მთავარი,სიახლეები

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

09.07.2026
„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

დღევანდელ პროცესზე იმ გამომძიებელმა მისცა სასამართლოს ჩვენება, რომელსაც გასული წლის დეკემბერში მიუღია ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია მორიგ „ქურდულ გარჩევაზე“.

ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეზე დღეს, 9 ივლისს, მორიგი არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ამ პროცესის განხილვის დროს ყოველთვის ტევა არაა სასამართლოს შესასვლელში – პროცესზე დასწრების მსურველი ბევრია, მანდატური კი, ხმამაღლა პერიოდულად იმეორებს, თითოეული ბრალდებულის მხოლოდ 3 ახლობელი შემიძლია დარბაზში შევუშვაო.

ბრალდებული დღევანდელ პროცესზე 16 პირია.

დღევანდელ სხდომაზე არცერთ მხარეს არ უხსენებია საპროცესო შეთანხმება, რაზეც საუბარი წინა სხდომაზე დაიწყო. დარბაზში ბრალდებულების ახლობლებმა გვითხრეს: ვერ შეჯერდნენ, ვიღაც წავიდეს საპროცესოზე და ვიღაც – არა, ასე არ გამოვაო.

ამიტომაც, მოწმეების დაკითხვის ეტაპი დაიწყო. ვიდრე გამომძიებელი შემოვიდოდა სხდომათა დარბაზში, პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს „ჩიპები“ მიაწოდა: ფარული საგამოძიებო მოქმედებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ის ჩანაწერებია, რაზეც ექსპერტიზა ტარდებაო.

ადვოკატებმა ამ ფორმით საქმისთვის აუდიო ფაილების დართვა გააპროტესტეს:

„ვინც ეს ჩანაწერები დისკზე გადაიტანა, უნდა მოხდეს მისი დაკითხვაც. ეს მტკიცებულება საქმეს არ უნდა დაერთოს“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ და სხვა, იდენტურ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტებაც გააჟღერა, რომ უნდა დაიკითხოს ის პირიც, ვინც მტკიცებულება მოიპოვა.

„არ დგინდება საიდან სად გადაიტანეს… ეს კითხვებს გააჩენს“, – თქვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა და მანდატურს თვალით ანიშნა, “ჩიპები” პროკურორს მიუბრუნეო.

„რას მედავებით, რა საქციელს?“ – ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რამაზ კ.-მ მიმართა პროკურორს და გისოსებით გამოყოფილი ადგილიდან ცალი ხელიც გამოყო.

„ბრალში წერია ეს ყველაფერი“, – ბრალდებულის დამშვიდება სცადა მოსამართლემ.

„მეც ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ, მეც ხომ მაქვს უფლებები“, – აყვირდა ბრალდებული. მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან და განსაკუთრებით მძიმე სასჯელი ელის ბრალის დადასტურების შემთხვევაში.

მოსამართლემ ბრალდებულს შენიშვნა მისცა და დასძინა, თუ ისევ შემიშლით ხელს, გაგაძევებთო.

„ცხადზე ცხადია, აქ რაც ხდება“ – ხელი ჩაიქნია იგივე ბრალდებულმა და სკამზე ჩამოჯდა. მოსამართლემ რეპლიკა აღარ შეიმჩნია. დარბაზმა ამოიგმინა.

გამომძიებელმა გიორგი ცეცხლაძემ კი, ჩვენების მიცემის დროს რამდენიმე „ქურდული გარჩევა“ აღწერა, რაზეც მისივე თქმით, მას ინფორმაცია მიაწოდეს.

გამომძიებლის თქმით, ბრალდებულები ე.წ. კანონიერი ქურდების – ასლან ქობულაძის და „ენცოს“ დავალებით აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს, კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ბიზნესმენებს, დაშინების გზით სძალავდნენ თანხას და მოქმედებდნენ „ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად“.

გამომძიებლის თქმით, ერთ-ერთი ავარიის შედეგად დაზარალებულს უთხრეს, რომ ავტომანქანას გაურემონტებდნენ, შემდეგ კი, კაცს, ვისი ბრალეულობაც იყო ეს ავარია ახალი ავტომანქანა მოსთხოვეს. ამ კაცს ე.წ. ქურდებისთვის მიუმართავს.

აქ გამომძიებელმა იმ ორი ბრალდებულის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან.

გამომძიებლის ვერსიით, ე.წ. ქურდული შეკრება ხელვაჩაურში გამართულა: ავტომანქანის შერემონტება, თუ ახალი ავტომობილი?

„ამ დროს სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე“ – დასძინა გამომძიებელმა.

„ვინ მიმართა რამაზს, რა ფორმით?“ – ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ მიმართა ისევ ავარიის შემთხვევაზე გამომძიებელს.

გამომძიებელმა თქვა, რომ არ იცის, რა ფორმით მიმართეს ბრალდებულს.

„პირველად ოპერატიული ინფორმაცია მიიღეთ, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები“, – იკითხა ისევ ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

„პირველად ოპერატიული ინფორმაცია“, – მოკლედ უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

მერე სხვა შემთხვევების შესახებ მოჰყვა გამომძიებელი, მათ შორის, იმ გარჩევაზე, სადაც ქალი ბრალდებული მელანია ზ. მონაწილეობს. „ქურდულ სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებული ქალი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. ის უძრავი ქონების აგენტი ყოფილა და ერთ-ერთ საქმეზე თავისი წილი ვერ მიუღია. გამოძიების ვერსიით, თანხის აღების მიზნით ქალს „ქურდული სამყაროსთვის“ მიუმართავს.

„ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ და პატაკი დაწერეთ, არ გეკითხებით ვინ არის, მაგრამ მე თვითონ შევესწარი რომელიმე განხილვას, ჩემი ყურით მოვისმინეო?“ – მოწმეს მიმართა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

„შევესწარი არა, სხვებისგან ვიციო“ – თქვა გამომძიებელმა.

„ვინ არის ეს სხვა?“ – გამომძიებელს აღარ მოეშვა ადვოკატი.

„არ მიკითხავს ეგ“ – თქვა მოწმე გამომძიებელმა.

„იქნებ მარშუტკაში ჭორაობდნენ ქალები“ – იკითხა ისევ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

მოწმემ განმარტა, რომ ე.წ. გარჩევის შემსწრე კონკრეტული პირისგან ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ მან მოწოდებული ინფორმაცია კონკრეტული პირების წინააღმდეგ „ბაზებში გადაამოწმა“.

ამ საქმეში ფარული სატელეფონო მოსმენების მთავარი მტკიცებულება. ეს მტკიცებულება ჯერ არ გამოუკვლევიათ.

საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: