Batumelebi | ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები – Batumelebi
RU | GE  

ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გარემოს დაცვის სამინისტრომ ახალი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა გასცეს. გზის მშენებლობის მარშრუტი ჩაქვში დაგეგმილი ნაგავსაყარის მდებარეობის შეცვლის გამო შეიცვალა. შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში უკვე ხელმისაწვდომია. საჯარო განხილვა 14 აგვისტოსაა დაგეგმილი დაბა ჩაქვში, მანამდე კი მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებული შენიშვნები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაწოდონ.  

 

„გარემოზე ზემოქმედება პროექტის ფარგლებში საკმაოდ მაღალი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის ტერიტორია განთავსებულია გეოლოგიურად კომპლექსურ ადგილას და აქვს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ღირებულება,“ – ეს ჩანაწერი გზშ-ს პირველივე თავში გვხვდება.

 

 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროექტის განხორციელება რთულ გეოლოგიურ რეგიონში ხდება, სადაც აქტიური მეწყრული პროცესებია.

 

 

საპროექტო არეალში ხვდება სხვადასხვა სახეობა, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შედის – კოლხური ბზა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე,  ლაფანი, კოლხური და იმერული მუხა, კოლხური ჯონჯოლი. გარდა ამისა, პროექტის ზემოქმედების ზონაში ხვდება ეკონომიკური ღირებულების მქონე მცენარეები (სამკურნალო, სურნელოვანი, ფურაჟის, საძოვარი და აშ.).

 

 

პროექტის ზონა მოიცავს მრავალწლიან პლანტაციებს (მაგალითად, ჩაი, ციტრუსი) და სასოფლო სამეურნეო მიწებს. გზა ძირითადად კვეთს სასოფლო სამეურნეო მიწებისა და ჩაის/ციტრუსის პლანტაციების.

 

„საქმიანობისას თუ საჭირო გახდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრა, ქმედებები განხორციელდება საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად,“ – ნათქვამია გზშ-ში.

 

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით იქნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედება.

 

 

პროექტის ძირითადი დადებითი ზემოქმედება იქნება ნაკლები ჰაერის დაბინძურება და მტვერი, საგზაო მოძრაობის ნაკლები გადატვირთულობა, გაუმჯობესებული უსაფრთხოება არსებულ გზაზე და უფრო მოსახერხებელი მისადგომობა. დამატებითი დადებითი ზემოქმედება იქნება ასევე რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მოსახლეობის შემოსავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდა, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები, სიღარიბის შემცირება და უკეთესი საგზაო კომუნიკაცია სოფლისთვის.

 

 

„პოტენციური უარყოფითი ზემოქმედება იქნება მიწის შესყიდული 28.3 ჰექტარი და ასევე განსახლებული 179 ოჯახი, ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი 3 კომერციული სტრუქტურა/მაღაზია, 26.6 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის მოსავლის დანაკარგი, 12985 პროდუქტიული და 256 არაპროდუქტიული ხეხილის კარგვა, ზემოქმედება ფლორასა და ფაუნაზე, ცვლილებები მიწის მოხმარებაში და შედეგად წარმოშობილი პოტენციური საფრთხეები, სამტეხლოები და კარიერები. მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა ზემოქმედებას იქონიებს ბუნებრივ სადრენაჟო სისტემებზე, ზედმეტი მასალების დაგროვებაზე, ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებაზე, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოებაზე,“-  ნათქვამია გზშ-ში.

ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობას საქართველოს მთავრობა აზიური განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით გეგმავს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენს პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამინისტროს ფარგლებში არის განმახორციელებელი სააგენტო.

შემოთავაზებული შემოსავლელი გზები შეამცირებენ გადატვირთულ მოძრაობას და საგზაო შემთხვევებს, სამოგზაურო დროსა და ავტომობილთა ექსპლუატაციის ხარჯებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი