მთიანი აჭარა

ოთხი ქალი ერთი სოფლიდან

12.03.2014 • 2329
ოთხი ქალი ერთი სოფლიდან

ზერიფე დიასამიძე, 85 წლის: `სამი რძალი მყავს, ისინი მემსახურებიან, საქმე არაფერი მიწევს, მაგრამ მაინც დილას ვდგები, დრო ძირითადად სერიალებით გამყავს. ადრე წიგნს ვკითხულობდი, სოფლის ბიბლიოთეკა გადაკითხული მაქვს, ორი წელია კითხვას თავი დავანებე, მხედველობის პრობლემა არ მაქვს, არც სათვალეს ვიყენებ, მაგრამ ალბათ ყველაფერს მისი ასაკი აქვს.

დრო შეიცვალა, ისე აღარაა, წინათ რომ იყო. მომწონს, ქვეყანა განათლდა, მაგრამ ქალებმა შარვლები რომ ჩაიცვეს, ეს არ მომწონს და რა ვქნა. არც ის მომწონს, ტელეფონში რომ იქექებიან, თუ ჩემს სანახავად მოხვედი, ტელეფონში რა გინდა?! მაგრამ ახლა ტელეფონით იცნობენ საქმროებს, ადრე მაჭანკალი იყო, ახლა საღადაა მაჭანკალი, ძველად კაი ქორწილები ვიცოდით, სამი დღე გაგრძელდა ჩემი ქორწილი, ახლა რამდენიმესაათიანია.

ქმარი ადრე გარდამეცვალა, 4 წლის ბავშვი მარტომ გავზარდე, მაშინ ერთ წუთსაც ვერ მოისვენებდი, რადგან საქმე ბევრი იყო, მთვარის შუქზეც ვმუშაობდით, თუთუნს ვასხამდი. ახლა, მთავრობამ უმუშევრობა გამოაცხადა და ქალებიც თავისუფლები არიან, მეტი მუშაობა იყო და მეტი ჯანმრთელობაც~.

 

 

 

 

მერი არძენაძე, 60 წლის: შვილები დაოჯახებული არიან, ქალაქში, ნაქირავებში ცხოვრობენ, აქ ყოფნას ჩაის დალევა და ქალაქში ყოფნა ურჩევნიათ. მე ქალაქში არ მინდა ცხოვრება, მათ _ სოფელში, ამიტომ ვართ აქ მარტო მე და ჩემი ქმარი. მართალია, სოფელში ვარ, მაგრამ არც ქათამი მყავს და არც პირუტყვი, მიწას ვამუშავებ მხოლოდ, ბოსტნეული და თამბაქო მომყავს. სოფელი მიყვარს, მაგრამ აქ ცხოვრება ყველანაირად რთულია, თუ ყანა არ მოხანი და არ დათესე, ვერ ჭამ, სადაც გინდა იყავი, მთავარია შენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს. ახალგაზრდები რომ არ არიან, სოფელს ხალისი არ აქვს, ხან მეზობელთან გადავალ, ხან ის გადმოვა და დროც გადის, გადაპატიჟებები ადრე რომ იყო, აღარ არის~.

მზევინარ დუმბაძეპედაგოგი, 37 წლის: `ჩემი დღე დილით იწყება. სახლის საქმეების კეთებას დილიდან ვიწყებ, მერე სკოლაში მივდივარ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნებული ისევ სახლის საქმეებს ვაგვარებ, ამავდროულად მეორე დღის გაკვეთილს ვამზადებ. მართალია, ძალიან რთულია იყო პედაგოგი და სოფლის ცხოვრებასაც გაუძღვე, მაგრამ უნდა შეძლო, შენთვის, შენი მოსწავლეებისა და ოჯახისთვის.

სოფელში მცხოვრებ პედაგოგებს დაძაბული ცხოვრება გვაქვს, სკოლაზეც უნდა იფიქრო, ოჯახური და სოფლის საქმეებიც უნდა მოაგვარო. შეიძლება ითქვას, სოფლის ცხოვრება ქალაქთან შედარებით რთულია, მითუმეტეს პედაგოგებისთვის; როცა პედაგოგი ხარ, ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადო, მეტი დრო  სკოლას, მოსწავლეებს და წიგნს უნდა დაუთმო. თანამედროვე ცხოვრების სტილი, ჩაცმულობა, მოსწავლეებთან ურთიერთობა მომწონს, თუმცა არის, რაც მიუღებელია, მაგალითად, მომწონს თანამედროვე ჩაცმის სტილი, მაგრამ არა _ ყველანაირი. წინა წლებთან შედარებით ცხოვრება განვითარდა, 15 წლის წინ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განსხვავებული ურთიერთობა იყო, დღეს მოსწავლეები უფრო თავისუფლები არიან, რაც მისასალმებია~.

თამუნა მახარაძე, 17 წლის: `დროის დიდ ნაწილს სკოლაში ვატარებ, მე-11 კლასში ვარ, ძალიან მინდა ჟურნალისტი გამოვიდე, ამისთვის ბევრს ვმეცადინეობ, დიდ დროს ვუთმობ ტელეფონსაც, ხშირად ვიქექები, მიყვარს სოციალური ქსელები, ბევრი მეგობარი გავიჩინე. მომწონს თანამედროვე ცხოვრების სტილი, ჩაცმულობა, ყველა სხვადასხვანაირად გამოიყურება, განსაკუთრებით დახეული ჯინსები მომწონს.

მართალია, ახალგაზრდები სოფელში არ ჩერდებიან, მაგრამ მე მიყვარს სოფელი. აქ ცხოვრება არ არის რთული~.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: