Batumelebi | ქართული თაფლის შანსი ევროპულ ბაზარზე ქართული თაფლის შანსი ევროპულ ბაზარზე – Batumelebi
RU | GE  

ქართული თაფლის შანსი ევროპულ ბაზარზე

 

 

რა შემთხვევაში შეიძლება გავიდეს ქართული თაფლი უცხოურ ბაზარზე და რა მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირი ქართველ მწარმოებლებს? –  უმთავრესი მოთხოვნა ხარისხია. თაფლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ არ შეუძენია, ევროპულ ბაზარზე თაფლის გატანა კი სტანდარტიზაციის გარეშე დაუშვებელია. 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეფუტკრეებს შარშან უცხოური წარმოების სკები გადასცა და თან აღნიშნა, რომ მალე ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე გავიდოდა. ჯერჯერობით ეს პროდუქცია ევროპაში ისევ ვერ გააქვთ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს აჭარაში დაახლოებით 200 მსხვილი და 500 მოყვარული მეფუტკრეა, რომლებიც ყოველწლიურად 400 ტონამდე თაფლს აწარმოებენ.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ ქართული თაფლის კონკურენტუნარიანობის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე მისი გატანა შეუძლებელია. მეფუტკრეებს არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც თაფლის ჩამოსხმასა და დაფასოებას შეძლებენ.

2010 წელს, ნორვეგიის მთავრობისა და „კრიტიკული ეკოსისტემების თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით, მეფუტკრეთა ასოციაციის ბაზაზე სათემო ბიზნესცენტრი „ჩაქვისთავი“  შეიქმნა – შესაბამისად, მეფუტკრეებს მტირალას ეროვნული პარკიდან შესაძლებლობა მიეცათ წარადგინონ თავიანთი პროდუქციის სინჯები. აქ წარმოებულ თაფლს ევროპულ ლაბორატორიებში ამოწმებენ. ბიზნესცენტრის მენეჯერის მზია ხიმშიაშვილის განცხადებით, 2013 წელს „ჩაქვისთავმა“ ადგილობრივ ბაზარზე ორ ტონა-ნახევარი თაფლის რეალიზაცია შეძლო. „უცხოელები კი, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, მცირე რაოდენობით ახერხებენ ქართული თაფლის გატანას“.

ზურაბ მანველიძე, აჭარის მდგრადი განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ თაფლის სინჯები, რომელიც გერმანელებმა წაიღეს, დადებითად შეაფასეს.

„გერმანიაში გავიტანეთ სასინჯი პარტია და კარგი შეფასება მიიღო. შვეიცარიიდანაც იყო ერთი პროფესორი. მან მითხრა, ქართული თაფლი ისე მოეწონათ უნივერსიტეტში, კოვზებით დაიტაცესო. აუცილებლად გაიყიდება, გატანის საშუალება რომ იყოს“.

ზურაბ მანველიძის თქმით, ევროსტანდარტების მიხედვით, „თაფლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში რომ არის დამზადებული, ამის დოკუმენტი ყოველდღიურად უნდა წარმოებდეს. დღიურში უნდა აღიწეროს შემდეგი დეტალები: შვიდი კილომეტრის რადიუსში არის თუ არა გახრწნილი ცხოველი ან სხვა რაიმე სხეული, ღია საპირფარეშო და ა.შ. თაფლი აბსოლუტურად სუფთა გარემოში უნდა მზადდებოდეს. ამ პროცესს კი სერტიფიცირების ორგანო უნდა ამოწმებდეს“.

ზურაბ მანველიძე ამბობს, რომ ქართული თაფლის სტანდარტიზაცია რთულია: „სადაც ძირითადად ერთი სახეობის მცენარეებია, მაგალითად, ხორბალი, ქერი თუ სხვა, თაფლის სტანდარტიზაცია ადვილია, მაგრამ მტირალას ეროვნულ პარკში, სადაც 560-ზე მეტი სახეობის მცენარეა, რთული იქნება თაფლის შემადგენლობის განსაზღვრა. თუ მეფუტკრეს ჰყავს შვიდი სკა, შვიდივე სკის თაფლი შემადგენლობით იქნება განსხვავებული. განსხვავებული შემადგენლობის თაფლი ძირითადად ყვავილობის დროს მზადდება. თუ სტანდარტიზაციის საკითხი იაფად მოხერხდა _ დაწესდა შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ თაფლის ბიზნესი მომგებიანი გახდება. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული რაიმე ნაბიჯი ჯერ არ ჩანს“.

მეფუტკრეები ქართული თაფლის ხარისხში დარწმუნებულნი არიან. მზია ხიმშიაშვილი, ფუტკრის სახლის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ თაფლის ხარისხი ევროპის ბაზრის კონკურენციას გაუძლებს, თუმცა მანამდე ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი:

„დიდი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს, თუ რაში ინახება თაფლი. ყველაზე კარგია ემალის ჭურჭელი, თუმცა როცა ტონობით აწარმოებ თაფლს, ამხელა ემალის ან მინის ჭურჭლის დამზადება ალბათ პრობლემა იქნება. გარდა ამისა, გასარკვევია ლაბორატორიაში შემოწმების პრინციპიც, მხოლოდ სინჯებს შეამოწმებენ, თუ რამდენი ტონაც არის, ყველას მიტანა გახდება აუცილებელი“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ ორი ქვეყნის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს აქვს შესაძლებლობა თურქეთის ბაზარზე წელიწადში 200 ტონა თაფლი გაიტანოს. ამის თაობაზე კი მეფუტკრეებს არაფერი სმენიათ.

„პირველად მესმის კვოტის შესახებ. როგორც ვიცი, თურქეთის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნებიდან თაფლის იმპორტი და ხუთი კილო ძლივს გადააქვთ, ისიც პირადი მოხმარებისთვის. მიკვირს ხოლმე, როცა `ბიზნესკურიერში~ ამბობენ, რომ ქართული თაფლი გაიტანესო. ალბათ ქარხნული წესით დამზადებული გააქვთ, რომელსაც, ჩემი აზრით, თავდაპირველი ხარისხი აღარ აქვს. ჩვენ ნორვეგიელების მონიტორინგის ქვეშ ვართ, პერიოდულად ჩამოდიან, მიაქვთ სინჯები და გვეუბნებიან, რომ ფერმერული წესით დამზადებული თაფლი გაცილებით კარგია. ბაზარზე გასატანად სტანდარტიზაციაა საჭირო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამაზე ძვრებს ჯერ ვერ ვხედავ“ – ამბობს მზია ხიმშიაშვილი.

ჩაქვში, სოფელ გორგაძეებში მცხოვრები რამაზ კონცელიძე წელიწადში 130-150 კილოგრამ თაფლს აწარმოებს. პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. `ხელზე 12-15 ლარად ვყიდი –  თავი გამაქვს, ეს არ არის რეალიზაცია. მსიამოვნებს ფუტკრის მოვლა, მასთან ურთიერთობა, თორემ თუ ბაზარი არ მოიძებნა, თაფლზე მუშაობა წაგებაა“.

რამაზ კონცელიძე დარწმუნებულია, რომ ქართული თაფლი ევროპულ თაფლს კონკურენციას გაუწევს: „კარგად გაიყიდება თურქეთშიც, სადაც დიდი მოთხოვნაა წაბლის თაფლზე. 45 ლირადან იწყება და 150 ლირამდე ადის ფასი, ხარისხის მიხედვით. განვითარებული ქვეყნები კი შაქარზე ამუშავებენ ფუტკარს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი თაფლი თავის სიტყვას იტყვის, მთავარია იმპორტის ლეგალიზება“.

თამაზ კახიძე ხელვაჩაურში ცხოვრობს. თაფლს ისიც აწარმოებს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმებზე ინფორმაციას არ ფლობს: „ქართული თაფლი ჯერჯერობით ვერ გავა უცხოურ ბაზარზე, რადგან, როგორც ვიცი, ისეთი ლაბორატორია არ გვაქვს, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. ჯერ არც თურქეთში გატანის პერსპექტივა არსებობს. თაფლის ბიზნესი, ფაქტობრივად, მკვდარია“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ ლაბორატორია, რომელმაც თაფლის ხარისხი უნდა განსაზღვროს, სამინისტროს ჯერ არ უყიდია. მინისტრისთვის უცნობია ლაბორატორიის ღირებულებაც. „ვცდილობთ, მოვიძიოთ გრანტები და ისე შევიძინოთ. თუ არ გამოვიდა, მაშინ ბიუჯეტში უნდა გამოვძებნოთ სახსრები. ისეთი ლაბორატორია გვინდა, რომელიც თაფლის 35-მდე პარამეტრს განსაზღვრავს. შეძენის შემდეგ, სადღაც ორი თვე დასჭირდება სერტიფიკატის აღებას. ვეცდებით, საკითხი წელს გადავწყვიტოთ“, –  აცხადებს მინისტრი.

მინისტრის ინფორმაციით, თაფლის ლაბორატორიაში სტანდარტიზაცია ფერმერებისთვის ხელმისაწვდომ ფასებში იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე