მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე

24.01.2017
ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობა საერთო საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მწვანე კონცხზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მთავრობისთვის გადაცემამდე ქონება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. რის სანაცვლოდ დათმო მილიონების ღირებულების ქონება ბათუმის უნივერსიტეტმა? – კითხვებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში პასუხობს.

ბატონო მერაბ, რა მიიღო უნივერსიტეტმა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შენობებისა და მისი მიმდებარე ფართობის დათმობის სანაცვლოდ?

ის, რომ გამარჯვებული კომპანია უნივერსიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხავს სამ მილიონ ლარს, რითაც აშენდება თანამედროვე სტანდარტების შენობა. ის იქნება ყველა იმ პირობით დაკმაყოფილებული, რასაც აგრარული უნივერსიტეტისთვის საჭირო სტანდარტი ითხოვს. თქვენ დაწერეთ 13 ჰექტარზე, რაც მთავრობამ გასაყიდად გამოიტანა, ჩვენს სარგებლობაში იქ რჩება 22 ჰექტარი მიწის ფართობი. გარდა ამისა, მთავრობა ლეონიძის 15 ნომერში გადმოგვცემს 7 ჰექტარ მიწის ფართობს, სადაც ავაშენებთ შენობას, ასევე გადმოგვცემს მეტაქსას ქუჩაზე მდებარე მთავრობის საკუთრებაში არსებულ ყოფილი ენდოკრინოლოგიური დისპანსერის შენობას. ხოლო თუ სამი მილიონი საკმარისი არ აღმოჩნდა სასწავლო კორპუსის მშენებლობისთვის, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსდება ჩვენი წინადადება საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი წერია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწერილ წერლში.

ჩვენ ეს უცებ არ გადაგვიწყვეტია. შემოთავაზება დეტალურად განვიხილეთ წარმომადგენლობით საბჭოზე, აგრარული მიმართულების ყველა ლექტორს შევხვდით, ვიმსჯელეთ რა უფრო მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის განვითარებისთვის, ის რომ გვქონდეს შენობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ – სადაც სასმელი წყალი, სველი წერტილი არ არის, კვების ობიექტი არ არის, ინტერნეტი, კონდიცირება არ არის და ტრანსპორტი არ მიდის და მისი რეაბილიტაციისთვის სადღაც სამ მილიონ ლარზე მეტია საჭირო, მაშინ როცა ეს პრობლემები ისევ რჩება. უნივერსიტეტმა იმსჯელა სწავლებისა და განვითარებისთვის რა იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი და მიიღო ეს გადაწყვეტილება. სრული პასუხიმგებლობით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად მომგებიანი, უნივერსიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა.

ეს მხოლოდ წერილში წერია თუ უკვე გადმოეცა ქონება უნივერსიტეტს?

ზუსტად ახლა მიმდინარეობს პროცედურა. ხვალ გაიგზავნება დილით წერილი და შემდგომ ამ ყველაფერს ისინი გადმოგვცემენ საკუთრებაში.

ანუ ფიქრობთ, რომ წინადადება სანდოა და გამორიცხავთ, რომ რაიმე შეიცვალოს?

სანდოა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვღებულობთ შვიდ მილიონ 700 000-ის ქონებას. გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, ეს ინფორმაცია განვიხილეთ და მივაწოდეთ თითოეულ პროფესორს არაერთხელ. რა იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარე და შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება.

P.S. საჯარო რეესტრის მონაცემებში რაიმე სახის შეთანხმებაზე ქონების მონაცვლეობით გადაცემასთან დაკავშირებით დოკუმეტი არ ფიქსირდება, რეესტრით მხოლოდ ის დგინდება, რომ უნივერსიტეტმა მთავრობას ქონება უსასყიდლოდ არსებობის ვადით, სარგებლობაში გადასცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: