რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ალიშერ ბეისენბაევის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ალიშერ ბეისენბაევი ყაზახეთის მოქალაქეა.
ექსტრადიციის ამ საქმეში დადგენილია, რომ ყაზახურმა მხარემ მიმართა საქართველოს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებაა.
ალიშერ ბეისენბაევს ყაზახეთი თაღლითობის ჩადენას ედავება და ამის გამო ეძებდა. საინტერესო ისაა, რომ ამავე საქმეზე, 2021 წელს, თბილისში ყაზახეთის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს – მაშინ პროკურატურამ სასამართლოში ექსტრადიციის პროცედურის გაუქმება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ ყაზახეთის შსს-მ სამართლებრივი დახმარება სთხოვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას.
შეიცვალა პროკურატურის დამოკიდებულება ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით? რატომ აუარა გვერდი ამჯერად კანონს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, კონკრეტულად კი, 29-ე მუხლის მეოთხე პრიმა ერთი პუნქტის ჩანაწერს: „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს.“
პირს, რომლის ექსტრადიციასაც აპირებენ, საგამოძიებო ორგანოებს საქართველოში მიაწოდა ინფორმაცია, როგორ აღუკვეთეს თავისუფლება აფხაზეთში, მუქარით გამოსძალეს დიდი ოდენობით თანხა, ხოლო შემდეგ ენგურის გავლით გადმოიპარა ზუგდიდში. აფხაზეთში მომხდარ დანაშაულებზე, სადაც მსხვერპლი სავარაუდოდ ყაზახეთის მოქალაქეები არიან, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წელს დაიწყო, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა. ყაზახეთიდან გამოქცეულ ალიშერ ბეისენბაევს საქართველოში თავშესაფრის სტატუსზეც უარი უთხრეს.
თუ სასამართლო ალიშერ ბაისენბაევის ექსტრადიციის საკითხს დასაშვებად მიიჩნევს, საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მოაწერს ხელს და დაკავებულს ყაზახეთს გადასცემენ.
- რა ჩანს საქმის მასალებით – ვის ექსტრადიციას ითხოვენ?
ალიშერ ბაისენბაევი ყაზახეთის მოქალაქეა. იგი 2026 წლის 10 მარტს დააკავეს თბილისში. ყაზახეთში თაღლითობის მუხლით ალიშერ ბაისენბაევის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წელს დაიწყო.
ყაზახური მხარე იუწყება, რომ ალიშერმა დანაშაული 2019-2020 წლებში ჩაიდინა: თაღლითურად მიიღო ნებართვა სარკინიგზო გადაზიდვების მომსახურებაზე და ისე მოიპოვა 1 220 770 აშშ დოლარიო.
2026 წლის 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორ კონსტანტინე ცაცუას შუამდგომლობა და თბილისში დაკავებულ ალიშერ ბეისენბაევს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით შეუფარდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, საექტრადიციო პატიმრობის ვადა გახანგრძლივდა. ამჯერად საქართველომ ექსტრადიციაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რისთვისაც საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადიციის დასაშვებობაზე.
ყაზახეთში დაწყებული თაღლითობის ამ კონკრეტულ საქმეზე ყაზახეთის მთავრობა წითელი ცირკულარით ეძებდა კიდევ ერთ პირს – ბ. ტ.-ს, რომელიც ალიშერ ბაისენბაევის მეგობარი და ყოფილი ბიზნესპარტნიორია. ამ პირების მიერ საქართველოს შსს-თვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ყაზახეთი, რადგან ბ.-ს ბიზნესწილების დათმობას აიძულებდნენ და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, ყაზახეთიდან გამოქცეულებს უთქვამთ, რომ თავდაპირველად მოსკოვში წავიდნენ, მაგრამ იქ თავს დაცულად ვერ გრძნობდნენ, ამ დროს აფხაზეთში მცხოვრებმა „მეგობარმა“ შემოგვთავაზა უსაფრთხო ადგილი: აქ არაფერი გემუქრებათო. აფხაზეთში მომხდარ ამბავზე ქვევით უფრო ვრცლად მოგიყვებით, მანამდე კი, ბ.ტ.-ს შესახებ გეტყვით: მას თავდაპირველად 2021 წელს შეუფარდეს საექსტრადიციო პატიმრობა, თუმცა მალევე პროკურატურამ თავად მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს და ტ.-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა გაუქმება მოითხოვა. მაშინ პროკურატურამ დადასტურებულად მიიჩნია ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ყაზახური მხარე ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან თანამშრომლობდა.
პროკურატურამ 2021 წელს სასამართლოსთვის მომზადებულ შუამდგომლობაში ეს ჩაწერა:
„ექსტრადიციის განხილვის პროცესში ბ. ტ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი, საიდანაც დგინდება, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბ. ტ. ყაზახეთის რესპუბლიკაში მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და მოთხოვნილია მისი ექსტრადიცია, საქმის მწარმოებელმა ორგანომ – ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტზე პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას და მოითხოვა ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი და ამავდროულად, აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ორი პირის დაკითხვა და ინფორმაციის ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისთვის მიწოდება.
…ზემოაღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ საექსტრადიციო პროცედურის ეტაპზე მიზანშეწონილია... ტ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, – ეწერა პროკურატურის შუამდგომლობაში.
საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ბ.ტ.-სსაქართველომ თავშესაფრის სტატუსზე საბოლოოდ უარი უთხრა. ადვოკატი შოთა ხორავა ამბობს, რომ 2025 წელს ბ.ტ. მოტყუებით ჩაიყვანეს ყაზახეთში და შემდეგ დააპატიმრეს.
ალიშერ ბაისენბაევი კი, რომელსაც ასევე საქართველომ უარი უთხრა თავშესაფრის სტატუსზე, დღე-დღეზე ელოდება ყაზახეთში ექსტრადირებას.
„აღნიშნულ საქმეში გამოვლენილია ალიშერ ბეისენბაევის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოება,“ – წერს ადვოკატი შოთა ხორავა პროკურატურას და განცხადებას თან ურთავს აფხაზეთის „ხელისუფლებისთვის“ გამოგზავნილ წერილს – სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით: „კერძოდ, ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ან ძირითად ინტერესებს, რადგანაც იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რის საფუძველზეც ყაზახეთის რესპუბლიკა ითხოვს ალიშერ ბეისენბაევის გადაცემას, ყაზახურმა მხარემ მიმართა საქართველოს დროებით ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით.
2021 წლის 9 მაისს ამავე საქმეში ძებნილი მეორე პირის მიმართ პროკურატურამ გააუქმა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება,“ – წერს ადვოკატი შოთა ხორავა, რომელიც ალიშერ ბეისენბაევის ინტერესებს სასამართლოში იცავს.
„აფხაზეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს“ – ზედა მარჯვენა კუთხეში ამ წარწერით გაუგზავნია ოფიციალური წერილი ყაზახეთის შს სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის წერილი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის.
„ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტი გამოხატავს ღრმა პატივისცემას აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპის საფუძველზე მოგმართავთ დავალებით – სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ.
აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების შესრულება აუცილებელია გამოძიების ყოველმხრივობის, სისრულისა და ობიექტურობის უზრუნველყოფისათვის,“ – აღნიშნულია ყაზახეთიდან აფხაზეთში გაგზავნილ წერილში.
რას ნიშნავს, როცა პროკურატურა გვერდს უვლის აფხაზეთის ოკუპაციის თემას და კანონს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“? – პროკურატურაში „ბათუმელების“ კითხვებს ამ საკითხზე არ უპასუხეს.
- რას ჰყვება თავად ალიშერ ბეისენბაევი?
ალიშერ ბეისენბაევის თქმით, ის წლების განმავლობაში ყაზახეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის შვილობილ კომპანიაში „TOO KTZE – Khorgos Gateway“ მუშაობდა, 2019 წლიდან კი, მეგობრის ბ.ტ.-ს მშობლების კუთვნილ კომპანიაში გადავიდა, რომელსაც ჰქონდა სარკინიგზო ლოჯისტიკის მომსახურება.
ალიშერის მონათხრობის მიხედვით, ბ.-ს ყაზახეთში „გავლენიანმა პირებმა“ კომპანიის წილების დათმობა მოსთხოვეს, ასევე კონკრეტული პირების წინააღმდეგ საგამოძიებო ორგანოში პოზიციის დაფიქსირება. ყაზახეთიდან გამოქცეული პირი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ყაზახეთი დატოვა ბ.ტ-მ მოულოდნელად მასაც, როგორც ბ.-ს მეგობარს, მოუწია სამშობლოს დატოვება: ფიზიკური თავდასხმის საფრთხე ვიგრძენიო.
„…მოსკოვში ყოფნისას თითქმის ყოველ დღე ვესაუბრებოდი ბ.-ს, რომელიც მიყვებოდა, რომ სოხუმში იყო უსაფრთხოდ. მეუბნებოდა, რომ სურვილის შემთხვევაში, მეც შემეძლო სოხუმში ჩასვლა და იქიდან საქართველოს უსაფრთხო ტერიტორიაზე ერთად გადავიდოდით კანონიერი გზებით.
რადგანაც რუსეთსა და ყაზახეთს შორის არის თავისუფალი მიმოსვლა და ერთნაირი კორუმპირებული სისტემაა, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ყოველ ნაბიჯზე ილახება, მე მქონდა რეალური საფრთხე, რომ ის პირები, ვინც ყაზახეთში ჩემს წინააღმდეგ იოლად მოქმედებდნენ, იოლად მომწვდებოდნენ მოსკოვში.
შესაბამისად, 2020 წლის 27 თებერვალს მოსკოვიდან თვითმფრინავით გავემგზავრე ადლერში, ხოლო იქიდან ტაქსით ჩავედი სოხუმში. ე.წ. „რუსეთ-საქართველოს საზღვარზე“. რუსეთიდან გასვლისას მხოლოდ პასპორტი შემიმოწმეს [გასვლის შტამპის გარეშე], ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესვლისას არანაირი პასპორტის შემოწმება არ მომხდარა…
ჩავედი სოხუმში, სადაც ტაქსიმა მიმიყვანა გამარჯვების პროსპექტის და აგუმავას ქუჩის კვეთაში არსებულ კორპუსში, იქ დამხვდა ფელიქს შანავა და ბ.ტ. პირველ დღეებში მე ვრჩებოდი ბ.-ს ნაქირავებ ბინაში, რამდენიმე დღეში ფელიქს შანავას და ოლეგ კოკაიას დახმარებით ვიქირავე ბინა ლაკობას და მარას ქუჩების კვეთაში, რის შემდეგაც 2020 წლის 8 მარტს ღამით სოხუმში ჩამოვიდა ჩემი მეუღლე – აიგულ ბეისენბაევა და ჩვენი ორი წლის ქალიშვილი“, – ეს ინფორმაცია თავად ალიშერ ბეისენბაევამ მიაწოდა პოლიციას საქართველოში. ყაზახეთიდან გამოქცეულმა პირებმა 2021 წელს უთხრეს შსს-ს საქართველოში, რომ ისინი რეალურად დევნილი არიან, აფხაზეთში კი, ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
- რა მოხდა სოხუმში?
„სოხუმში ჩასვლიდან მეორე დღეს, კაფე „ლეონში“ წავედით სასადილოდ,“ – ჰყვება ალიშერ ბეისენბაევა და აღწერს, მოსკოვში ყოფნის დროს მეც მესაუბრა ფელიქს შანავა – მამაჩემის დიდი ხნის ნაცნობია, ყაზახეთის მოქალაქეა და მის ძმებს ჯართის ბიზნესი აქვთ ყაზახეთშიო. ალიშერ ბაისენბაევა თავის ჩვენებაში ამბობს: ფელიქს შანავამ დამარწმუნა, რომ აფხაზეთში ჩასვლა კარგი იდეა იყოო.
კაფე „ლეონში“ სასადილოდ ალიშერი ცოლთან, შვილთან და მეგობართან – ბ-თან ერთად მისულა. ცოტა ხანში ბ-ს ფელიქს შანავა ურეკავს და გარეთ გასვლას სთხოვს. კაფეს ტოვებს ალიშერიც: დავინახე კაფესთან იდგა თეთრი ტოიოტა CROWN-იო.
„მე ჩავჯექი ავტომანქანის უკანა სავარძელზე – ბ-ს გვერდით. ჩაჯდომისთანავე ოლეგ კოკაიამ დაძრა ავტომანქანა და ფელიქსმა გვკითხა: რა მოხდა ყაზახეთში, რატომ შევუქმენით ფელიქსს პრობლემები? ჩვენ ვსაუბრობდით რუსულ ენაზე. ვიკითხეთ, რა პრობლემები შევუქმენით? მაგრამ ამაზე პასუხი არ გაგვცეს და უხეში ტონით გვკითხეს, მოგვეყოლა, რა მოხდა,“ – ამბობს ალიშერ ბეისენბაევი. მისი თქმით, ფელიქს შანავამ და ოლეგ კოკაიმ მას და მის მეგობარს 80 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა.
„…ვუთხარით, რომ არანაირი თანხა გადასახდელი არ გვქონდა. ამ დროს ფელიქსი მიახლოვდა ბ-ს და სახეში დაარტყა მუშტი, ქამრიდან ამოიღო პისტოლეტი და მიადო შუბლზე, ოლეგმაც ამოიღო პისტოლეტი და მე დამიმიზნა, ფელიქსმა გვითხრა, რომ გადავიხდიდით ამ თანხას, თუ არადა მოგვკლავდნენ. ჩვენ შეშინებულები დავეთანხმეთ. მათ მოგვცეს 10 დღე, რათა თანხა სრულად დაგვეფარა, ხოლო მეორე დღის საღამომდე მიგვეტანა თანხის ნაწილი – 10 ათასი აშშ დოლარი,“ – ჰყვება ალიშერ ბეისენბაევი.
შეთანხმების მიხედვით, ყაზახები სოხუმში ისევ ნაქირავებ ბინაში დარჩნენ.
„გვითხრეს, რომ არსად გავქცეულიყავით და არავისთვის მიგვემართა, რადგან აფხაზეთის მასშტაბით საზღვრებს და სამართალდამცველებსაც აკონტროლებდნენ. ასევე გვითხრეს, რომ თუ ვინმე უცხო გვკითხავდა სოხუმში რას ვაკეთებდით, უნდა გვეპასუხა, რომ ჩვენ ვიყავით „პუზიკის“ სტუმრები, ხოლო გარი კოკაიას, ოლეგის ძმას ჰქონდა დიდი გავლენა აფხაზეთის ტერიტორიაზე…,“ – ესეც უთხრა გამოძიებას ალიშერ ბეისენბაევმა.
გარი კოკაია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის აქტიური წევრია. იგი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატია.
ოჯახისა და ნათესავების დახმარებით ყაზახებს 2019 წლის 18 მარტს ფელიქს შანავასა და ოლეგ კოკაიასთვის 80 ათასი აშშ დოლარი მიუციათ, თუმცა მათ პასპორტები მაინც არ დაუბრუნეს. როცა ალიშერი პასპორტის დაბრუნებას ელოდა, ფელიქსს იმ დღეს ისევ ავტომანქანით მიუკითხავს:
„ფელიქსმა და ოლეგიმ ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს სოხუმის მაიმუნების სანაშენეს მიმართულებით. გზაში ორივემ დამიწყო უხეშად და მუქარის ტონით საუბარი… დამიწყეს ყვირილი და მეუბნებოდნენ, თქვენი ოჯახის წევრებს ფული ჰქონიათ და რატომ წუწუნებდით, თავს გვაცოდებდითო. მემუქრებოდნენ მოკვლით და გაუპატიურებით…
მითხრეს, რომ 300 ათასი დოლარი უნდა გადაგვეხადა… მანქანა მიიყვანეს ტყის პირას, ისეთ ადგილას, სადაც ჩვენს გარდა არავინ ჩანდა, ისინი აგრძელებდნენ ჩემს დაშინებას იარაღის დემონსტრირებით. მითხრეს, მოგკლავთ ან სოფელში, ფერმაში გვამუშავებდნენ მთელი ცხოვრება,“ – ამბობს ალიშერ ბეისენბაევი. მისივე თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ მისი მეგობრის – ბ-ის მამამ ავტომანქანაც გაყიდა და შვილს კიდევ 10 ათასი აშშ დოლარი გამოუგზავნა.
ამ ტრანსფერის შემდეგ მოთხოვნა 300 ათასიდან 70 ათას დოლარამდე შემცირებულა.
„2020 წლის აგვისტოში ნათესავებთან საუბრისას გავიგეთ, რომ ძმები შანავები და ოლეგ კოკაია ფიგურირებდნენ იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც წარმოებს ჩვენს წინააღმდეგ ყაზახეთის რესპუბლიკაში. მათთან ერთად ასევე ფიგურირებს ჩვენთვის უცნობი პიროვნება – ასლან ბლაბბა, კერძოდ ის კომპანია, რომლის სახელითაც ერთ-ერთი ჩინური კომპანიისგან თანხების დაუფლება მოხდა ყაზახეთიდან ტვირთის გადაზიდვის სანაცვლოდ, შანავების დახმარებით დაფუძნებული ჰქონდა ასლან ბლაბბას…,“ – აღნიშნავს ალიშერ ბეისენბაევი.
ასლან ბლაბბა სააგენტო „ჯემნიუსის“ ინფორმაციით, არის პირი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2024 წლის მარტში დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა 2019 წელს სოხუმში, რესტორან „სან რემოსთან“ მომხდარი გახმაურებული სამმაგი მკვლელობა და ორი პირის მკვლელობის მცდელობა.
ამასობაში, უპასპორტოდ დარჩენილ ყაზახ მეგობრებს უპოვიათ ინტერნეტგვერდი, სადაც რუსულ პასპორტების დამზადება შესთავაზეს. ალიშერის თქმით, ფოტოები იყო საჭირო, ამიტომაც, სოხუმში, ერთ-ერთ ფოტოატელიეში გადავიღეთ მე და ბ-მ სურათებიო. მეორე დღეს ოლეგ კოკაიას დაურეკავს: „პასპორტის სურათები რატომ გადაიღეთ?“
ალიშერის მონათხრობის მიხედვით, მას პასპორტის ფოტოების გადაღების შემდეგ ოლეგ კოკაია ოჩამჩირის ერთ-ერთ სოფელში უპირებდა სახლში გამოკეტვას, თუმცა მერე ეს გადაიფიქრა, 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში კი, ბ. სოხუმელ ტაქსისტს გარიგებია: ზუგდიდში უნდა გადაგვაპაროო.
„მდინარე ენგურის გადმოღმა დაგვხვდა ისევ ტაქსი. ზუგდიდში მთელი ღამე გავატარეთ ერთ ოჯახში. მასპინძლის სახელი არ მახსოვს. მეორე დღეს იმავე ტაქსით ჩამოვედით ბათუმში,“ – ამბობს ალიშერ ბეისენბაევი.
- როდის დაიწყო გამოძიება და რა დადგინდა?
რაც შეეხება საქართველოში დაწყებულ და წლების განმავლობაში დაუმთავრებელ გამოძიებას – გამოძიება ამ საქმეზე თავდაპირველად 2020 წელს დაიწყო ბათუმის პოლიციის პირველმა განყოფილებამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესაძლო ფაქტზე.
2021 წელს, როცა უკვე ალიშერ ბეისენბაევმა და ბ.ტ.-მ თავშესაფრის სტატუსი მოითხოვს, გამოძიება აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე [სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი]. აფხაზეთის პოლიციას ცალკე საქმედ გამოუყვია სოხუმში მომხდარი სავარაუდო თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის საქმე.
ალიშერ ბეისენბაევის სახელზე 2021 წელსვე გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „თავშესაფრის მაძიებელი“.
„საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის,“ – დეტალების გაცნობაზე ადვოკატს, შოთა ხორავას უარი უთხრა აფხაზეთის პოლიციის გამომძიებელმა, ანრი ბეჟაშვილმა 2026 წლის 9 თებერვლის გამოგზავნილ წერილში.
რაც შეეხება ბათუმში დაწყებულ გამოძიებას:
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე: ალიშერ ბეისენბაევი და ბ.ტ. სარგებლობენ მოწმის სტატუსით. ვინაიდან თქვენ არ ხართ მხარე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დეტალურ ინფორმაციას საქმის მსვლელობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვერ მოგაწვდით,“ – აღნიშნულია ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის, არჩილ სხვიტარიძის მიერ 2026 წელს მომზადებულ წერილში.
რა ეტაპზე 2021 წელს დაწყებული ამ კონკრეტული საქმეების გამოძიება? – „ბათუმელებს“ შსს-ში ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.






