განათლება,მთავარი,სიახლეები

რას მოუტანს საქართველოს თურქმენეთის განათლების სისტემასთან თანამშრომლობა – ინტერვიუ

21.07.2026
რას მოუტანს საქართველოს თურქმენეთის განათლების სისტემასთან თანამშრომლობა – ინტერვიუ

16 ივლისს საქართველოს განათლების სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრთან შეხვედრები გამართა და მხარეებმა „სამომავლო მიზნები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს“.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ და თურქმენეთმა უნდა ითანამშრომლონ როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებაზე, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებასა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოებაზე.

საქართველო წლებია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას ცდილობს. რით არის გამორჩეული განათლების თურქმენული მოდელი, რომელიც მკაცრი ცენტრალიზაციითა და იდეოლოგიური წნეხით, დასავლური განათლების სისტემის ანტიპოდია? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიის მასწავლებელს, შალვა მინდაძეს ესაუბრა.

  • ბატონო შალვა, ამ ბოლო დროს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად დადის ვიზიტებით შუა აზიის ქვეყნებში. ერთი კვირის წინ სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქმენეთთან აპირებენ მჭიდრო თანამშრომლობას. როგორც ირკვევა, ამ ქვეყნის განათლების სისტემა საბჭოთა და იდეოლოგიზებული ჰიბრიდია, რადიკალურად ცენტრალიზებული. რას მოგვცემს ასეთ სისტემებთან თანამშრომლობა?

აკადემიურ სფეროში თანამშრომლობა რომელიმე ქვეყანასთან, ზოგადად, არ არის პრობლემა, ცხადია, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ძალიან ხშირად, ეს „გამოცდილების გაზიარება“, რომლითაც ფუთავენ ხოლმე ასეთ ურთიერთობებს, ბუნდოვანია საზოგადოებისთვის. არ ვიცით რას ნიშნავს „გამოცდილების გაზიარება“ და კონკრეტულად რომელ გამოცდილებას ვიზიარებთ.

შალვა მინდაძე

თურქმენეთსაც აქვს 12-წლიანი სკოლა, სახელმწიფო, ფაქტობრივად, აფინანსებს გარკვეულ სფეროებში ინფრასტრუქტურას. ამავე დროს, მმართველობის მოდელი ძალიან ცენტრალიზებულია, შეიძლება ითქვას უკიდურესად ცენტრალიზებული და ამ კონტექსტში ძალიან გაუმჭვირვალე.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, ანუ თავიანთი თავი გამოთხარეს ფაქტობრივად, რადგან ამ ქვეყანასაც ნაკლებად გამჭვირვალე რეფორმები აქვს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და პოლიტიკურად კონტროლირებადია.

თავისუფლების თვალსაზრისით ძალიან დიდი პრობლემაა. ის მემორანდუმები, რაც გააფორმა სამინისტრომ თურქმენეთთან, მოიცავს შეთანხმებებს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, არქიტექტურის და მშენებლობის კონტექსტში – საზღვაო აკადემიასთან… ეს ყველაფერი გასაღებულია განათლების მოდელის კონტექსტში, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ განათლების სახელით სხვა შინაარსის შეთანხმებებს აწერენ ხელს?

შესაძლებელია.

Freedom House-ს აქვს ჩატარებული თურქმენეთის აკადემიური თავისუფლების და განათლების პოლიტიკის ინდოქტრინაციის კვლევა, რომელშიც არის გამოკვეთილი თავისუფლების კომპონენტი და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ 4-იდან 0 ქულა აქვს თურქმენეთს მინიჭებული. ანუ ფაქტობრივად, არ არსებობს თავისუფლების კომპონენტი.

ამავე ანგარიშშია მითითებული, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვისას ქრთამის აღების ბევრი შემთხვევაა.

  • რომელი წლის კვლევაა ეს?

2025 წლის კვლევაა.

ასევე, არსებობს BTA-ს დასკვნა, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ თურქმენეთში განათლების სისტემა ძირითადად არის იდეოლოგიზებული. აი, მაგალითად ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში ისტორიის წიგნებზე აკეთებენ და ფაქტობრივად მალავენ სახელმძღვანელოებს. მინისტრის მოადგილის, მახარაშვილის დონეზე რომ ვიცით მხოლოდ სახელმძღვანელოების ზედაპირული შეფასებები, ეს არის.

კვალიფიციური მასწავლებლები და მეცნიერულად გამართული სასწავლო მასალები თურქმენეთში დეფიციტშია და ამასვე ადასტურებს BTA-ს კვლევა. ამიტომ, ამ კონტექსტში, ვფიქრობ, თურქმენეთთან მიმართებით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი სწორედ ეს არის.

ასევე, იუნესკოს აქვს პირდაპირ მითითებული, რომ თურქმენეთში მოსწავლეთა რაღაც ნაწილი აღწევს მინიმალურ კომპეტენციას მათემატიკასა და კითხვაში და სკოლაში ყოფნას ფაქტობრივად აზრი ეკარგება, მაშინ როცა სკოლაში ყოფნა უნდა ნიშნავდეს ხარისხიან განათლებას.

ინტერნეტი თურქმენეთში პედაგოგიური მიზნებისთვის სკოლების დაახლოებით 37%-ისთვის არის ხელმისაწვდომი.

ასევე, წარმოიდგინეთ, შშმ პირთა ინფრასტრუქტურა 0.9%-ზეა ადაპტირებული, რა განათლებაზე ვსაუბრობთ საერთოდ.

  • როგორც ვიცი, არც PISA-ს კვლევებში მონაწილეობს თურქმენეთი და ინტერნეტში რასაც გადავხედეთ წყაროებს, საუბარია იმაზე, რომ სკოლების ინფრასტრუქტურას აშენებენ, თუმცა ტექნოლოგიებზე მოსწავლეებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. როგორც ჩანს, ფასადურია ესეც?

თურქმენეთში არსებობს სისტემა, რომელიც ფორმალურად, საყოველთაო სასკოლო განათლებას უზრუნველყოფს, მაგრამ საბაზოს შემდგომ ქმნის ძალიან ვიწრო, ეგრეთ წოდებულ „ბოთლის ყელს“, რის გამოც ახალგაზრდების უმრავლესობისთვის უმაღლესი განათლება ფაქტობრივად ხელმისაწვდომი აღარ არის.

BTA-ის კვლევები რომ დავასახელე, იმავე კვლევებშივეა მითითებული, რომ მაგალითად, 2024-25 სასწავლო წელს თურქმენეთის უნივერსიტეტებში მხოლოდ 16 000 სტუდენტი ჩაირიცხა, მაგისტრატურაზე კი მხოლოდ 600 და დაახლოებით 90 000 სკოლის კურსდამთავრებულიდან, თითქმის ¾ ვერ აგრძელებს სწავლას უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში.

  • სხვათა შორის, ამ ნაწილში კობახიძის შეხედულებები ემთხვევა თურქმენეთის რეალობას, რადგან 14 000 სტუდენტი უნდა აბარებდეს ქართულ უნივერსიტეტებში ჩვენი კვლევითო – თებერვალში განაცხადა. 

თითქმის ემთხვევა რიცხვები. ფაქტობრივად შესწავლილი აქვთ და წარმოიდგინეთ იუნესკოს მაჩვენებლით, [თუ სწორად მახსოვს], მშპ-ს 4-6%-ია საორიენტაციო მაჩვენებელი, რომელიც განათლების სფეროზე უნდა გამოიყოს და თურქმენეთს აქვს 2.7%, 2023 წლის მონაცემებით.

ერთადერთი, რაც შეიძლება ამ თანამშრომლობიდან მივიღოთ არის ნავთობისა და გაზის ინჟინერია, ენერგეტიკული ტექნოლოგიები და ამის გაზიარება ავტომატურად ნიშნავს თუ არა მისი საგანმანათლებლო მოდელის გაზიარებას, ეს არ ვიცით.

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ან განათლების მართვის მიმართულებით საერთოდ არაფერი გვაქვს.

  • პროფესიული განათლება აქვთ კარგიო მიქანაძემ განაცხადა, იქნებ ამას გულისხმობდა?

უნივერსიტეტებს შეუძლიათ ითანამშრომლონ ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, არქიტექტურაში, კულტურაში, მაგრამ თურქმენეთის განათლების სისტემის მოდელის საქართველოში გადმოტანა რომ მივიჩნიოთ წარმატებად, სრული სიგიჟე იქნება.

პირველი იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, მათი განათლების სისტემა უკიდურესად ცენტრალიზებულია, სახელმწიფო განსაზღვრავს ყველა სტანდარტს თურქმენეთში: შინაარსს, მიღების წესს, ხარისხის კონტროლს და აკადემიური თავისუფლება 0-ზეა შეფასებული, როგორც ვთქვი.

საერთაშორისო ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ ეს ქვეყანა არის ორიენტირებული იდეოლოგიზებულ სწავლებაზე, კორუფციაზე, ქრთამის აღებაზე, უმაღლეს განათლებაზე შეზღუდულ წვდომასა და სწავლის შედეგების სანდო მონაცემების ნაკლებობაზე.

ამიტომ კითხვა არის არა ის, რატომ ვთანამშრომლობთ თურქმენეთთან, არამედ კონკრეტულად რას ვსწავლობთ მისგან.

საზოგადოებამ პირდაპირ უნდა მოითხოვოს ამ ე.წ. მემორანდუმის ტექსტების გასაჯაროება. რა უწერიათ იქ ისეთი, რაზეც ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი?! სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რატომ თურქმენეთი და არა სხვა ქვეყანა.

  • ყირგიზეთთანაც ხომ თანამშრომლობენ, უზბეკეთთან…

ერთიანი სტრუქტურა აქვთ ამ ქვეყნებს. უზბეკეთში პირადად ვარ ნამყოფი, ერთი წლის წინ ვიყავი და შოკი მქონდა. როგორი კონტროლირებულია ჩაცმა-დახურვაც კი, რომ ნახოთ როგორი სტილის ღონისძიებები აქვთ, მაშინვე ხვდებით, რომ ქვეყანა ავტორიტარულია. ამიტომ, იგივე თურქმენეთისგან საქართველომ ერთადერთი რაც შეიძლება ისწავლოს, კონკრეტული ტექნიკური გამოცდილებაა, განათლების მართვას ნამდვილად ვერ ისწავლის. ისწავლის მხოლოდ ტოტალიტარულ სისტემას. რაში ემთხვევა მათი გამოცდილება დემოკრატიული ქვეყნის სისტემას?

თუ რაიმეს პირდაპირ გადმოიღებენ, ეს იქნება ზუსტად იმ ვიწრო „ბოთლის ყელის“ მოდელი, რაზეც ისაუბრა კობახიძემ, რომ ვეღარ უნდა მიიღოს ყველამ უმაღლესი განათლება.

  • კრიტიკული აზროვნების განვითარებას არ ემსახურება თურქმენეთის მოდელი, როგორც ვიცით. აქ როგორ მოვა თანხვედრაში საქართველოსთან თანამშრომლობა?

ამაშია საქმე, რომ თურქმენეთში პირდაპირ აკონტროლებს ხელისუფლება განათლების ადმინისტრირებას, შინაარსს, მსოფლმხედველობას აკონტროლებს. იქ სწავლა გამოიყენება სახელმწიფო იდეოლოგიისა და მმართველობისადმი ლოიალობის გასამყარებლად.

ისტორია ავიღოთ. მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლება პირდაპირ ექვემდებარება ოფიციალურ ნარატივს, იმას, რაც პარტიულია. არ არსებობს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უნივერსიტეტები, თავისუფალი მედია, თუნდაც ძლიერი აკადემიური თვითმმართველობა. არსებობს მასწავლებლების, პროფესორების ძალიან მაღალი თვითცენზურა.

ელემენტარული კვლევები რომ ნახოთ საერთაშორისო ნაწილში, ნული ქულით არის შეფასებული განათლების პოლიტიკური ინდოქტრინაციის დაცულობა, ამაზე მეტი რაღა გინდათ?!

კლასიკური ტოტალიტარიზმია. ვერ ვიტყვი, რომ სტალინური ან ნაცისტური ტიპის, მაგრამ ეს არის ავტორიტარული განათლების მოდელი, რომელიც მკვეთრად გამოხატული ტოტალიტარული ნიშნებით ხასიათდება. შედეგები, რასაკვირველია, იქნება კრიტიკული აზროვნების ნაცვლად მორჩილების სამსახური, ადამიანი უბრალოდ ინფორმაციის გადამოწმებას ვეღარ შეძლებს, ავტორიტარისადმი კრიტიკული კითხვის დასმა ვეღარ მოხდება.

რეალურად, ხარისხი დაეცემა განათლების. ჯერ ხომ ისედაც არ გვქონდა ხარისხიანი განათლება და ახლა უარესად დაეცემა ხარისხი. ფაქტობრივად, აშენებული სკოლები, გამოცემული სახელმძღვანელოები გვექნება, მაგრამ დამოუკიდებელი შეფასების გარეშე და ალბათ უნივერსიტეტებიც დაკარგავენ ყველანაირ კვლევით ფუნქციას.

ნარატივი არის უარყოფილი მთლიანად, ოფიციალური ნარატივი იქნება სახელმწიფოსი და ამ ყველაფერმა შეიძლება კარიერა დააზიანოს ან ფორმალურ საქმიანობად გადაგვიქციოს ყველაფერი, რასაც მხოლოდ მორჩილების მანტია ექნება მორგებული.

საბოლოო ჯამში, ამას პირდაპირი კავშირი აქვს კორუფციასთან და 16 000 პირველკურსელს რომ მიიღებ, მაშინ როცა სკოლას დაამთავრებს 90 000, ეს იქნება ფაქტობრივად საზოგადოებრივი განათლების შეწყვეტა და ქვეყანა დაკარგავს ნიჭიერ ადამიანებს, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას.

ტვინების გადინება ხომ ისედაც დაწყებულია, პროფესიათა დეფიციტი ხომ ისედაც არსებობს, სამეცნიერო ჩამორჩენა ისედაც გვაქვს და საბოლოო ჯამში, უბრალოდ ეკონომიკა ვეღარ გარდაქმნის ცოდნას.

თურქმენეთთან თანამშრომლობა ნიშნავს განათლების იმგვარ მოდელს, რაც ტოტალიტარულ სისტემებს ახასიათებთ – სკოლა პოლიტიზებული გახდება, მასწავლებელთა თვითცენზურა კიდევ უფრო გაიზრდება.

  • როგორც ვიცი, გარეგნულადაც ძალიან იზღუდებიან თურქმენეთში ქალები. ეროვნული სამოსით და თავსაფრით დადიან სკოლაში. კანონის მიხედვით, ქალებს ავტომანქანის ტარება და კიდევ ბევრი სხვა რამ აქვთ შეზღუდული.

ამ ქვეყანას ევროპასთან საერთო არაფერი აქვს. მაშინ როცა, საქართველოს უმაღლესი განათლების საერთაშორისო აღიარება ეფუძნება ევროპულ ავტონომიას, ხარისხს და დამოუკიდებელ შეფასებებს და ეს გაქრება, თუ ამ ღირებულებებს დავკარგავთ.

თურქმენეთის განათლების სისტემა კი აქრობს აზროვნებას, ინოვაციას, თავისუფალ საზოგადოებას. ამზადებს მორჩილ ახალგაზრდობას და არა თავისუფალ მოქალაქეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: