ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო წლის ბოლოს, პირველკურსელთა მისასალმებელი ღონისძიების ანუ ე.წ Welcome Party-ს ორგანიზებაზე 56 700 ლარის დახარჯვას აპირებს.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიება ერთდღიანია და მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრამდე.
დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიება 1500 სტუმარზეა გათვლილი.
„ღონისძიების გამართვისთვის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბათუმში, სანაპიროს პირველ ან მეორე ზოლში მდებარე დახურული, გადახურული და კლიმატკონტროლირებადი სივრცე.
სივრცეში უნდა იყოს საცეკვაო ზონა, რომელიც გამიჯნული უნდა იყოს იმ სივრცისგან, სადაც არანაკლებ 50 მაღალი, ფეხზე დგომისთვის განკუთვნილი მაგიდა და არანაკლებ 200 დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს განლაგებული.
მენიუ გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 500 სტუმარზე.
„მინიმუმ 3 კანაპე თითო ადამიანზე (სულ 4 500 ცალი, არანაკლებ 2 სახეობის), 2 ორცხობილა (სულ 3 000 ცალი, არანაკლებ 2 სახეობის), 100 გ ხილი (სულ 150 კგ), სასმელი წყალი 0.5 ლ/სტუმარზე (სულ 750 ლ) და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი 0.25 ლ/სტუმარზე (სულ 375 ლ); ტკბილეული შეთანხმებული მენიუთი.
არანაკლებ 4 გამანაწილებელი წერტილი, საკმარისი პერსონალი, ჰიგიენა, პროდუქტის დროული შევსება და ალერგენების შესახებ ინფორმაცია. საბოლოო მენიუ წინასწარ შეთანხმდეს შემსყიდველთან“-წერია შესყიდვების დოკუმენტში.
ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ფოტოზონა, რომელიც გაფორმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის კორპორაციულ ფერებში – მუქი ლურჯი, თეთრი და ოქროსფერი ელემენტებით.
ცენტრალურ ნაწილში უნდა განთავსდეს წარწერა „BSU WELCOME PARTY 2026“. დამატებით – „პირველკურსელთა წვეულება 2026“ და ბსუ-ს ოფიციალური ლოგო“.
შესყიდვების დოკუმენტის მიხედვით, ხარჯებში გათვალისწინებულია არანაკლებ 1 ფოტოგრაფისა და 1 ვიდეოოპერატორის მომსახურება, არანაკლებ 100 დამუშავებული ციფრული ფოტო და 60–90-წამიანი შემაჯამებელი ვიდეო.
____________
ფოტოზე: ტიტე კომახიძე, ბსუ-ს რექტორი/ფოტოკოლაჟი.






