მთიანი აჭარა

რას ირჩევს სოფელი

14.03.2014 • 1536
რას ირჩევს სოფელი

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებს მოსახლეობა სოფლის კრებაზე ირჩევს, პრიორიტეტის შერჩევისას ხმის მიცემა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც კრებას დაესწრება.

 

 

ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ კრება უმეტეს სოფელში ჩატარდა და მოსახლეობამ პრიორიტეტებიც დაასახელა.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის განცხადებით, ქედაში პრიორიტეტად წელსაც გზის მოწესრიგება სახელდება.

 

 

„მოსახლეობა, ძირითადად, სოფლის გზაზე ბეტონის დაგებას ითხოვს, არის სოფლები, სადაც სარიტუალო ინვენტარის შეძენა და წისქვილს მოწყობა სახელდება პრიორიტეტად. სოფელში ის გაკეთდება, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა კრებაზე გადაწყვეტს. მუნიციპალიტეტი მოსახლეობის არჩევანში არ ჩაერევა“, – ამბობს დავით დუმბაძე.

 

 

ქედის მსგავსად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს ხულოსა და შუახევის მოსახლეობაც.

 

 

„კრებების ჩატარება ჯერ არ დასრულებულა. იქ, სადაც ჩატარდა, მოსახლეობამ გზებზე სანიაღვრე და საყრდენი კედლების მოწყობა, გარე განათება, სოფლის სახლების აშენება, სასმელი წყლის მილებისა და გამანაწილებელი რეზერვუარის შეძენა მოითხოვა, მოთხოვნათა დიდი სპექტრია, დასახელებული პრიორიტეტებიდან სამი მიმართულება გამოიკვეთა – გზა, გარე განათება და წყალსადენების გამართვა“, – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი გურამ ჩოგაძე.

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად ქედის მუნიციპალიტეტი გასულ წელთან შედარებით 2 727 ლარით მეტ დაფინანსებას მიიღებს, სოფლის მხარდაჭერისთვის აქ 574 484 ლარია გამოყოფილი.

 

 

ქედისგან განსხვავებით თანხა შემცირებულია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში – პროგრამის ფარგლებში წელს ხულოს მუნიციპალიტეტი 38 701, შუახევი კი, 24 192 ლარით ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს.

გურამ ჩოგაძე ამბობს, რომ თანხის კლება მოსახლეობის მიგრაციით არის განპირობებული.

 

 

„ხულოში 78 სოფელი და 5 უბანია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 945 000, წელს – 906 299 ლარი გამოიყო. პროგრამის დაფინანსება არ შემცირებულა, პირიქით, პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რითაც პატარა სოფლებს დაფინანსება გაეზარდა, დაფინანსების ზრდა დიდი სოფლების ხარჯზე არ მომხდარა. თანხის კლება მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია“, – განმარტა გურამ ჩოგაძემ.

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი ხულოში 906 299 ლარია.

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ გასულ წელს პროგრამის განხორციელებისას მცხოვრებთა რაოდენობა ხელოვნურად იყო გაზრდილი, წელს კი სოფლებში მოსახლეობა ხელახლა აღწერეს და გასულ წელთან შედარებით მონაცემები განსხვავებულია: „ზოგ სოფელში თანხა გასულ წელთან შედარებით ნაკლებია, ზოგან კი – მეტი. მაგალითად, სოფელ დღვანში თანხა 6 000 ლარით შემცირდა, ხიჭაურში კი _ 900 ლარით მოიმატა. არის უბანი _ ფოთელაური, სადაც გასულ წელს 1 მცხოვრებელი იყო და უბანზე 2 000 ლარი გამოიყოფოდა, წელს იქ მცხოვრები აღარ არის და შესაბამისად არც თანხა გამოიყო, პროგრამისთვის სულ 602 770 ლარია გამოყოფილი“, – ამბობს ედნარ შარაშიძე.

 

 

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილება შევიდა. თუ გასულ წელს სოფელი, სადაც 50-მდე მოსახლე ცხოვრობს, 2 000 ლარით ფინანსდებოდა, რასაც ერთ სულზე 12 ლარი ემატებოდა, წელს 1-დან 100-სულამდე სოფელი 4 000 ლარით დაფინანსდება, რასაც ერთ სულ მცხოვრებზე 12 ლარი დაემატება.

 

 

 

მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ პროგრამის განხორციელებისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის სამუშაოების შესრულებისთვის ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით განხორციელდება, როგორც გასულ წელს იყო, თუ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.

 

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხა სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შემდეგი პრინციპით ნაწილდება:

 

1-დან 200 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 4 000 ლარი;

201-დან 400 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 5 000 ლარი;

401-დან 1000 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 8 000 ლარი;

1000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის 12 000 ლარი.

აღნიშნულ თანხას სოფელში მცხოვრებ ერთ სულზე 12 ლარი დაემატება.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: