მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

უკანონო შენობა ქედაში, რომელიც სუს-ის თანამშრომლის მამას ეკუთვნის

16.07.2017
უკანონო შენობა ქედაში, რომელიც სუს-ის თანამშრომლის მამას ეკუთვნის

მოქალაქე ზურაბ ცინცაძის კუთვნილი შენობა ქედაში თითქმის სამი წელია უკანონოდ ფუნქციონირებს. თითქმის ამდენივე წელია ქედის გამგეობის გასაყიდ ქონებათა ჩამონათვალში ირიცხება მიწაც, რომელზეც ეს შენობა დგას. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ზურაბ ცინცაძემ სუპერმარკეტი და ავტოფარეხი მოაწყო. ზურაბ ცინცაძე ბადრი ცინცაძის მამაა. ბადრი ცინცაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ცინცაძეების მხრიდან ბიზნესის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. შენობა ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრთან მისვლამდე, მაგისტრალზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგეობა უფლებამოსილი იყო გაეყიდა ეს მიწა, უძრავი  ქონება აუქციონზე არ გააქვთ.

ქედის გამგეობამ 102 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში 2014 წლის ნოემბერში თავისუფალი მიწის სახით შეიტანა. ამ მიწაზე შენობა უკვე არსებობდა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის მამა სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა. ქედის საკრებულომ გამგეობის მოთხოვნას თავისუფალი სახით შესულიყო საპრივატიზაციო ნუსხაში არსებული მიწის ნაკვეთი, მხარი დაუჭირა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიტანს გასაყიდად აუქციონზე მუნიციპალიტეტი მიწის ნაკვეთს, რომელზეც ამ დროისთვის მაღაზია და ავტოფარეხი ფუნქციონირებს.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი, თემურ ბერიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მიწას მუნიციპალიტეტის გამგეობა მაშინ გაყიდის, როდესაც უკანონო შენობის საკითხს მოაწესრიგებს. კითხვაზე, რა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია გამგეობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართო მშენებლობა დაურეგისტრიროს მოქალაქეს და სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს? – თემურ ბერიძე ამბობს, რომ ამ საკითხებზე იურისტები იმუშავებენ. მისივე ინფორმაციით, არასწორად შედგენილი ოფიციალური დოკუმენტი გამგეობას დღემდე არ ჩაუსწორებია და პრივატიზების ნუსხაში მიწა დღემდე თავისუფალი სახითაა წარმოდგენილი.

„დოკუმენტის ჩასწორება არ მომხდარა, არც აუქციონზე გაგვიტანია მიწა, მოვაწესრიგებთ და შემდეგ გავყიდით,“ – ამბობს თემურ ბერიძე.

„მიწის მოწესრიგებას“ თემურ ბერიძე ასე განმარტავს: „მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია, რომელზეც შენობა დგას. პირველ რიგში, შენობა უნდა დარეგისტრირდეს და შემდეგ მოხდეს აუქციონზე გატანა. ერთადერთი გამოსავალი მოწესრიგებაა. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტს, მე არ ვიცი, რა ბერკეტი არსებობს. ამ საკითხზე იურისტები ჩამოყალიბდებიან“.

სახელმწიფო აუდიტმა 102 კვადრატული მეტრი მიწა 800 ლარად 2014 წელს შეაფასა. თემურ ბერიძის ინფორმაციით, 2014 წელს შეფასებული მიწა ხელახლა არ შეფასდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გამგეობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელზეც ამ დროისთვის უკანონო შენობა დგას, აუქციონზე გაიტანს, მისი საწყისი გასაყიდი ფასი ისევ 800 ლარი იქნება.

ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ბადრი ცინცაძე ნამდვილად სუს-ის თანამშრომელია ქედის ორგანიზაციაში. რა თანამდებობას იკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამჟამად ბადრი ცინცაძე – ამ ეტაპზე ინფორმაციის მოპოვება „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო.

ბადრი ცინცაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: