ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაცია წელსაც არ დაიწყება.
2026 წლის ბიუჯეტში შენობის რეაბილიტაციისთვის 1 000 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი. ერთ-ერთი ცვლილება სწორედ აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციას შეეხებოდა.
„ამოღებულ იქნა ღონისძიება. გასულ წლებში ორჯერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საჭიროებს შეცვლას/კორექტირებას“, – წერია იმ დადგენილების განმარტებით ბარათში, რომელიც ქალაქის საკრებულომ 21 აგვისტოს მიიღო.
აკვარიუმის შენობა ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #51-ში მდებარეობს. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობის რეაბილიტაციის ვალდებულება ბათუმის მერიას, კერძოდ, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჰქონდა აღებული, თუმცა უწყება უკვე მესამე წელია ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს.
სამმართველომ შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორი წლის წინ, 2024 წელს გამოაცხადა. მაშინ ბიუჯეტიდან 6 მილიონ 700 000 ლარის გამოყოფა იგეგმებოდა, თუმცა ტენდერი ჩაიშალა – მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
შენობის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა მერიის მიერ დაქირავებული კომპანია შპს „გეოგრაფიკი“. კომპანიას ბათუმის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა-გამოვლენა ევალებოდა.
აკვარიუმის შენობის მდგომარეობა 8 წლის შემდეგაც სავალალოა – დაზიანებულია ფასადი, დაზიანების რისკის გამო შენობის მეორე სართულზე ასვლა არ შეიძლება, პირველ სართულზე ოთახები სავსეა ძველი ნივთებით.
ბათუმის აკვარიუმი 1966 წელს გაიხსნა. 60 წლის განმავლობაში შენობაში მნიშნელოვანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.
ამავე თემაზე:






