილომეტრშია, მარშრუტკაც სწორედ ცენტრამდე მოდის, თემის ცენტრიდან მაღალი გამავლობის ავტომობილებზე ვალაგებთ რაც გვაქვს წასაღები და იმით მივდივართ სოფლისკენ, სოფელში არის უბნები, სადაც მაღალი გამავლობის მანქანაც კი ვერ მიდის“ – ამბობს არჩილ მარკოიძე.

„სოფელ პანტნარსა და აგარის მიმართულებით პრობლემები არის. ზამთარი გამოვიარეთ, დაღვარულია გზები და აქტიურად ვმუშაობთ შეკეთებაზე, მომავალ კვირაში აგარის გზას შევაკეთებთ. რაც შეეხება სოფელ პანტნარის სასოფლო გზას, მიმდინარე წლის გეგმაში რეაბილიტაცია არის დაგეგმილი. დიდი ალბათობით წელს შესაძლებელია სოფელში მივიდეს მსუბუქი ავტომობილი. გეგმით ვაშლოვანი-შურმულისა და ფუშრუკაული-რაგვთის მიმართულებით, სულ ორ კილომეტრ გზაზე, მზა ბეტონი დაისხმება, დაგეგმილია სოფელ ღორჯომში, ოთხი კილომეტრი სასოფლო გზისა და ხიხაძირის მიმართულებით ცხრა კილომეტრი გზის მოასფალტება, თუმცა ხიხაძირში გზის მოასფალტებას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ჩვენ ტექნიკითა და მუშახელით დავეხმარებით. მოასფალტებასთან ერთად მიმდინარე წლის გეგმაში გაწერილია უჩხოს გზის რეაბილიტირება, არხები ჩამოისხმება და სამომავლოდ ეს გზაც მოასფალტდება. ჩვენს ბალანსზე ხულოში 800 კილომეტრი გზა ირიცხება“ –  ამბობს რაულ ბოლქვაძე.

საავტომობილო გადაადგილების პრობლემაა შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებშიც.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გოდგაძეებში რამდენიმე დღის წინ გამოძახების ადგილზე მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომობილები ვერ მივიდნენ, ხანძრის ამ შემთხვევის დროს ხულოში ერთი ადამიანი დაიღუპა.

სოფელი დარჩიძეები, შუახევი
სოფელი დარჩიძეები, შუახევი

2012 წელს კი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩხითში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ცეცხლის ჩასაქრობად სოფელში ასულმა ავტომობილებმა ცეცხლწაკიდებულ სახლთან მისვლა ვერ შეძლეს, რადგან სახლთან მისასვლელი საავტომობილო გზა არ იყო. მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, თუმცა საუბნო გზები დღემდე ისევ პრობლემად რჩება მოსახლეობისთვის, როგორც ეს სამი წლის წინ იყო.

„ბოლო შემთხვევა გვქონდა, სადაც მაღალი გამავლობის მანქანა ვერ მივიყვანეთ, საშუალო გამავლობის მანქანა მივიდა, გზაც და ხიდიც ისეთი იყო, ვერ გაივლიდა, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა გამოძახების ადგილზე საერთოდ ვერ მივსულიყავით“ – ამბობს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი ლევან დეკანაძე.

სოფელ პირველ მაისში, სადაც ქადიძეების ორი ოჯახი ცხოსვრობს, საავტომობილო გზა არ არის. გზა არ აქვს ამავე სოფლის სხვადასხვა მიმართულებით მცხოვრებ კიდევ ორ ოჯახს. საავტომობილო გზა არ მიდის სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრებ ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან. სოფელ ჭინკაძეების მკვიდრი ეთერ მიქელაძე ამბობს, რომ დღემდე პრობლემაა არამარტო საუბნო, არამედ შიდა სასოფლო გზებიც.

„სოფელში გზა არის, მაგრამ ცუდ მდგომარეობაშია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით გზას წლებია ვაკეთებთ და ვერ გაკეთდა“ –  ამბობს სოფლის მკვიდრი.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულში მცხოვრები ფატი ნაკაშიძე ამბობს, რომ სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხა _ 13 000 ლარი აქაც გზის გამართვას მოხმარდება.

„სოფელში არის გზა, მაგრამ არა გამართულ მდგომარეობაში. სანიაღვრე არხები ალაგ-ალაგ გაკეთდა, გაწვიმდება თუ არა, ვერ გაივლი, სავალ გზაზე მიედინება წყალი“ –  ამბობს ფატი ნაკაშიძე.

საავტომობილო გზების წარმომადგენელი შუახევის მუნიციპალიტეტში ზვიად ცინცაძე ამბობს, რომ შუახევში მათ ბალანსზე 896 კილომეტრი და 800 მეტრი გზა ირიცხება და არსებულ ყველა გზაზე ნებისმიერ ავტომობილს შეუძლია გადაადგილება. იგი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოძახების ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ავტომობილები მისვლას შეძლებენ.

`გვაქვს საკუთარი ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ. ამ დროისთვის იალაღებთან მისასვლელ გზებს ვაკეთებთ, დაახლოებით ათ დღეში მოწესრიგდება იალაღებთან მისასვლელი ყველა გზა“ – ამბობს ზვიად ცინცაძე.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ქედაში, თემურ დევაძე ამბობს, რომ გზების რეაბილიტაცია-მოასფალტებაზე ქედის მუნიციპალიტეტში წელს 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ იმ საუბნო გზების შეკეთებაზე, რომელიც დეპარტამენტის ბალანსზე არ ირიცხება, მოთხოვნის შემთხვევაში, აქტიურად იმუშავებენ.

თემურ დევაძე: „პირველ რიგში იმ გზას ვაკეთებთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ჩვენს ბალანსზე ქედაში ირიცხება როგორც სამარშრუტე, ასევე მთებთან და იალაღებთან მისასვლელი გზა, სულ 600 კილომეტრზე მეტი, ჩვენ ამ გზების შეკეთება-რეაბილიტირებას ვახდენთ. წელს 4 მილიონამდე ლარი მოხმარდება გზების მოასფალტება-საყრდენი კედლების მოწყობას ქედაში. სოფლებში: უჩხითში, გეგელიძეებსა და ოქტომბერში სოფლის გზები მოასფალტდება.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: