მთავარი,სიახლეები • • • • •

17,7 მილიონი ლარი ბათუმში აეროპორტის გზატკეცილის მეორე მონაკვეთის მოსაწყობად

22.11.2026
17,7 მილიონი ლარი ბათუმში აეროპორტის გზატკეცილის მეორე მონაკვეთის მოსაწყობად

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის #93-დან აეროპორტის გზატკეცილის #249-მდე მონაკვეთში საავტომობილო გზის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 17,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამავე გზატკეცილის #1-დან #93-მდე მონაკვეთის მოწყობა კი, რაშიც 14 მილიონი ლარი იხარჯება, 2026 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ახლაც გრძელდება.

აეროპორტის გზატკეცილის #93-დან აეროპორტის გზატკეცილის #249-მდე მონაკვეთის მოწყობის სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო იმ ტენდერის ფარგლებში შეისყიდის, რომელიც 22 მილიონ 6 ათას 650 ლარით აქვს გამოცხადებული.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა ქუჩებზე სხვადასხვა სამუშაოებია დაგეგმილი და თითოეული ლოკაციისთვის განსაზღვრულია ის მაქსიმალური თანხა, რასაც ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან გადაიხდის.

კერძოდ:

ფასების ცხრილი ტენდერიდან

რამდენით შემცირდება, ან შემცირდება თუ არა ამ სამუშაოების საპროექტო ღირებულება, ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება. ცხრილში მოცემულ ყველა ლოკაციაზე სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება აეროპორტის გზატკეცილს – ამ გზის #93-დან #249-მდე მონაკვეთის სამუშაოები [გათვალისწინებულია 17,7 მილიონი] იმ კომპანიის [შპს „პროჯეკტ კომპანი“] დაპროექტებულია, რომელმაც ამავე გზის დასაწყისი [#1-დამ #93-მდე] მონაკვეთი დააპროექტა და რომელშიც შემდეგ არაერთი ცვლილების შეტანა გახდა საჭირო. 

აღნიშნულ პროექტში მაგალითად, შეცვალეს სანიაღვრე ქსელის ჭების განთავსების ადგილი. ცვლილების დოკუმენტში ეწერა, რომ წყალმიმღები ჭების მოწყობა გათვალისწინებული იყო გზის სავალი ნაწილის შუა ღერძზე და ეს რომ გაეკეთებინათ შეუძლებელი იქნებოდა წყალმიმღები ჭების ცენტრალურ ქსელთან დაერთება. ამიტომ წყალმიმღები ჭები შემდეგ გზის გვერდებზე, ტროტუარის მიმდებარედ განათავსეს.

ამ პროექტის საფუძველზე მიმდინარე სამუშაოებში კი, როგორც აღვნიშნეთ, 14 მილიონი ლარი იხარჯება.

„შპს „პროჯეკტ კომპანის“ სპეციალისტების მიერ ადგილზე განხორციელებული იქნა საპროექტო ობიექტის საველე-საკვლევაძიებო და საინჟინრო გეოლოგიური კვლევის სამუშაოები, განხორციელდა ტერიტორიის ტოპო გადაღება. პროექტირების პროცესში გათვალისწინებული იქნა დამკვეთის მოთხოვნები და სათანადო რეკომენდაციები.“ – წერს კომპანია პროექტში, რომლითაც ამჯერად აეროპორტის გზატკეცილის #93-დან აეროპორტის გზატკეცილის #249-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს.

აეროპორტის გზატკეცილის სარეაბილიტაციო მონაკვეთი [წითელი ხაზით] / ფოტო პროექტიდან [სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება მდინარე მეჯინისწყალზე არსებული ხიდის მიმდებარედ და შპს „ივენთ ჰოლი მარიაჟის“ საკუთრების მიმდებარედ მთავრდება.

ამ მონაკვეთზე პროექტით სხვადასხვა სამუშაოებია გათვალისწინებული, მათ შორის:

  • „მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე გათვალისწინებულია სამფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა სისქით 5+6+6 სმ.
  • გზის ორივე მხარეს ეწყობა ცვალებადი სიგანის ტროტუარები, რომლებზეც გათვალისწინებულია ბეტონის ვიბროდაწნეხილი ფერადი ფილების საფარის მოწყობა.
  • ზედაპირული წყლების მოსაცილებლად გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რომელიც დაერთებულია არსებულ სანიაღვრე კოლექტორებზე ან გადაშვებულია მდინარის კალაპოტში.
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია არსებული საკომუნიკაციო ქსელების მეპატრონეებთან დადგინდეს მათ საკუთრებაში არსებული ქსელების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ამორტიზებული და დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ ახლად რეაბილიტირებული გზის გადათხრა“.

აეროპორტის გზატკეცილის პირველ, დასაწყისს მონაკვეთში [ #1-დან #93-მდე ] ახალდაგებული ასფალტის ამოჭრა იმ დროს დაიწყეს, როცა იქ მცხოვრებთ სამუშაოები დასრულებული ეგონათ.

ტენდერში გამარჯვებულ შპს „პალადასა“ და ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შორის ხელშეკრულება ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 2025 წლის 25 თებერვალს დაიდო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 13 994 999 ლარია და სამუშაოები 2026 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად კი, ბათუმის მერიამ სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიური მოძრაობა და მოსახლეობის ინტერესები დაასახელა.

ამ პროექტით ანგისის სპორტული ბაზის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელი ადაპტირებული ხიდიც უნდა აშენებულიყო, თუმცა მერია და კომპანია შეთანხმდნენ და ხიდის აშენებაზე უარი თქვეს.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში ანგისის სტადიონთან გადასასვლელ ხიდს აღარ ააშენებენ – რა შეცვალეს 14 მილიონიან კონტრაქტში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: