სიახლეები

სკოლები დაფინანსების შეცვლის მოლოდინში

28.01.2013
სკოლები დაფინანსების შეცვლის მოლოდინში

გასული წლებისგან განსხვავებით წელს ისეთი სკოლები მოხვდნენ „მინუსიანი“ სკოლების რიცხვში, რომელთაც მცირეკონტიგენტიანი სკოლები მიიერთეს. მაგალითად, ასეთი სკოლების რიცხვშია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლა, რომელსაც იაკობაძეების დაწყებითი სკოლა მიუერთდა. 

 

„მინუსიანი სკოლა ვართ. საწვავის შემოტანის პრობლემა გვქონდა,  თუმცა დაფინანსება მოვიდა და საწვავს შემოვიტანთ. მიერთებული სკოლა უქმნის პრობლემებს საჯარო სკოლებს. მინუსიან სკოლად რადგან ვითვლებით, არ გვაქვს არც საკანცელარიო, არც ინვენტარის    ფული,  შუქის ფულს ძლივს ვაკოწიწებთ და რაღაცას ვიხდით“, –  ამბობს სოფელ ღურტის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნუგზარ იაკობაძე. 

 

 

ღურტის საჯაროს სკოლის მსგავსად რეგიონში „მინუსიანი“ კიდევ 10 სკოლაა. ყველა სკოლას მსგავსი პრობლემა აქვს, სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება არ ჰყოფნით და ამის გამო დამატებითი თანხის მოთხოვნა უწევთ. „მინუსიანი“ სკოლების რიცხვშია ასევე სოფელ ყიშლის საჯარო სკოლაც, რომელსაც სოფელ ზეგარდანის სკოლა აქვს მიერთებული.

 

„წლიური 74 ათასი მაქვს დაფინანსება, ხელფასზე დაახლოებით 6 ათასი მჭირდება თვეში. მინიმუმ 500 ლარი რომ დამრჩეს ხელფასის გარდა,  თვეში დაფინანსება 90 ათასი მაინც უნდა იყოს.  ფინანსების ნაკლებობა პრობლემას ქმნის სკოლაში. ინვენტარი გვინდა. ვერაფერს ვერ ვყიდულობთ. გათბობისთვის არ გვრჩება თანხა, 2100 ლარი ჩამომირიცხეს, მაგრამ არ გვეყო“, – ამბობს  ყიშლის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მახარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში.

 

„ყველა საჯარო სკოლა, რომელსაც არ ჰყოფნის თანხა საწვავის შესაძენად, აგზავნის მოთხოვნას საწვავთან დაკავშირებით. არ არსებობს სკოლა, რომელსაც ეს დამატებითი მოთხოვნა შევსებული არ ჰქონდეს და საწვავი არ მიეღოს. ანუ სახელმწიფო იმთავითვე იღებს ვალდებულებას, რომ გათბობისთვის საჭირო თანხა ეს იქნება საწვავი თუ შეშა დროულად შეუვსოს საჯარო სკოლას“, – აცხადებს „ბათუმელებთან“აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა ვადაჭკორია.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლების დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანაზე მუშაობენ.

 

„დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები მზადდება და  სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის გახდება ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თიკო ფეიქრიშვილმა „ბათუმელებთან”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: