მთიანი აჭარა

სამსახურები გენდერული ბალანსისთვის მუნიციპალიტეტებში

07.03.2015 • 1756
სამსახურები გენდერული ბალანსისთვის მუნიციპალიტეტებში

თამილა ფუტკარაძე
თამილა ფუტკარაძე

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა გენდერულ საკითხებში თამილა ფუტკარაძეს უკავია. მანამდე ის ამ პოზიციაზე ორი თვის განმავლობაში ხელშეკრულებით მუშაობდა. როგორც თამილა ამბობს, გენდერულმა სამსახურმა შუახევში მცხოვრები ქალების გააქტიურებასა და პოლიტიკურ პროცესებში მათ ჩართულობაზე უნდა იზრუნოს.

„ჩემი სამსახურის მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების ჩართულობის გაზრდაა. სამსახურის სამუშაო გეგმა ასევე ითვალისწინებს კვოტირებას, ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკურ პროცესებში, აგრეთვე რეგიონში არსებულ ქალთა მდგომარეობის შესწავლას“.

თამილა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სტატისტიკური მონაცემების მომზადებაზე მუშაობს, თუ რამდენი მამაკაცი და რამდენი ქალია დასაქმებული მუნიციპალიტეტში, აქედან რამდენია ხელმძღვანელ პოზიციაზე, რამდენი ქალი პედაგოგია, მათგან რამდენი სერტიფიცირებული: „აგრეთვე გვაინტერესებს როგორია დასაქმებულთა ასაკობრივი სტატისტიკაც, უფრო პენსიონერი, ასაკოვანი ქალბატონები სჭარბობენ თუ ახალგაზრდები. სტატისტიკური მონაცემები მალე გახდება ცნობილი. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქალი ვიხილოთ გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში. არიან ქალები, რომლებიც დასაქმებულები არიან, მაგრამ არა წამყვან პოზიციებზე. აქტიურად ვმუშაობთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში ქალთა როლი გავზარდოთ“.

თამილა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკულ სამუშაოებსაც ახორციელებს: „მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც აღჭურვილი იქნება კომპიუტერებით, წიგნებით, სადაც ქალებს ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ. გვინდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მომზადებაში ქალების მონაწილეობა გავზარდოთ. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება გვაქვს დაგეგმილი. ტრენინგის ჩასატარებლად არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვიწვევთ“.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამსახურის არსებობა და რა როლს შეასრულებს ის გენდერული თანასწორობის დაცვაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თამილა ფუტკარაძე პასუხობს: „დიდად მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს არ აქვთ ინფორმაცია გენდერის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ ტრენინგი ჩავუტაროთ დაბასა თუ სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს და ხელი შევუწყოთ მათ ინფორმირებას იმ კუთხით, რომ გახდნენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღებნი“.

გენდერული სამსახური შეიქმნა ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობებშიც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის თვითმმართველ ორგანოში ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება გასულ წელს ჩამოყალიბდა, განყოფილების უფროსის მოვალეობას გიორგი ტაკიძე ასრულებდა, თუმცა ამ პოზიციაზე კონკურსის ჩატარების შემდეგ სალომე ხინიკაძე დაინიშნა.

ქედის გამგეობაში გენდერული სამსახური წელს შეიქმნა – მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია თეა შარაშიძეს უკავია. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აქ ეს სამსახური ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ხულოში კი აღნიშნული პოზიცია, გამგებლის თქმით, ამ დროისთვის ვაკანტურია.


ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე: „რეორგანიზაციის შემდეგ ადმინისტრაციულ სამსახურში დაემატა სპეციალისტის პოზიცია გენდერული თანასწორობის საკითხებში. კონკურსამდე დროებით მოვალეობის შემსრულებელს დავასაქმებ, ხოლო როცა კონკურსი ჩატარდება, კონკურსის წესით დაინიშნება. ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით არის პრობლემები. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბევრი ქალბატონი მუშაობს. ვცდილობ, უფრო მეტი ქალბატონი იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში, ქალები უფრო პასუხისმგებლიანები და მობილიზებულები არიან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: