განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლის ფორმის ფასი 95 ლარი იქნება

05.08.2026
სკოლის ფორმის ფასი 95 ლარი იქნება

2026 წლის სექტემბრიდან, ახალ სასწავლო წელს, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები.

სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:

  • ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;
  • გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

სკოლის ფორმა უფასო არ იქნება, მის შესაძენად მშობლებს თანხის გაღება დასჭირდებათ. ფასები უკვე ცნობილია – ივლისის ბოლოს „ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სპეციალური ბრძანება გამოსცა ამის შესახებ.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა:
  • მოკლე: 25 ლარი;
  • გრძელი: 25 ლარი.

შესაბამისად, მოსწავლის ერთი ფორმის [კომპლექტის] შესაძენად მშობელს მინიმუმ 95 ლარი დასჭირდება.

ამავე დროს, ბრძანების თანახმად, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით გაყიდვა დაუშვებელია.

თუმცა სკოლის ფორმას მოსწავლეების ნაწილი უფასოდ მიიღებს. კერძოდ, ის მოსწავლეები, რომლებიც:

  1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
  2.  ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  3. განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  4. ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  5. განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  6. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

დღეს, 5 აგვისტოს, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს სკოლის ფორმას არ ჩააცმევს, განსაზღვრული იქნება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს.

სკოლის ფორმები, რომელსაც წელს საქართველოს საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩააცმევენ, პოლიესტერისგან იქნება შეკერილი. 

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.

საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე და დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.

„საგანმანათლებლო რესურსებს“ ფორმების შესაძენად 45 658 840 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მისცა.

ამავე თემაზე: 

თუ მშობელი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, განსაზღვრული იქნება მექანიზმები – მიქანაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008