მთავარი,სიახლეები • • •

სკოლები, რომელთა რემონტსაც სამინისტრო სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იწყებს

26.09.2026
სკოლები, რომელთა რემონტსაც სამინისტრო სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იწყებს

სასწავლო პროცესის დაწყებიდან მალევე სარემონტო სამუშაოების გამო ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ან სკოლის შეცვლა მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

აჭარის განათლების სამინისტრომ 12 საჯარო სკოლების რემონტზე ტენდერი ან ზაფხულის მიწურულს გამოაცხადა, ან სექტემბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლების მოსწავლეები წელს სხვა სკოლებში გადაანაწილეს ან სწავლის გაგრძელება უწევთ სარემონტო სამუშაოების პარალელურად. კიდევ 7 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ტენდერი 2024 წელს გამოაცხადეს, მაგრამ სამუშაოები დღემდე არსად არ დასრულებულა.

ქალაქებში ეს ერთი სკოლიდან მეორეში, ერთი ცვლიდან მეორე ცვლაში ან შეიძლება სხვა ქუჩაზე გადასვლას უკავშირდება, მაგრამ  სოფლებში, სადაც ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გიწევს სკოლაში წასვლა, ეს გაცილებით რთულია ბავშვებისთვის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამისთვის საჭიროა ბავშვების წინასწარ მომზადება. გარდა ამისა აუცილებელია, რომ ძალიან კარგად იყოს ორგანიზებული მათი გადაადგილება.

ხშირად ამას ემატება შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება და ის წინასწარ შეთანხმებულ ვადაში არ სრულდება, რაც კიდევ უფრო ართულებს შექმნილ ვითარებას.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესის არაეფექტურად წარმართვასა და ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლის ხარვეზებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვრცელი ანგარიში მიუძღვნა გასულ წელს.

ერთი მხრივ სკოლების გამართულობა, უსაფრთხოების საკითხის მოწესრიგება დგას დღის წესრიგში, მეორე მხრივ კი ამ პროცესის ისე წარმართვაა გამოწვევა, რომ ამან სასწავლო პროცესი არ დააზიანოს. ფაქტია, რომ 2026 წლის სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ეს საკითხი დიდი დისკუსიის და უკმაყოფილების საგანია.

რამდენ სკოლაში ვერ დაიწყო წელს აჭარაში სასწავლო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენი ახალი სკოლა უნდა ყოფილიყო დასრულებული და ვერ დასრულდა, რამდენ სკოლას მოუწევს უახლოეს მომავალში საკლასო ოთახების სარემონტოდ გათავისუფლება? – ამაზე ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო არ აქვეყნებს. „ბათუმელებმა“ ეს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოარკვია.

შესყიდვების პორტალზე არსებული მონაცემებით, აჭარის განათლების სამინისტრომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი 11 სექტემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 27 სექტემბერს იწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება. საწყისი ღირებულება 753 641 ლარია.

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები სკოლის შენობის ორივე სართულს კედლებზე არსებული საღებავის 100 პროცენტით დაფხეკას ითვალისწინებს. იგივე სამუშაო უნდა ჩატარდეს ბიბლიოთეკაში, დირექტორის კაბინეტსა და დერეფანში. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალშია ასევე დერეფანში არსებული მეტლახისა და  საკლასო ოთახებში, კაბინეტებსა და ბიბლიოთეკაში არსებული ლამინატის დემონტაჟი.

იმავე ტენდერის ფარგლებში შემსრულებელს დაევალება კედლებზე არსებული კაფელისა და ბათქაშის, პლასტიკატის ჭერის და მეტალო-პლასტმასის კარების დემონტაჟი. პირობა ითვალისწინებს საკლასო ოთახების, კაბინეტისა და დერეფნის კედლებისა და ჭერის შეღებვას 100%-ით, დერეფნის იატაკზე ტექნოგრანიტის ფილებისა და საკლასო ოთახებსა და კაბინეტების იატაკზე ეკოლოგიურად სუფთა ლამინატის მოწყობას, სანიტარული კვანიტარული კვანძების გამოცვლას და სკოლის ტერიტორიის შემომსაზღვრელი ახალი ლითონის ღობის მოწყობას.

წყავროკის სკოლა – ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

წაყავროკას საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებენ.

2026 წლის 7 სექტემბერს აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის კონსტრუქციის გამაგრებისა და იატაკის მოწყობის სამუშაოებზე, ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 28 სექტემბერს უნდა დასრულდეს. შესყიდვის საწყისი ღირებულება 387 542 ლარია.

დოკუმენტების მიხედვით, ერთსართულიანი ხის სკოლის შენობის არსებული კონსტრუქციული სისტემა წარმოდგენილია ლითონის ბოძებისა და ხის კოჭების ერთობლიობით, სადაც კუსტარულად არის მოწყობილი ბეტონის გადახურვის ფილა. პროექტით გათვალისწინებული სადემონტაჟო სამუშაოები მოიცავს არსებული ხის იატაკის, კუსტარულად დასხმული ბეტონის გადახურვის ფილისა და ხის კოჭების სრულ დემონტაჟს.

მოსაწყობი სამუშაოების ფარგლებში არსებული ლითონის ბოძები შეივსება B-25 კლასის ბეტონით, ხოლო ბოძების შემკვრელად მოეწყობა ორტესებრი კოჭი, რომელზეც შემდგომში მოეწყობა 15 სმ სისქის რკინა-ბეტონის ფილა. დაზიანებული იატაკი ჩანაცვლდება ახალი, გემბანური ტიპის ხის იატაკით. გარდა ამისა, იმ ადგილებში, სადაც ბეტონი ეხება ხეს, აუცილებლად მოწყობა იზოლაცია.

უჩხითის სკოლა – ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

უჩხითის ხის სკოლას რომ შეშის ღუმელით ათბობენ ეს ახალი ამბავი არ არის, სოფელში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემა ჯერ არ შესულა

უჩხითის სკოლის სარდაფი – ფოტო სარენდერო დოკუმენტებიდან

2026 წლის 3 სექტემბერს სამინისტროს ტენდერი გამოუცხადებია ასევე სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე, წინადადებების მიღება 24 სექტემბერს დასრულდა და ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპია. ტენდერის პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 12 თვეში უნდა დაასრულოს. შესყიდვის საწყისი ღირებულება 2 მილიონ 79 000 ლარია.

ჩხუტუნეთის სკოლა, ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

პირველ სექტემბერს აჭარის განათლების სამინისტროს ტენდერი გამოუცხადებია ასევე შუახევში 3 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებზე, წინადადებების მიღება დასრულდა 22 სექტემბერს, ჯერ ხელშეკრულება დადებული არ არის.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია სოფლების – კარაპეტის, ქიძინიძეებისა და ოლადაურის სკოლების რეაბილიტაცია. შესყიდვის საწყისი ღირებულება 634 982 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის ვადაში.

აჭარის განათლების სამინისტრომ 2026 წლის აგვისტოში ბათუმის #15-ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონ 871 823 ლარზე ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ვადის გაზრდის საფუძველი არ იქნება მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით იგივე მიზეზებით მიმწოდებელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა არაერთხელ გაუზარდეს.

2026 ივლისში განათლების სამინისტრომ შეისყიდა ასევე ბათუმის #25 საჯარო სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულება დადებულია 30 ივლისს, ღირებულება 921 456 ლარია საწყისი ღირებულება 1 მილიონ 151 821 ლარი იყო. სამინისტროს მოთხოვნაა, რომ სამუშაოები დასრულდეს ხელშეკრულების დადებიდან  5 თვეში. რამდენად რეალურია ეს მოთხოვნა 5 თვეში გამოჩნდება.

განათლების სამინისტროს შეუსყიდია ასევე ბათუმის #8 საჯარო სკოლის სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპი დასრულებულია, თუმცა ჯერ გამარჯვებულთან ხელშეკრულება ატვირთული არ არის. ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს. ხელშეკრულების ღირებულება 587 689 ლარია. 

ჯერ არ დასრულებულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს #2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები. ეს მომსახურება სამინისტრომ 2026 წლის მარტში შეისყიდა, ხელშეკრულების ღირებულება  696 711 ლარია, ამ დროისთვის გადახდილია 139 340 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებულია სამუშაოების 20 პროცენტი. 

თითქმის ყველა შეთანხმებაში კატეგორიულად არის მითითებული, რომ გამოყენებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, ხოლო სამშენებლო მასალები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა.

ჯერ არ დასრულებულა ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულება 2026 წლის აპრილშია გაფორმებული, ღირებულება 616 977 ლარია, ამ დროისთვის  გადახდილია 188 304 ლარი, ანუ შესრულებულია 31%.

2026 წლის დასაწყისში განათლების სამინისტრომ ასევე შეისყიდა მახუნცეთის სკოლის პროექტი, ხელშეკრულება 2026 წლის აპრილშია გაფორმებული 759 831 ლარზე, თუმცა ამ დრომდე ერთი მიღება-ჩაბარების დოკუმენტიც კი არ არის ატვირთული. შესაბამისად, არც თანხაა ჩარიცხული.

2026 წლის აგვისტოში აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს ორი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. ამ ანგარიშის მიხედვით – „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის 6 თვის გეგმა 4 მილიონ 198 300 ლარი იყო, საკასო ხარჯი 3 მილიონ 896 700 ლარი.

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის მშენებლობა. მათ შორის არის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა, სადაც დაწყებულია დამატებითი კორპუსის მშენებლობა და ძირითადი კორპუსის რეაბილიტაცია. ასევე, ახალი კორპუსის მშენებლობა. ეს პროექტი გათვლილია 2024-2028 წლებზე, სამუშაოებს შპს „მშენებელი 2016“ ასრულებს.

„ამ ეტაპზე დასრულდა დამატებითი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა.“

ასევე დაწყებულია ქობულეთის #2 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა და ძირითადი კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია [პროექტი გათვლილი 2026-2028 წლებზე] საბიბლიოთეკო სივრცის მოსაწყობად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რასაც შპს „მშენებელი 777“ ასრულებს.

ანგარიშის მიხედვით, სახურავის მოწყობის ეტაპზეა ბათუმის #31-ე საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი, რომელიც 2025 წელს დაიწყო და 2027 წელს უნდა დასრულდეს. სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოებიც.

2027 წელს უნდა დასრულდეს ბათუმის #14 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და დამატებითი კორპუსების მშენებლობა-სამუშაოებს ახორციელებს შპს „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედის საქართველოს ფილიალი“. სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულდა ახალი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები და მეორე კორპუსის მშენებლობა.

იგივე კომპანია აშენებს ბათუმის #18-ე სკოლას, ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის კონსტრუქციული სამუშაოები.

2025 წელს დაიწყო და გრძელდება ასევე  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მშენებლობა, სამუშაოებს ახორციელებს შპს „მშენებელი 2017“.

2024 წელს დაუწყიათ და თითქმის დასრულებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქ შპს „NEW PALACE“ შიდა და ფასადის სამუშაოებს ასრულებს.

დასრულების ეტაპზეა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის სკოლის სამუშაოები, ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა სარეაბილიტაციო და ფასადის მოწყობის სამუშაოები.

მთავრობა ასევე წერს, რომ დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის სამუშაოები – მიმდინარეობს სააქტო და სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სკოლის სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებამდე მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადაადგილების ხარჯის სახით განათლების სამინისტროს 2026 წლის 2 კვარტალში 2 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, საკასო ხარჯი – 1 მილიონ 922 900 ლარია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: