„მოსამართლის მანტია პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული… მოსამართლე ემსახურება სისტემას რუსული, რეპრესიული მანქანის ჩამოყალიბებაში“, – ამბობს მოქალაქე და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი – თორნიკე თოშხუა „ბათუმელებთან“. ის რამდენიმე დღის წინ, ამჯერად მხოლოდ პლაკატის ხელში დაჭერის გამო დააპატიმრეს. პლაკატზე ეწერა: „ბიძინა ყ არაა, არის?“
როცა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების სარგებლობისთვის მოქალაქე დაცვის ნაცვლად დააპატიმრა, კიდევ უფრო ცხადი გახდა, როგორ უწყობენ მოსამართლეები ხელს „ოცნებას“ დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„პატიმრობა ყ-ს გამოყენებისთვის“ „ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება“, „პატიმრობა ფეისბუქსტატუსის გამო“, „ჯარიმა ზებრა გადასასვლელით სარგებლობის გამო“, „პატიმრობა გადაკეტილ გზაზე დგომისთვის“, – რამდენიმე აბსურდულ საქმეზე დასჯილ პირებს ვესაუბრეთ თემაზე: რა როლი შეასრულეს მოსამართლეებმა ამ საქმეებში? რა ჩაწერეს გადაწყვეტილებებში?
„ნოტარიუსია, მოსამართლე კი არა“, „ცირკი იყო, ცირკი“ – ერთი და იგივე ფრაზებს ახსენებენ „დასჯილები“ მოსამართლეებზე საუბრის დროს.
- საქმე პირველი: „შემოდის მოსამართლე და გიცხადებს, მეო ძალიან ბევრი ვიფიქრეო…“
„ბიძინა ყ არაა? არის?“ – ამ წარწერიანი პლაკატის ხელში დაჭერის გამო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს ამბავი 2026 წლის 2 აგვისტოს მოხდა.
„ძირითადად მოსმენის რეჟიმში იყო მოსამართლე, თითქოს ყველაფერს ინტერესით ისმენდა, თუმცა შეკითხვები არ დაუსვამს,“ – პატიმრობიდან გამოსული თორნიკე თოშხუა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული პროცესის დეტალებს იხსენებს „ბათუმელებთან“:
„მოსამართლემ შეკითხვა თუ არ დასვი და მტკიცებულებები არ გამოიკვლიე, ისე როგორ უნდა მოჰფინო ბუნდოვან გარემოებას ნათელი? მოსამართლე იცავს პროტოკოლს და გითმობს დროს, რომ ისაუბრო, მაგრამ უარს გეუბნება, დაიბარონ პოლიციელები პროცესზე.
გადის მოსამართლე, მერე შემოდის უკან, რამდენიმე წუთში და გიცხადებს, მეო ბევრი ვიფიქრეო, რომ შენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმა ცალკე აღებული არ მიმაჩნია კანონდარღვევად, მაგრამ აი, მთლიან კონტექსტში – წინა დღეებში გამოხატული პროტესტი ერთმანეთს რომ დავადაროთ, უკვე ნათელია, რომ შენ, ფაქტობრივად, იგივე შეურაცხმყოფელი სიტყვა გაქვს გამოყენებული, რაც პირველ შემთხვევაშიო.
ვუთხარი მოსამართლეს, რომ ამ „ყ“-ში შეიძლება „ყოჩაღი“ ვიგულისხმე?
საინტერესო ისაა, რომ პირველ ბანერსა [პირველ ბანერზე თორნიკე თოშხუას ბანერზე ეწერა: „ბიძინა ყ…? კი/ არა] და მესამე ბანერს შორის რაღაც არეული ამინდები დაემთხვა და პლაკატზე დავწერე: „ეს რა ყ… ამინდებია“. სასამართლოში მთავარი არგუმენტი ხომ ის ჰქონდათ, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვა გამოვიყენე და არაფერ შუაში არ იყო თითქოს ბიძინა, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიციელები მოვიდნენ, გადაიღეს ჩემი პლაკატი, ჩააგდეს თავიანთ ჩატებში და შსს-ს ვერიფიკაცია გავიარე.
შემდეგ დღეს კი, პლაკატზე გაჩნდა „ბიძინა“, ეს იყო მთავარი,“ – გვიყვება თორნიკე თოშხუა.

ამ პლაკატის გამო დააპატიმრა თორნიკე თოშხუა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ
„მოსამართლეს ძირითადად აქვს მხოლოდ ნოტარიუსის როლი…“ – მიიჩნევს თორნიკე თოშხუა და ხაზს უსვამს იმას, რომ მოსამართლეებს რეალურად არ გაურკვევიათ, როგორ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს კონკრეტული შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება?
„წვრილმანი ხულიგნობა ასე მარტივად გამოსაყენებელი მუხლი არ არის. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. მტკიცების ტვირთი არის ბრალდების მხარეს და მან უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ჩემმა ქმედებამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა… არანაირი მტკიცებულება არ იყო, მხოლოდ იყო ჩემი დაკავების კადრი.
საქმეში არ დაფიქსირებულა ის, რომ ვინმე შეწუხებულიყო ჩემი პლაკატით… ფაქტობრივად, წამების აწეული მქონდა პლაკატი ხელში, როცა ავტომატურ რეჟიმში მიიღეს ბრძანება და დამაკავეს. მტკიცებულება, რომ ვინმეს დისკომფორტი შეექმნა ამ ჩემი ბანერის გამო, საქმეში არ არსებობდა.
არ ჩათვალა მოსამართლემ საჭიროდ მოწმეების გამოკითხვა, არადა პოლიციელმა უნდა შეაფასოს სიტუაცია ან საფრთხე, რომელიც ჩემგან მომდინარეობდა. რატომ ჩათვალა საჭიროდ პოლიციელმა, რომ ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი გარემოება შენიშნა ჩემს ქმედებაში?
კანონი განმარტავს, რომ ბანერზე მოცემულმა ინფორმაციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა უნდა გამოიწვიოს. მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვის დატანა არ არის საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამომწვევი. პირველ შემთხვევაში ზვიად ცეკვავამ მარტივად დაიჭირა შინაგან საქმეთა წარმომადგენლის მხარე და ადმინისტრაციული სახდელი დამაკისრა – ჯარიმა 3 ათასი ლარი, მეორე შემთხვევაში უკვე არც ეს შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მქონდა ბანერზე დატანილი,“ – გვითხრა თორნიკე თოშხუამ.

თორნიკე კაპანაძე
რა როლს ასრულებენ მოსამართლეები, როცა ივანიშვილი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს?
„მოსამართლე დღეს ნეიტრალური არ არის, იგი არ ასრულებს ნეიტრალური არბიტრის როლს და არის მხარე. მოსამართლე რეალურად მხოლოდ ჭანჭიკია, რომელიც ემსახურება რუსული, რეპრესიული მანქანის ჩამოყალიბების ინტერესს. სისტემა ცდილობს, რომ გაგაჩეროს, მოსამართლე არის დამხმარე ამ სისტემის, აღმასრულებელი მისი ნების.
გაშიშვლდა საერთოდ სისტემა. ამ კონკრეტული მოქმედებით კიდევ უფრო აღქმადი გახდა აი, რა დონეზე არის ეს სისტემა მიმართული ამ ერთი ადამიანის ინტერესების დასაცავად.
მაგრამ ვერანაირი უსამართლობა ამ პროტესტს ვერ გააჩერებს. ეს პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე ის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა,“ – ამბობს თორნიკე თოშხუა.
- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რა სტანდარტი დაამკვიდრა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ „თორნიკე თოშხუას საქმით“?
„მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო ვარაუდის საფუძველზე. აბსოლუტურად უკანონოა ეს გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ვარაუდზე დაფუძნებული, პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არ ჰქონდა მოსამართლეს და არ შეეძლო მინიმალური სამართლებრივი სტანდარტებითაც კი, ეცნო თორნიკე თოშხუა სამართალდარღვევად,“ – გვითხრა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა. იგი სასამართლოში თორნიკე თოშხუას ინტერესებს იცავდა:
„ყველანაირ კანონმდებლობას მოსამართლემ გადაუსვა ხაზი და გაითვალისწინა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. დაარღვია როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს გაუკეთა იგნორი, ისე მიიღო გადაწყვეტილება.
მოსამართლის ეს ქმედება მიემართება იმას, რომ ქვეყანაში შეიზღუდოს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება… ეს იყო პროტესტის ჩახშობის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომ აღარავის ჰქონდეს უფლება, ამოიღოს ხმა, თქვას ზედმეტი სიტყვა და დაემორჩილოს მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ პირების მითითებებს,“ – გვითხრა ეკა ქობესაშვილმა.
- საქმე მეორე: პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – „ნუ, ცირკი იყო, რა გითხრათ? მოსამართლე სავარძელში ჩაწვა და ბოლომდე მიგვიშვა…“
„კანონი ხომ არ შეიძლება იყოს ასეთი, ტროტუარზე დგომას გიკრძალავდეს? და როცა კანონია ასეთი, ხომ გახსოვთ, როგორ მოიქცა მოსამართლე ხუჭუა? მან თქვა, რომ ანტიკონსტიტუციური კანონებით ვერ გაასამართლებს ვინმეს…
ნიურნბერგის პროცესის დროს ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც მოსამართლეები გაასამართლეს, იყო ის, რომ ეს მოსამართლეები იცავდნენ ამორალურ, უსამართლო კანონს… ხუჭუას გადაწყვეტილება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მართალია, სააპელაციომ გააუქმა, მაგრამ თუ მოსამართლე ხარ, უნდა მოიქცე ისე, როგორც უნდა მოიქცეს მოსამართლე,“ – გვესაუბრება მიხეილ ზაქარეიშვილი. იგი პროფესიით ადვოკატია და დააპატიმრეს – ტროტუარზე დგომის გამო.
2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად სცნეს. მათგან ხუთს პატიმრობა შეუფარდეს. მიხეილ ზაქარეიშვილი 5 დღით დააპატიმრეს.

მიხეილ ზაქარეიშვილი
მიხეილ ზაქარეიშვილი თავის დაკვირვებას გვიზიარებს მოსამართლეების უცნაურ ქცევაზე, როცა მათ სამუშაო მაგიდაზე „ტროტუარების საქმეები“ გაჩნდა.
„ცხადია, მოსამართლეები დირექტივას იღებენ კლანისგან, კლანია პოლიტიკური ხელისუფლების ქვემოთ. მოსამართლე ცეკვავას არანაირი შეხება არ ექნება „ოცნებასთან“, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, რაღაც წინააღმდეგობა იყო: ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები ციხეში როგორ გავუშვათო. დარწმუნებული ვარ, მითითება ექნებოდათ მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიეღოთ. ამიტომაც, თითოეული მოსამართლე, რომელიც იმ პერიოდში ტროტუარების საქმეების განიხილავდა, სხვადასხვა ფორმით ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას.
მოსამართლე ცეკვავამ, მაგალითად, მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ორი-სამი წინადადება თქვა, პროცესუალური უფლებები გაგვაცნო და ამის მერე სავარძელში ჩაწვა, ხმა აღარ ამოუღია, აი, მართლა მიგვიშვა ერთმანეთთან ბოლომდე…

ზვიად ცეკვავა
სხვა დროს თუ მოსამართლეები გეუბნებიან, რომ სულ 5 წუთი გაქვს დრო და შეზღუდული ხარ, აქ მოსამართლეს ხელი არ შეუშლია. მე, ზოგადად, ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ესეც იცოდა მოსამართლე ცეკვავამ. გაწელა და გაწელა პროცესი. მერე უცებ ამბობს, ამოიწურა უკვე სხდომის დრო და გადავდოთო. შევთავაზე, იქნებ ბარემ დავამთავროთ-მეთქი და არა, სხვა პროცესი იწყებაო.
იმ სხდომაზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შემდეგ სხდომაზეც არ მიიღებდა გადაწყვეტილებას: უკვე მორჩენილი ვიყავით კითხვა-პასუხის ეტაპს, მაგრამ მოსამართლემ გვითხრა, იქნებ ახალი კითხვები გაგიჩნდეთ, შემდეგ სხდომას კითხვა-პასუხის ეტაპიდან განვაგრძობთო.
მართლაც, შემდეგ სხდომაზეც არ გამოცხადდა გადაწყვეტილება.
ამ დროს მოსამართლე მანუჩარ ცაცუას სტრატეგია იგივე ტროტუარის საქმეებზე სხვა იყო: ყველა მტკიცებულებას უწუნებდა შსს-ს და ამის გამო გადადო რამდენიმე სხდომა. სხვა დროს, რომ დაუჩოქო და ეხვეწო, მტკიცებულება მოატანინეთ პოლიციასო, გიპასუხებენ, რომ ამ მტკიცებულებას მნიშვნელობა არ აქვს.
ნუ, ცირკი იყო, რა გითხრათ… ტროტუარის საქმეებზე სასამართლო დაახლოებით ერთი თვე მაქსიმალურად თავს იკავებდა. როგორც ჩანს, რაღაც ვაჭრობა მიდიოდა. არ ვიცი, რა გამოივაჭრეს, მაგრამ ვაჭრობდნენ… საბოლოოდ, როგორც ჩანს, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტროტუარების საქმე არ იყიდება კარგად: გზის გადაკეტვა კიდევ გასაგებია, რომ აი, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, მაგრამ ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება? ამიტომაც, წელს ოქმები ტროტუარზე დგომისთვის აღარ შეუდგენიათ…“ – გვიყვება მიხეილ ზაქარეიშვილი.

„ოცნებამ“ ტროტუარზე დგომის გამოც დააპატიმრა ადამიანები
შსს ლოგიკა ამ საქმეებში იყო ის, რომ მცირერიცხოვან აქციებზე მონაწილეები ტროტუარზე ისე დგებოდნენ, რომ განზრახ უშლიდნენ ხელს სხვების გადაადგილებას, თუმცა ამ პოზიციის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც კი, შსს-ს მოსამართლესთან არ მიუტანია.
„ჩემს შემთხვევაში შსს ამტკიცებდა, რომ 9 აპრილის მემორიალთან, ორსაფეხურიანი კიბეზე, ზემოთ რომ მდგარიყავი, არ დაგიჭერდითო. მე მივიტანე მერიის ურბანული განვითარების სააგენტოს ოფიციალური რუკები, რომ ორივე საფეხურს ნამდვილად ერთი და იგივე სტატუსი აქვს.
ტროტუარის საქმეებში შსს-ს თავდაპირველად მოჰქონდა მტკიცებულებად ვიდეო, სადაც ე.წ. ზედხედით იყო დაფიქსირებული მოცემულობა. შემდეგ შეწყვიტეს ამ ვიდეოს მოტანა – ვიდეოში ნათლად ჩანდა, რომ ტროტუარი ნახევარზე მეტი ცარიელი იყო და არანაირი პრობლემა არ ექმნებოდა ვინმეს გადასაადგილებლად.
ჰქონდათ მოტანილი ასევე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 10 მეტრის სიგანის გზაზე ვდგავარ და ტროტუარი თავისუფალია. იქ არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ მოძრაობს, ანუ ცდილობს გასვლას. ვეკითხებოდი შსს-ს, რომ აი, ვის შევუქმენი დაბრკოლება, სად არის ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც დაბრკოლება შევუქმენი? მიპასუხეს, რომ თუკი „თავისუფლების მეტროდან “ამოვიდა ვინმე და იცის, რომ შენ დგახარ იქ, შეიძლება იფიქროს, რომ დაბრკოლება შეექმნება და სხვა გზით წავიდესო,“ – გვიყვება მიხეილ ზაქარეიშვილი.
რა მიზანს აღწევს სასამართლო ხელისუფლების ჩართულობით ივანიშვილი? – ვეკითხებით საუბრის ბოლოს ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებულ ადამიანს.
„სასამართლო მთავარი განმსაზღვრელია, ვართ თუ არა ავტოკრატიაში, დიქტატურაში თუ დემოკრატიაში. დამოუკიდებელი სასამართლო სპობს ყველანაირ საშუალებას, რომ იყოს დიქტატურა… დაჩაგრულ მოქალაქეს თუ შეგიძლია, რომ მიხვიდე დამოუკიდებელ სასამართლოში, ეს უკვე დიდი ძალაა.
სასამართლო არის წამყვანი ინსტიტუცია ამ რეპრესიებში, იმაში, სადაც არის ქვეყანა ახლა.
სასამართლო რომ ხელში არ ეჭიროს „ოცნებას“, შეუძლებელია, ის წარმატებას აღწევდეს. სიგიჟეების გამო გვიზიან ადამიანები ციხეში. ადამიანს დღეს ეშინია იმიტომ, რომ იცის, სამართალს ვერ მიაღწევს. როცა სასამართლო გაქვს, იტყვი, რომც დამაჯარიმონ, წავალ და ვიპოვი სამართალს.
დღეს რკინის ქალამნებიც რომ ჩაიცვა, სამართალს ვერ იპოვი,“ – ასრულებს მიხეილ ზაქარეიშვილი.
- საქმე მესამე: ბათუმში ზებრა გადასასვლელზე მოძრაობისთვის აქტივისტები დააჯარიმეს
„არ ვიცი, ამ პროცესისთვის, რატომ დავხარჯე ამდენი დრო და ენერგია. ან სასამართლომ რატომ დახარჯა ამდენი დრო – 8 საათი ერთ პროცესზე?
ხშირ შემთხვევაში, სამართალდარღვევების საქმეებზე სასამართლო ნოტარიუსის ფუნქციას ითავსებს, ეს არ არის მართლმსაჯულება,“ – ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი. იგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მუშაობდა, როცა ბათუმში, 2025 წლის გაზაფხულზე გაასამართლეს 30-მდე მოქალაქე, ზებრა გადასასვლელზე რატომ მოძრაობდითო.
2025 წლის 31 იანვარს, ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა უთხრეს, რომ „საკმარისი რაოდენობით“ არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილო უნდა გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა დაიწყეს, რაც, იურისტების და უფლებადამცველების შეფასებით, სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

პროტესტის მონაწილეები ზებრა გადასასვლელზე – 2025 წლის 31 იანვრის აქცია ბათუმში
ანა ბერძენიშვილი რამდენიმე აქტივისტის ინტერესებს იცავდა სასამართლოში, მათ შორის, მალხაზ ირემაძის, რომელიც ამ საქმის განხილვის დროს, ერთ სხდომაზე ზებრის ფერებში გამოწყობილი გამოცხადდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძესთან, მეორე სხდომაზე კი, მოსამართლეს ბორში მიუტანა.
„სახლში მიირთვით“ – პერფორმანსით გაღიზიანება არ დამალა სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, რომელმაც ისე დააჯარიმა 5 ათასი ლარით მოქალაქე, თვალით არ უნახავს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მალხაზ ირემაძე ნამდვილად გადადიოდა ზებრა გადასასვლელზე.
საქმეში შსს-მ რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა იმის სამტკიცებლად, რომ აქტივისტებმა ხელოვნურად შექმნეს ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური გადასვლა-გადმოსვლით ბარიერი. ამ ჩანაწერებში არაა კადრი, სადაც ჩანს, რომ ზებრაზე კონკრეტულად მალხაზ ირემაძე გადადის.

მალხაზ ირემაძის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში
„ყველაზე უცნაური ისაა, რომ ის, ვინც უნდა ახორციელებდეს მართლმსაჯულებას, იკვლევდეს მტკიცებულებებს, გარემოებებს, წინაპირობებს, სახეზე გვაქვს თუ არა სამართალდარღვევა, მხოლოდ საკმარისი აღმოჩნდა შსს-ს წარმომადგენლის ჩვენება…
რამდენადაც ღიმილისმომგვრელი არ უნდა იყოს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ თითქოს ზებრაზე გადასვლამ შეაფერხა მოძრაობა, გადაკეტა რუსთაველის, გორგილაძის და ბათუმში შემოსასვლელი გზაც კი – ისეთი საცობი შეიქმნაო,“ – ანა ბერძენიშვილი იმ სასამართლო სხდომის დეტალებს იხსენებს, სადაც ზებრაზე მოძრაობის გამო დააჯარიმეს მოქალაქეები.
„შსს-ს წარმომადგენელმა საქმის მასალები არ იცოდა და ყოველ ორ წუთში რეკავდა სამსახურში, ეკითხებოდა: ამან და ამან მართლა გაიარა ზებრაზე? ვეკითხებოდი, გვაჩვენეთ აბა ჩანაწერში, რომელმა ავტომანქანამ ვერ გაიარა? – პასუხი შსს-ს და საპატრულოს წარმომადგენლებს არ ჰქონდათ.

ანა ბერძენიშვილი
თუ დადგინდებოდა, რომ ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდა, მოსამართლეს უნდა შეეფასებინა პროპორციულობა: რეალურად ჰქონდა ადგილი სხვა პირების უფლებების დარღვევას? რამდენად შესაძლებელია მოქალაქეებს ჰქონდეთ პროტესტი ამ ფორმით ისეთ საჯარო სივრცეში, როგორიც არის, მაგალითად, ქუჩა?
ეს სასამართლო გადაწყვეტილებაში პრაქტიკულად არ შეფასებულა. შეფასება იყო ასეთი, რომ მოქალაქეებმა დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და განზრახ ხელი შეუშალეს ქუჩაში მოძრაობას. იქ შეფასება არ ყოფილა: შეფერხდა, დაირღვა, რამდენწამიანი იყო ეს შეფერხება, საერთოდ გაიარა თუ არ გაიარა? არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს ის, რომ ქუჩა გადაკეტილი იყო და მანქანამ გავლა ვერ შეძლო.
ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაგაჯარიმებ 5000 ლარით, მეორეჯერ ვეღარ გაბედავ პროტესტის გამოხატვას და აქციაზე გამოსვლას,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ალექსანდრე გოგუაძე
ვინ არის მოსამართლე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის – სტატიის ლინკი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
რასთან გვაქვს საქმე, როცა საქმეებით გადატვირთული მოსამართლე დროულად იცლის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისთვის – პროტესტის მონაწილეების დასჯისთვის მტკიცებულებების გარეშე?
„როცა არ არსებობს მტკიცებულება, ვინც ნახავს ადამიანს ზებრაზე, რა შეიძლება ამას ეწოდოს სხვა სახელი, თუ არა ცირკი? პერფორმანსი დადგა კიდეც ბატონმა მალხაზ ირემაძემ და ამ პროცესს სხვა სახელს მართლა ვერაფერს დავარქმევდი – დიახ, ეს იყო ცირკი, სადაც ვმონაწილეობდით: მე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მალხაზ ირემაძე და სასამართლო,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.
- საქმე მეოთხე: „გამოვედი თუ არა ციხიდან, ისევ აქციაზე მივედი დროშით…“
„ბიძინას მმართველობის დროს კარგად იცის თითოეულმა მოსამართლემ, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია… სასამართლო პროცესებზე მხოლოდ მეცინებოდა, მეტი არაფერი,“ – გვიყვება 61 წლის ზურა მენთეშაშვილი. მას გადაკეტილ გზაზე დგომისთვის 2026 წლის 29 მაისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„…ამიტომაც ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად იცის წინასწარ, რაც უნდა გააკეთოს. ამიტომ ზის თავის სავარძელში და თვალებს აცეცებს. აქ არავისთვის არაა ძნელი მისახვედრი: ვინც ბიძინას სჭირდება, ციხეში უნდა ჩაჯდეს.
გლობალურად თუ ამოვქექავთ, მოსკოვიდან მოდის ეს ბრძანება.
ხშირ-ხშირად ტარდებოდა ჩემი სასამართლო პროცესი. ათი პოლიციელი დაიკითხა და ერთიანი აზრი ვერ ჩამოაყალიბეს. ყველა სხვადასხვანაირად პასუხობდა ადვოკატს. ეს პროკურორი კიდევ სულ აჩერებდა… იმათ პასუხებზე სულ მეცინებოდა. რა მექნა, მაგრამ თავს ვიკავებდი, მაინც მოსამართლე არ გავაბრაზო-მეთქი,“ – ამბობს ზურა მენთეშაშვილი „ბათუმელებთან“.

ზურა მენთეშაშვილი
ზურა მენთეშაშვილი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ახალი რეპრესიული კანონით, გზის გადაკეტვის გამო, სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო გალუსტაშვილი
ამ საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ზურაბ ცეცხლაძემ, რომელმაც დაადასტურა, რომ გზის გადაკეტვაზე აქციის ჩატარებამდე ითხოვა თბილისის მერიისგან ნებართვა:
„პროკურორმა გვითხრა, რომ პასუხი წერილობით უნდა მიგეღოთ, ისე როგორ დავრწმუნდეთ, რომ თანხმობა იყოო. ამაზე იყო აგებული მთლად ჩემი დანაშაული.
ზურა მენთეშაშვილის დაკვირვებით, მოსამართლეებს ივანიშვილი აქტიური მოქალაქეების დასაშინებლად იყენებს, მაგრამ ეს არ გამოსდის.
ვერანაირად ვერ გამაჩერებენ. გამოვედი თუ არა ციხიდან, ისევ აქციაზე მივედი დროშით… შეიძლება, ხერხემალი ფიზიკურად გამიტეხონ, მაგრამ გონებრივად ვერ გამტეხენ ვერასდროს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. შეიძლება მთლად იდეალური წევრი არ ვყოფილიყავი საზოგადოების, მაგრამ ჩემი სამშობლო ყოველთვის მიყვარდა.
შეიძლება ბევრმა გითხრათ იგივე, რასაც ახლა მე ვამბობ, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს სამშობლო და ხელებჩამოშვებული უყურებდეს იმას, რაც საქართველოში ხდება?“ – კითხულობს ზურა მენთეშაშვილი.
ზურა მენთეშაშვილს არც იმის სჯერა, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი დააშინეს ხალხი:
„ადრე თავისუფლებიდან ოპერამდე სავსე იყო ხალხი და მეტროში რომ ჩავდიოდი, ზოგჯერ გული მწყდებოდა, ბოლომდე ვერ ვჩერდებოდი, გვიანზე მეტრო არ იქნებოდა. გული მწყდება, რომ დღეს იგივე რაოდენობის ხალხი აღარ გამოდის: რამე ისეთი გაიგეს, რაც მე არ ვიცი?
ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე ნაკლებად მჯერა, რომ მაგათ შეეშინდათ. ძნელი წარმოსადგენია ალბათ ხალხისთვის, რომ ჩემნაირი ადამიანები არსებობენ დღეს: მებრძოლები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ – გათავისუფლდეს საქართველო!“ – გვითხრა ზურა მენთეშაშვილმა.
- საქმე მეხუთე: „როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა“
ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, 2026 წლის 22 ივლისს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მოგეხსენებათ, „ოცნების“ ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად ამჯერად „სქროლვა სრქინვის სააგენტოც“ შექმნა. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დააპატიმრეს შალვა პაპუაშვილის და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო.
ეს ამბავი – ზურაბ მენთეშაშვილი თქმის არ იყოს – მართლაც სასაცილოა, რომ არა გისოსებში 14 დღით გამომწყვდევის ფაქტი: სანაიამ პოსტი დაწერა ფეისბუქში – ლადო ბოჟაძეს და შალვა პაპუაშვილს ყ…ებს ნუ ეძახითო. ამის გამო პოსტის ავტორი დააპატიმრეს.
„სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ წარმომადგენელს პროცესზე უთქვამს: სანაიამ კი მოუწოდა ხალხს არ დაწეროთ შეურაცხმყოფელი სიტყვები, მაგრამ „პოსტების განთავსების მიზანს შეურაცხყოფა წარმოადგენდაო…“.
მოსამართლეს კი, რუსული მოდელის განსამტკიცებლად მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები მიმოუხილავს ისე, რომ ვახო სანაია ამბობს: გისოსებში მომაწოდეს მოსამართლის გადაწყვეტილება, დიდხანს ვკითხულობდი და მეცინებოდა, ვერ გავიგე, რის გამო დამაპატიმრესო.
ციხიდან გამოსულა თუ არა ვახო სანაია, ისევ დაუწერია: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ…ებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ…ებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო“
ვახო სანაია ამბობს, რომ „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“ ჯერ არ გამოჩენილა ახალი ოქმებით.

ვახო სანაია
რა ჩაწერა მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილებაში, როცა ფეისბუქპოსტის გამო ადამიანი ციხეში გაუშვა?
„სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამოხატვის შეფასება ვერ დაეფუძნება მხოლოდ კონკრეტული სიტყვის, ან ცალკეული ფრაზის იზოლირებულ ანალიზს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია თითოეული გამოხატვა შეაფასოს მისი სრული კონტექსტის, გამოყენებული ფორმის, განცხადების მიზნის, ადრესატის, გამოქვეყნების გარემოებებისა და იმ ობიექტური შთაბეჭდილებების გათვალისწინებით, რომელსაც იგი ახდენს საშუალო, გონივრულ მკითხველზე.
კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ შეზღუდვებს…“, – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსამართლეს ასეთი გამოსავალი უნახავს: ვახო სანაიას პოსტი პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში არ იყო დაწერილიო.
„პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში გამოყენებული მკვეთრი, ემოციური, ან ირონიული გამონათქვამები თავისთავად არ წარმოშობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მაშინ, როდესაც ასეთი გამოხატვა, რომლის ძირითადი შინაარსი და ფუნქცია კონკრეტული პირის ღირსების შელახვაა და რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი საინფორმაციო, ან საზოგადოებრივ დისკუსიაში მონაწილეობის ღირებულება, სცდება გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით,“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენელს დაუდასტურებია, რომ ვახო სანაია პოსტში მოუწოდებდა ხალხს არ გამოეყენებინათ შეურაცხმყოფელი სიტყვები პაპუაშვილის და ბოჟაძის მიმართ.
„თუმცა აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენდა ქმედებისგან დისტანცირებას, ვინაიდან პოსტები, თავისი კონტექსტითა და გამოხატვის ფორმის გათვალისწინებით, არის შეურაცხმყოფელი და მათი განთავსების მიზანს სწორედ შეურაცხყოფის მიყენება წარმოადგენს,“ – უთქვამს შსს-ს წარმომადგენელს სასამართლოში.
სხდომას ვახო სანაია არ დასწრებია.
„სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ შალვა პაპუაშვილი ამასობაში ამ სიტყვის პირდაპირ სინონიმი გამხდარა…“ – გვიყვება ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო დაპატიმრების შესახებ.
რა შედეგს აღწევს ივანიშვილი დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში მოსამართლეების დახმარებით? – ვკითხეთ სიტყვის თავისუფლების სარგებლობის გამო დაპატიმრებულ ჟურნალისტს.
„ცხადია, მოსამართლის ფუნქცია არის, უბრალოდ, ბეჭედი დაარტყას იმას, რასაც მიუტანენ ამ ე.წ. საგამოძიებო ორგანოებიდან. სასამართლო არის რეჟიმის დანამატი. მოსამართლეები ჭანჭიკების როლს თამაშობენ. ივანიშვილს ჰყავს იქ ხალხი, ვინც იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიყვანოს.
რომელი მოსამართლის სახელი და გვარი იწერება ფურცელზე – ეგ ივანიშვილს დიდად არ აინტერესებს. კლანმა იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, რადგან ბიძინა ივანიშვილს აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. კლანი არ იღებს გადაწყვეტილებას – ამას იღებს ივანიშვილი,“ – აღნიშნა ვახო სანაიამ „ბათუმელებთან“.
რა ადასტურებს იმას, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე დამოუკიდებელი არ არის? – ჟურნალისტის კითხვის პასუხად მხოლოდ ერთ საქმეს ასახელებს:
„მზიას საქმე არ კმარა ამის დასანახავად? – ამიტომაც, ყველას ესმის ამ ქვეყანაში, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არაა.
გიორგი ახობაძე რისთვის დაიჭირეს? თავის ჩამდებ პოლიციელებს დაუწერა პოსტი. ასეთ აბსურდამდე მიდის საქმე.
მიზანია ის, რომ ჩვენ გაგვაჩუმონ და არა მართლაც ის, რომ ვინმე სიძულვილის ენას ებრძვის.
სიძულვილის ენა, თუკი ვინმეს აინტერესებს, ძალიან ადვილად ნახავს, რაც არის. სიძულვილის ენა უნდა აღვივებდეს შუღლს ამა თუ იმ ნიადაგზე… დღეს თუ რაღაც კონკრეტულ სიტყვაზე გაიარა სიტყვის თავისუფლების ხაზმა – ეს სიმბოლურია ამ რეჟიმის პირობებში, რომ ამ სიტყვაზე გაიარა – ნათელია, რომ აქ სიტყვაში არ არის საქმე.
მაგალითად, 2025 წელს დამაჯარიმეს იმის გამო, რომ წულუკიანზე მეწერა „რუსის მონა“. ეს შემთხვევა აჩვენებს იმას, რომ ნებისმიერი სიტყვა გამოცხადდება სიძულვილის ენად, რომელიც არ მოეწონება ივანიშვილს და ამ პროცესს, ცხადია, არანაირი შეხება არ აქვს სინამდვილეში სიძულვილთან.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამით გააჩუმებს საზოგადოებას. ახლა მას აქვს რეალობა: დიდმა კრიზისებმა ის ძალიან დააზარალა და ელოდება, რომ კიდევ ექნება დიდი კრიზისები, რომელიც შეიძლება ვეღარ გადაიტანოს. ამიტომაც, ახლა ცდილობს, წინააღმდეგობის კერები სადაც არის, ყველაფერი ჩაახშოს, რომ აი, რაღაც ტალღა დიდ პროტესტში არ გადაიზარდოს.
ცდილობს, რომ გააძევოს ქვეყნიდან ვიღაცები, ვინც აქტიურია და არ ეგუებიან, ვიღაც დაიჭიროს და ამით დააშინოს თავისი ჭკუით ვითომ, დააჯარიმოს, გააკოტროს ადამიანები, ფინანსური წნეხის ქვეშ მოაქციოს. ვიღაც ფიზიკური თავდასხმით გააჩუმოს. ვიღაც პროპაგანდით გააჩუმოს, მაგრამ არ გამოსდის ეს,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი ვახო სანაია.
- რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
„როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… იქ არ შევსულვარ იმისთვის, რომ გამოვიდოდი და არაფერი დამეწერა. იქ მოვხვდი იმიტომ, რომ ვწერ და მომავალშიც აუცილებლად დავწერ. რამდენი მომდევნო პატიმრობაც არ უნდა იყოს, ეს არის ჩემთვის სულერთი იმიტომ, რომ მე ჩემი პოზიცია გამოვხატე ძალიან დიდი ხნის წინ აი ამ საკითხზე, როდესაც ჯერ ეს ე.წ. სამმართველო შექმნილიც არ იყო. მაშინ დამაჯარიმეს 4000 ლარით.
სამმართველოს შექმნის შემდეგ ჯერ 6000 ლარით დამაჯარიმეს და შემდეგ დამიჭირეს საერთოდ.
ერთადერთი გამოსავალი არის, არ დაემორჩილო ბოროტებას. მასთან კომპრომისზე არ უნდა წახვიდე. აი, ეს დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა დაამარცხებს მას საბოლოოდ,“ – გვითხრა ვახო სანაიამ.






